ზვიად ძიძიგური - რეგულაციებით, დეოლიგარქიზაციის კანონებით სიტუაციას ვერ შევცვლით - პატარა პარტიების განცხადებებს ხელისუფლება ძეხვის მომლოდინე კატის გამომეტყველებით უყურებს იმიტომ, რომ ეს „ძეხვი“ მალე მისი ნადავლი გახდება

რეგულაციებით, დეოლიგარქიზაციის კანონებით და ა.შ. ქვეყანაში სიტუაციას ჩვენ ვერ შევცვლით, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ გონიერი ადამიანია საიმისოდ, რომ რომელიმე რეგულაცია მას ცუდად არ შეეხოს. ამას ის ახერხებს ამდენი წელია და მომავალშიც მოახერხებს - არჩევნების გარდა სიტუაციას ქვეყანაში ვერაფერი შეცვლის, სიტუაცია უნდა შეცვალოს ხალხმა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წელი მთლიანად იქნება მონიტორინგის წელი, რათა „არ მოხდეს არჩევნების ისე ჩატარება, როგორც 2020 წლის არჩევნები ჩატარდა“.

როგორც მან აღნიშნა, დღეს მოსახლეობაში განწყობა არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის სასარგებლოდ არ არის.

„ოლიგარქი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აქვს დიდი ქონება და ამ ქონებიდან გამომდინარე დიდი გავლენები ხელისუფლებაზე და მას შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან წავიდა, და როგორ წავიდა? - როცა ის პირველად მართლა გადადგა 2013 წლის არჩევნებზე, მისი გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრად დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილი, მერე კი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნა, ის უკვე ამ დროს გადამდგარი და პოლიტიკიდან წასული იყო, მერე ბახტაძე დაინიშნა ისევ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, როცა ახლა კვლავ ღარიბაშვილი დაინიშნა, ისევ გადაწყვეტილება პოლიტიკიდან უკვე მეორედ წასული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ეს ადამიანი იღებს. ასევე, სასამართლო ანგარიშვალდებულია მის წინაშე, პარლამენტის წევრები ანგარიშვალდებული არიან არა მათი ამომრჩევლის წინაშე, არამედ ერთი კაცის წინაშე. მთავრობის წევრები ყველანი ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლები არიან. და ვერ გავიგე პოლიტიკიდან წასვლა რა არის? ან ოლიგარქია რა არის? როცა ხელისუფლება მიიღებს რაღაც რეგულაციას, ოლიგარქი ახლა გამოვა კეზერაშვილი, ხაზარაძე, ნაყოფია და ყველა.

ამ რეგულაციებით, დეოლიგარქიზაციის კანონებით და ა.შ. ქვეყანაში სიტუაციას ჩვენ ვერ შევცვლით იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ გონიერი ადამიანია საიმისოდ, რომ რომელიმე რეგულაცია მას ცუდად არ შეეხოს. ამას ის ახერხებს ამდენი წელია და მომავალშიც მოახერხებს. არჩევნების გარდა სიტუაციას ქვეყანაში ვერაფერი შეცვლის, სიტუაცია უნდა შეცვალოს ხალხმა და ვერ შეცვლის კანონები, რომელსაც იღებს ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ისეთ უმრავლესობაშია, რომ წინააღმდეგობის გამწევი არავინ ჰყავს. შვებით ამოვისუნთქე, როდესაც კარგი რეკომენდაცია დადო ევროკომისიამ, საიმისოდ, რომ ჩვენ დეკემბერში მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებოდით ძალიან მძიმე ვითარებაში და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში საარჩევნო პროცესის არანაირი ტიპის მონიტორინგი არ იქნებოდა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელი მთლიანად იქნება მონიტორინგის წელი ქვეყანაში, რომ არ მოხდეს არჩევნების ისე ჩატარება, როგორც 2020 წლის არჩევნები ჩატარდა. ძალიან უსინდისოდ ჩატარებული არჩევნები იყო, ძირითადად სუს-ი და შსს ატარებდა ამ არჩევნებს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ამასთან, მისივე შეფასებით, დღეს მოსახლეობაში განწყობა არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის სასარგებლოდ არ არის.

„პირიქით, გეტყვით, რომ ოპოზიცია ვერანაირი ტიპის მუხტს ვერ აღძრავს მოსახლეობაში, რომ მისკენ მიზიდულობის ცენტრი გაზარდოს, ან როგორ აღძრავს? იმიტომ, რომ არცერთი ტიპის რაღაც კამპანია, პროგრამა, მსვლელობა, მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვა, საუბარი, შეწუხება, რაღაც გამოსავლის ძიება, მე არ მინახავს.

საარჩევნო კანონმდებლობაში ერთი ვირეშმაკობაა ჩადებული, ვირეშმაკობა ისეთ ეშმაკობას ნიშნავს, რომელიც ადვილი მისახვედრია. კერძოდ, პარტიებს არ შეუძლიათ არჩევნების წინ ბლოკის გაკეთება.

ამ პატარა პარტიების განცხადებებს ხელისუფლება უყურებს, ძეხვის მომლოდინე კატის გამომეტყველებით იმიტომ, რომ ეს „ძეხვი“ მალე მისი ნადავლი გახდება. პირდაპირ ამბობენ და არც მალავენ, რომ 3%-იანი და 2%-იანი პარტიები, ეს დიდი საჩუქარია ჩვენთვის, რა თქმა უნდა საჩუქარია მათთვის, რადგან 2%-იანი, 3%-იანი, 4,5%-იანი, 4, 99%-იანი პარტიები, ეს პროცენტები ყველა დაჯამდება და გადანაწილდება - პირველ ადგილზე გასული მიიღებს ყველაზე მეტს, მეორე ადგილზე გასული უფრო ნაკლებს და ა.შ. აი, ხვალ არჩევნები, რომ ჩატარდეს ამ სიტუაციაში, ისევ არავითარი ცვლილება არ მოხდება, ხელისუფლებაში ისევ დარჩება დღევანდელი პოლიტიკური მმართველობა და ისევ ის სიტუაცია იქნება, ოღონდ კიდევ უფრო უარესი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო