კარეკის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ერთობლივ ხედვას

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (კარეკი) პროგრამის წევრი ქვეყნები დღეს შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ერთად რეგიონში სათბური აირების შესამცირებლად და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

„მხარს ვუჭერთ კლიმატის ცვლილებისადმი მიმართულ რეგიონულ მოქმედებას: კარეკის ხედვას ქვეყნების მიერ პარიზის შეთანხმების პირობების შესრულებაში დასახმარებლად“, - ნათქვამია კარეკის 22-ე მინისტერიალის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს, პირველად თბილისში გაიმართა.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, განცხადებას მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მინისტრებმა და მთავრობების მაღალი დონის წარმომადგენლებმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ხედვა გაზრდის კარეკის პროგრამის ზემოქმედებას კლიმატის ამ ყველაზე მძაფრი გამოწვევის დასაძლევად, რომლის წინაშეც ქვერეგიონი დგას.

ველოდები, რომ რეალურ პროგრესს მივაღწევთ მეტი კლიმატის პროექტის ხელშეწყობით, მათ შორის განახლებადი ენერგიის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, წყლის ეფექტიანი მოხმარების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მიწოდების ჯაჭვების გაძლიერების მიმართულებით – რეგიონის კლიმატმედეგობისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ხედვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოტრანზიციისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაუმჯობესებას, ელექტროენერგიით რეგიონული ვაჭრობის გაძლიერებას, ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვას და კლიმატგონივრულ ინფრასტრუქტურასა და სტრატეგიებში ინვესტირებას. ხედვა მოუწოდებს პროგრამის განვითარების პარტნიორებს რეგიონის კლიმატის დღის წესრიგის მხარდამჭერი თანამშრომლობისა და კოორდინაციისკენ.

„მიმდინარე წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა მძიმე გავლენა იქონიოს კარეკის რეგიონზე, როგორიცაა ტემპერატურის საშუალოზე მეტად მატება, წყლის გაზრდილი დეფიციტი, გაფართოებული გაუდაბნოება და მყინვარების დნობა.

რეგიონში წყლის პრობლემების გადასაჭრელად, კარეკი დაეხმარება ქვეყნებს საზღვართშორისი წყლის მართვისა და წყლის პროდუქტიულობის ექსპერტიზისა და ცოდნის გაძლიერებით და სოფლის მეურნეობის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით მეტად ეფექტიან საირიგაციო სისტემებში ინვესტირებით.

კარეკი ასევე დაეხმარება ტრანსპორტის დეკარბონიზაციას, რეგიონული კავშირების გაძლიერების ხელშეწყობის პარალელურად ეფექტიანი სატრანსპორტო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის გზით. სხვა პრიორიტეტული მიმართულებებია კლიმატ-გონივრული ქალაქების განვითარება ელექტოფიცირებული მასობრივი სატრანზიტო სისტემებით და კლიმატისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობის გაძლიერება რეგიონული რისკების მართვითა და დაფინანსების ინიციატივებით.

კარეკის პროგრამა ქვეყნებისა და განვითარების პარტნიორების თანამშრომლობაა, რომლებიც ერთად მუშაობენ მდგრადი განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად და სიღარიბის შესამცირებლად. კარეკის სამდივნოს წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკი (ADB).

ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი