პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები ფიქციაა, რომელსაც მიმართა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მას დეოლიგარქიზაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯი დაარქვას - სინამდვილეში, ეს პრობლემას, რომელიც მმართველ პარტიასთან დაკავშირებული შავი ფულის სახით არსებობს, ვერ გადაჭრის,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
სამნიძის თქმით, „ქართული ოცნებისგან“ ვალდებულებების შესრულების მოლოდინი არ აქვს და ამ კუთხით არჩევნები არის გადამწყვეტი.
„ქართული ოცნება“ არავითარ ნაბიჯს არ გადადგამს გარდა ისეთი გადაწყვეტილებებისა, როგორიც არის მაგალითად, იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა, რაც არის ფიქცია. მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" შეასრულებს 9- ვე პუნქტს, არ არსებობს. არჩევნები არის გადამწყვეტი ამ პროცესში. საზოგადოების გადაწყვეტილებით კოალიციური მთავრობა იქნება ის ძალა, რომელიც რეკომენდაციებზე იმუშავებს.
რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს და იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვას, ეს დღევანდელ რეალობაში არის ფიქცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა იმიტომ, რომ ამას დაარქვას დეოლიგარქიზაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯი. დღეს იურიდიული პირების მხრიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არის ძალიან მცირე, რადგან ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური დისკრიმინაცია და პოლიტიკური დევნა, რაც აშინებს იურიდიულ პირებს, რომ ოპოზიციური პარტიები დააფინანსონ. ძირითადი პრობლემა არის შავი ფული, რომელიც საარჩევნოდ ტრიალებს და ის უკავშირდება მმართველ პარტიას, რომელსაც ამ ცვლილებებით პრობლემა არ შეექმნება, რადგან მათ ეყოლებათ ფიზიკური პირები, რომლებიც დააფინანსებენ პარტიას იმის საფასურად, რომ მოიგებენ ტენდერებს და ა.შ.“ - განაცხადა სამნიძემ.
ინფორმაციისთვის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.
ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
როგორც "ქართული ოცნება" განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ", სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.