რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბანკო დაზღვევის - კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. სააგენტომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახილველად სავალდებულო 6 რეკომენდაცია გასცა. აღნიშნული მონიტორინგის დაწყების საფუძველს „დაზღვევის კავშირის“ მიმართვა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში წარმოადგენდა.

როგორია მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები, ასევე, ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა - აღნიშნულ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ ა(ა)იპ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანს, ლაშა ნიკოლაძეს ესაუბრა.

- ბატონო ლაშა, უპირველესად, რომ შეგვახსენოთ საკითხის პრეისტორია...

- ზოგადად, საბანკო სფეროს ინტერვენცია ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიაში ახალი მოვლენა არაა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბანკს ჰქონდა აქციონერული თუ სხვა სახის თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანიებთან. 2019 წლიდან 12 არასაბანკო სადაზღვევო კომპანია ამ საკითხზე ერთობლივი წერილითაც იტყობინებოდა, რამაც მაშინვე ეროვნული ბანკის სპეციალური რეგულაციების შემოღება გამოიწვია, რათა საბანკო პროდუქტის გაცემისას მინიმუმ 3 სადაზღვევო შეთავაზება არსებულიყო. გავიდა სამი წელი და როგორც აღმოჩნდა, ასეთი დაზღვევების ლომის წილი (90%-ზე მეტი) მაინც ბანკებთან აფილირებულმა სადაზღვევო კომპანიებმა განახორციელეს. ამ მიმართულებით თუ უფრო ღრმად წავალთ, მომხმარებლისთვის, შესაძლოა, შეიზღუდა არამარტო სადაზღვევო კომპანიის შეთავაზების არჩევანი, ასევე შესაძლოა შესთავაზეს არასამართლიანი სადაზღვევო პრემია. თანაც სადაზღვევო კომპანიების მოგების უკიდურესად დაბალი მაჩვენებლის ფონზე, ეს პროდუქტი მაღალი მომგებიანობითაც „გამოირჩა“. აღნიშნული კომპლექსურად დაინახა რა ეროვნულმა ბანკმა, 2022 წლის თავისსავე ანგარიშში ნათლად ჩაწერა და მანვე უფრო მკვეთრი შეზღუდვების საჭიროება დაინახა, კერძოდ, აღნიშნული რისკის პრევენციის მიზნით, შესაძლებელია განხილულ იქნას ფინანსური ორგანიზაციებისთვის სადაზღვევო კომპანიების ფლობისა და მათ შორის სტრუქტურული კავშირის, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების ადმინისტრატორთა ანაზღაურების სქემაში დაზღვევიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა. აღნიშნული, საფინანსო და სადაზღვევო სექტორის მარეგულირებლების ჩართულობით შემდგომ განხილვებს საჭიროებს (ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, 2022წ.). სწორედ ეს მაღალი დონის დოკუმენტი გახდა წყარო, რომელიც კონკურენციის სააგენტოს ჩვენ წერილში მივუთითეთ წინა წლის ბოლოს და დაედო მონიტორინგს საფუძვლად.

- რას გვეტყვით კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის უკვე დასრულებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით?

- უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო კონკურენციის სააგენტოს შესრულებული სამუშაოსათვის. როგორც ანგარიში, ასევე რეკომენდაციები ეფუძნება სააგენტოს თითქმის ერთწლიან ინტენსიურ მუშაობას, ინტერვიუებს, ანალიზსა და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვას. კონკურენციის სააგენტომ საბანკო და სადაზღვევო რეგულატორებთან კავშირში, ურთიერთობების დაწყების მომენტიდან მაღალპროფესიულად და ოპერატიულად იმოქმედა, რისი შედეგიცაა 6 რეკომენდაცია და შესაბამისი ვრცელი ანგარიში.

რაც შეეხება უშუალოდ შედეგებს: ცალსახად დაფიქსირდა პრობლემა „შესაძლოობის პრინციპით“, რაც სააგენტოს პოზიციით - კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების“ არსებობისას, შესაძლოა სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი; საკითხი აიწია უმაღლეს- საკანონმდებლო განხილვის დონეზე; გამოიკვეთა „შესაძლო“ ინტერესთა კონფლიქტის ზონები; მაქსიმალურ ტრანსფარენტულობას და რეგულატორულ მონიტორინგს დაექვემდებარება მომავალში დამდგარი შედეგი და მომხმარებელთა უფლებების ზონა.

- როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ამ საკითხებზე?

- კონკურენციის სააგენტოს საიტზე ატვირთულ ვრცელ „კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის ფარგლებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების ბაზრის მონიტორინგი/ ანგარიშში“ ვკითხულობთ, რომ ევროპული მიდგომებიც გარკვეულ მნიშვნელოვან შეზღუდვებს გულისხმობს. თუმცა ჩემი აზრით, აქ გასათვალისწინებელია შემდგომი ფაქტორი: კერძოდ, საქართველოში ბანკები გაცილებით წარმატებულები, დიდები და შესაბამისად გავლენიანებიც არიან (როგორც საკუთარი კაპიტალის, ასევე მოგებისა თუ სხვა პარამეტრებით) ვიდრე სადაზღვევო კომპანიები. მაგალითად 2022 წლის მთელი სადაზღვევო ინდუსტრიის მოგებამ 39,2 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ბანკების მოგება 2,088 მილიარდი ლარით განისაზღვრა. ასეთი დიდი ასიმეტრიის დროს, ცხადია გაცილებით ადვილია ბანკმა გამოიყენოს როგორც ინფორმაციული, ასევე ზომით გამოწვეული დომინანტური მდგომარეობა. ფაქტორია ისიც, რომ საკრედიტო რესურსზე წვდომა ჩვენ ქვეყანაში, უდიდეს წილად ბანკების ხელშია, კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ეს საკითხიც სწორადაა შეფასებული, კერძოდ უწყების შეფასებით, 2020-2022 წლებში, საკრედიტო პროდუქტების ბაზარი მაღალ კონცენტრირებულია და ამასთანავე მას გააჩნდა სტაბილური ხასიათი, ისევე როგორც მსხვილ ეკონომიკურ აგენტებს შორის წილობრივ განაწილებას. შესაბამისად გვაქვს ის, რაც გვაქვს. ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი, საქართველოს სადაზღვევო რეალიას გარკვეულწილად ნეგატიური მხრით უნიკალურს და მოწყვლადს ხდის საბანკო გიგანტების წინაშე. ევროპაში და ამერიკაში ეს ორი გიგანტური ინდუსტრია ასე არ განსხვავდება არც კაპიტალისა და არც ზეგავლენის ნაწილში, შესაბამისად ზემოთნახსენები საკითხებიც ნაკლებად აქტუალურია. როცა ჩვენთანაც მოძლიერდება სადაზღვევო კომპანიები, აქაც შესაძლოა მეტად თვითრეგულირებადი გახდეს აღნიშნული, მაგრამ არამც და არამც ამ მომენტისათვის.

- რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს და როგორია დაზღვევის კავშირის გეგმა ამ მიმართულებით?

- როგორც კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციებში ვკითხულობთ, მათი განხილვა და რეაგირება სავალდებულოა. ნებისმიერ შემთხვევაში ეროვნული ბანკის და დაზღვევის ზედამხედველის მიერ საჭიროა გამოსავლის მოძებნა და მისი რეალიზება იქნება ეს საკანონმდებლო თუ ნორმატიული ბაზის დონეზე. დაზღვევის კავშირი, თავის მხრივ, მაქსიმალურად ეცდება ყველაფერი გააკეთოს სადაზღვევო მომხმარებლის უფლების სრულად მხარდაჭერისა და სადაზღვევო ინდუსტრიის კონკურენტული გაჯანსაღებისათვის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო