ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, ქუთაისისა და ამბროლაურის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, წევრები და თანამშრომლები პარტიაში შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას მოქმედ მენეჯმენტს აკისრებენ და პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებენ, თანამდებობა დატოვოს. მათი განცხადება სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.

მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები, ჯამში 17 პირი.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმაც, სადაც აღნიშნულია, რომ „პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", არის მძიმე კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის, მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არ არსებობა“.

„იმისთვის, რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო.

ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 11-დან 10 საკრებულოს წევრი: ია ჯიშკარიანი, გურიელ ქარდავა, ლევან ლაშხია, ლელა ადანაია, ვეფხვია ფოცხორაია, მოგელი ხუხია, ნინო ბოკუჩავა, ბესიკ თამლიანი, ფელიქს წურწუმია, ჯანსუღ ჯიშკარიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევნ ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნა წერილობით გაავრცელეს ჭიათურის საკრებულოს წევრებმაც.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან, შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მას შემდეგ, მხოლოდ მწვავდება.

„პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს.

პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის მოთხოვნას უერთდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ხუთივე წევრი: გოგი ჩიკვილაძე, სიმონ ჯაფარიძე, ქეთი ცხოვრებაძე, ზურაბ კეთილაძე და ილიკო ჩიკვილაძე.

აღსანიშნავია, რომ ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ასევე უერთდებიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ამირან ლომთაძე (ფრაქციის თავმჯდომარე), ბაქარ გობეჯიშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), ფრაქციის წევრი, ანა გურგენიძე.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებიც.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილია მძიმე და არასახარბიელო მდგომარეობა, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ.

„პარტიის თავმჯდომარის არჩევიდან ათი თვის თავზე, წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული მთავარი დაპირების მიუხედავად, ვერანაირ ქმედებას ვერ ვხედავთ, რომელიც ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებას. გარდა ამისა, შექმნილი მძიმე მდგომარეობის დასარეგულირებლად არსებული მენეჯმენტი არაფერს აკეთებს და პირიქით, თუ აკეთებს რამეს, ამით მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს პრობლემას.

2024 წელი, ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმის დასამარცხებლად გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის წელიწადი უნდა იყოს და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის ქმედებები თუ უმოქმედობა უაღრესად დამაზარალებელია.

მივიჩნევთ, რომ ამ მოცემულობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა. რასაც მალევე უნდა მოჰყვეს პარტიის ყრილობის ჩატარება, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით აირჩევს ახალ მმართველ ორგანოს“, - ნათქვამია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში, რომელსაც ხელს 7 წევრი - გიორგი კილაძე, დავით ბახტაძე, ქეთევან ხურციძე, გაგა მანაგაძე, რომანი ქვაჩაკიძე, თედო მესხი და ნინო ბიბილეიშვილი აწერს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა