როცა სასამართლო სისტემა და მათ შორის მეც, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოსამართლე მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა, აი, ამის შემდეგ იქნება პასუხი იმ კითხვაზე, რაც დასვით - არის, თუ არა 100%-ით მართალი ქართველი მოსამართლე, როდესაც მის სანქცირებაზე ხდება საუბარი, - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ამერიკის მხრიდან სანქცირებული ერთ-ერთი მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებაზე, რომ ის სანქცირების ნაწილში 100%-ით მართალია.
„ბატონი ლევანის განცხადებაზე კომენტარს, ბუნებრივია, არ და ვერ გავაკეთებ. მან გააკეთა შესაბამისი განცხადება. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ხელმისაწვდომობას ამერიკაში ადვოკატის მომსახურებაზე, ცალსახად გიდასტურებთ, პირადად მე, რომ არის საკმაოდ [მაღალანაზღაურებადი]“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მან უპასუხა შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ მოსამართლეს და რეალურად, სანქციები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.
„ცალსახად, ყველა იმ საქმეზე, რომლის გარშემოც ატეხილი იყო აჟიოტაჟი და რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულების და ქართველი მოსამართლეების დემონიზება, ყველა ამ საქმემ გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი ევროსასამართლოში. ყველა ეს საქმე დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ. ამიტომ, როცა სასამართლო სისტემა და მათ შორის მეც, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოსამართლე მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა აგორა, აი, ამის შემდეგ იქნება პასუხი იმ კითხვაზე, რაც დასვით - არის თუ არა 100%-ით მართალი ქართველი მოსამართლე, როდესაც მის სანქცირებაზე ხდება საუბარი“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მან კითხვას, ბოდიშს ამერიკისგან ელოდება თუ არა, ასე უპასუხა:
„ნებისმიერი იმ პირისგან, ვისგანაც ეს დემონიზირება წამოვიდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ბუნებრივია, ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ ამერიკის დეპარტამენტიდან ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს, თუ მათ სურვილი ექნებათ. თუ თვლიან, რომ ეს ინფორმაცია მართალია და ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს, შესაბამის საფუძველს, მაშინ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იქნეს იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ 1937 წელს გაიარა საქმეებზე და განცდებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება. ჩვენ ვეფუძნებით მხოლოდ მტკიცებულებებს და მტკიცებულება გახდება საფუძველი ნებისმიერი, არა თუ მოსამართლის, საქართველოს მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
მისივე თქმით, კორუფციაში ჩართვის მოტივით დასანქცირებას მტკიცებულებები სჭირდება.
“სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვერანაირად ვერ მივიღებ ვერავისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის, ამიტომ ყველას მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ვერავის დავეთანხმები. სასამართლოში პრობლემა, ძირითადი გამოწვევა არის საქმეთა რაოდენობა, მზარდი ნაკადი და მოსამართლეთა სიმცირე. ჩვენ ვთვლით, რომ უახლოეს ერთ წელიწადში დაძლეული იქნება ეს პრობლემა.სასამართლოში შემოსვლა მარტივი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მკაცრად ხდება იმ კვალიფიკაციის შემოწმება და სტანდარტების შესაბამისობის დადგენა, რომელსაც თითოეული მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს, აქედან გამომდინარე, ყველა გასაუბრება ბოლო პერიოდში ჩატარდა ღიად და საჯაროდ და თქვენ თუ დამისახელებთ რომელიმე პირს, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და სასამართლო სისტემაში არ იქნა დაშვებული, მაშინ თქვენს და საზოგადოების წინაშე მოვიხდი ბოდიშს”, - განაცხადა ნინი ქადაგიძემ.
რაც შეეხება იმას, უნდა ჩატარდეს თუ არა კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ „ეს ცოტა დილეტანტური კითხვაა“.
„ჯერ ფაქტი უნდა დადგინდეს და მერე უნდა ჩატარდეს გამოკვლევა. რა წარმოგიდგენიათ, რომელი საქმიდან უნდა დავიწყოთ? რამდენი საქმე იხილება სასამართლოში, თუ გაქვთ ინფორმაცია. საზოგადოების მასებზე ხდება ზემოქმედება. ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომ მოახდინონ ემოციური მობილიზება საზოგადოებისა სასამართლოს წინაშე“ -განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
ცნობისთვის, აშშ-მა 2023 წლის გაზაფხულზე, ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ამ საკითხთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ დაუკავშირდა ერთ-ერთ სანქცირებულ მოსამართლეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიასაც, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ირაკლი შენგელიამ კითხვის საპასუხოდ ამჯერად განაცხადა, რომ ის შეხვედრაზე იმყოფება და კომენტარს ვერ გააკეთებს. შენგელიას ამ პოზიციას იზიარებდა ასევე ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელმაც „ინტეპრესნიუსთან“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „სანქციების საკითხი არ მაწუხებს იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ - რომ მქონდეს საშუალება ადვოკატი დავიქირაო და მას ასიათასობით თანხა ვუხადო, სიმართლეს დავადასტურებდი“.