„ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ცრუ მოლოდინი, რომ ბარიერს არ დაწევს და ამით გადაუნაწილებელ ხმებს თვითონ მიითვისებს - თუ შეცვლიან ბარიერს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ არ შეცვლიან ყველა შემთხვევაში შევცვლით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება” შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას.
ამასთან, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ „შეწყვიტონ საბოტაჟი და დაიწყონ მაგალითად, „ლელოს“ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა პარლამენტში“.
„როგორც კი გაიცა ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნების ჩამონათვალი -12 მოთხოვნის, ამ დღიდან „ლელო“ არის ძალიან აქტიურად ჩართული მოთხოვნების შესრულებაში. ჩვენ დაინიცირებული გვაქვს პარლამენტში არაერთი კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებასთან. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“ ახლა მაინც შეწყვიტოს საბოტაჟი და დაიწყონ მაგალითად „ლელოს“ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა პარლამენტში, ეს იქნება ნაბიჯი ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების მიმართულებით.
„ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ცრუ მოლოდინი, რომ ბარიერს არ დაწევს და ამით გადაუნაწილებელ ხმებს თვითონ მიითვისებს. საზოგადოებას რომ ესმოდეს, „ქართული ოცნება“ ერთადერთი მიზეზით ამბობს უარს ბარიერის დაწევაზე, რომ მოიპაროს მორიგ ჯერზე თქვენი ხმები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერი დარჩება 5%-ზე, თუ დაიწევა ან გაიზრდება, საზოგადოებას უკვე იმდენად სჭირდება რუსული ხელისუფლების თავიდან მოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან, რომ „ქართული ოცნება” შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ამიტომ, თუ შეცვლიან ბარიერს ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ არ შეცვლიან ყველა შემთხვევაში შევცვლით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას”, - განაცხადა სამადაშვილმა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დეოლიგარქიზაცია საქართველოში განხორციელდება, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება პროევროპული, დემოკრატიული კოალიციით.
„ჩვენ გვითხრეს ძალიან გასაგებად, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ მოთხოვნა უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ქვეყანაში შეწყდეს ოლიგარქიული ზეგავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ერთადერთი ოლიგარქიული ზეგავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე რომ აქვს ბიძინა ივანიშვილს, ეს უკვე არის დადასტურებული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს", - აღნიშნა სამადაშვილმა.