ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა

ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის თემა დაიბლოკოს და ამ დროს გავიდეს საქართველოსა და მოლდოვის თემა - ეს ერთიანი პაკეტია,- ასე განმარტა ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ ის, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო 14-15 დეკემბრის ევროკავშირის სამიტზე.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საბანაძემ აღნიშნა, საუბარია იმაზე, რომ თუ უკრაინასთან წევრობის საკითხზე მოლაპარაკების გახსნა უნგრეთის დაჟინებით გადაიდება, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შემდეგი საიტისთვის გადაიწევს.

შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოსთვის გამონაკლისი იქნას დაშვებული, სწორედ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ის პაკეტში მყოფი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პროცესებს ერთი საფეხურით ჩამორჩება და რა ბერკეტი აქვს ევროკავშირს ორბანის დასარწმუნებლად, ამ საკითხებზე ნატალი საბანაძე ვრცლად ინტერვიუში საუბრობს.

- იმ შემთხვევაში თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების პროცესს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მთლიანად პაკეტი დაიბლოკება და ავტომატურად საქართველოსაც შეექმნება პრობლემები და რა სახის პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი ?

- რაც ვიცი ამ ეტაპზე, არის ის, რომ ორბანმა მეორე წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩინეთში ვიზიტი შეამოკლა და ბრუნდება იმისთვის, რომ მოამზადოს 15 დეკემბრის სამიტი და რაღაცნაირად კონსენსუსი გამოგლიჯოს ხელიდან ორბანს. როგორც იცით, ეს გადაწყვეტილებები პაკეტთან დაკავშირებით მიიღება კონსენსუსით, 27 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

ორბანს აქვს რამდენიმე მოთხოვნა, პირველი არის, რომ ამ ეტაპზე მთლიანად მოიხსნას უკრაინის საკითხი. დაბლოკვას პრინციპულად, ჯერჯერობით, ასე არ აყენებს, მაგრამ ამბობს, რომ 15 დეკემბრის სამიტზე ეს საკითხი არ უნდა იდგას და სანამ დადგება უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნის თემა, ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკა უკრაინის მიმართ უნდა გადაიხედოს. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რამდენად ეფექტურია ეს პოლიტიკა, რამდენად რეალისტურია, იმიტომ, რომ როგორც ამბობს, ვერ მოიგებს უკრაინა ამ ომს და რატომ ვაკეთებთ ამას და ვირთულებთ ურთიერთობებს რუსეთთანო, ეს არის ლოგიკა და ეს არის ერთი ნაწილი.

მეორე ნაწილი - აქვს თავისი ორმხრივი პრობლემები, რაც ევროკავშირში ხშირად ხდება ხოლმე, სამწუხაროდ. ეს არავის მოსწონს, მაგრამ ხშირია, რომ საერთო კავშირის საკითხებში შემოაქვთ ხოლმე ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს თავიანთი ორმხრივი პრობლემები. უნგრეთს აქვს პრობლემა ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ უკრაინაში საკმაოდ დიდი უნგრული უმცირესობაა, ისტორიული ავტოქთონური უმცირესობა, რომლის უფლებების დაცვას განსაკუთრებით ლინგვისტური უფლებების დაცვას, სკოლაში მშობლიურ ენაზე სწავლებას მოითხოვს ორბანი. უკრაინამ შეცვალა კანონმდებლობა ევრონული უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად რუსეთის კონტექსტში და რუსული უმცირესობისა და რუსული ენის შედარებით შეზღუდვა მოისურვა, ამის ქვეშ უნგრელებიც მოყვნენ. ამან გამოიწვია ორბანის დიდი აღშფოთება და ამიტომ ამ თემაზე, ასევე, ორმხრივ საკითხზე ვაჭრობს. პარტიისთვის, რომელსაც ორბანი წარმოადგენს, უმცირესობების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ძალაუფლებას ინარჩუნებს ეს პარტია, დიდწილად, საზღვრებს გარეთ მყოფი უნგრელების ხარჯზე.

და ალბათ, ყველაზე მთავარი - მესამე თემა არის ფონდები, რომელიც ევროკავშირმა შეუჩერა უნგრეთს, თავისი არადემოკრატიული გადახვევების გამო. სხვადასხვა რიცხვები სახელდება, მე მგონი, 13 მილიარდზეა საუბარი, რომელიც უნგრეთს უნდა მიეღო (პოსტკოვიდური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი ფონდი იყო) და ეს შეჩერებული აქვს, იმიტომ, რომ მიბმული იყო რაღაც პირობებთან, რომელსაც ის არ ასრულებს. შესაბამისად, ამბობს, რომ 50- მილიარდიან დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა უნდა უკრაინას დაუმტკიცოს, ამას დაბლოკავს.

მიდის მსჯელობა, როგორ მოაგვარონ ეს საკითხი, წევრი სახელმწიფოების უმეტესობას სურს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, მიიღოს გადაწყვეტილება და ყველაფერი როგორც გათვალისწინებული იყო, ისე მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულად ვაჭრობს ჩვენი მეგობარი ორბანი.

- ფაქტორებს შორის რუსეთი არ დაგისახელებიათ- ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ორბანი უკრაინის საკითხისთვის პრობლემის შექმნით სწორედ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და მის წისქვილზე ასხამს წყალს. თქვენ როგორ მიიჩნევთ ?

- კი, მეც ასე მივიჩნევ და ეს არის პირველი თემა, რომელიც მე ვახსენე. როდესაც ორბანი მოითხოვს ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვას უკრაინის მიმართ, ეს არის, რეალურად, რუსული პოლიტიკის გატარება. ორი აზრი არ არის იმაში, რომ ჩავარდეს ეს გადაწყვეტილება 15 დეკემბერს, გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება პუტინისთვის. რთული სათქმელია ორბანი პირდაპირ იღებს დაკვეთებს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ინტერესების თანხვედრაა. რასაც ის აკეთებს ახლა ევროკავშირში, როდესაც არღვევს ერთიანობას და კითხვის ქვეშ აყენებს საგარეო პოლიტიკის ღერძს, რომელზეც არის შეთანხმება მიღწეული, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ინტერესში.

- რაც შეეხება ამ კონტექსტში საქართველოს საკითხს, რა საფრთხეები ემუქრება მას ევროინტეგრაციის გზაზე?

- ძირითადი აქცენტი უკრაინაზეა, საქართველოსა და მოლდოვაზე არ საუბრობენ, მაგრამ ეს არის ერთი პაკეტი. თავს ვერ დავდებ, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის თემა დაიბლოკოს და ამ დროს გავიდეს სხვების თემა. უკრაინის თემა საბოლოოდ კი არ დაიბლოკება, მოხდება ამის გადატანა, ორბანი მოიგებს დროს, უფრო მეტად ივაჭრებს, რაზეც სურს ვაჭრობა და უკვე ახალ წელს პირველი სამიტი რომელიც იქნება, იქ დადგება თავიდან ეს საკითხი ანუ გადადებაზეა საუბარი. ამ სამიტზე საქართველოს თემა განიხილება, უბრალოდ საქართველო ჩამორჩება ერთი ნაბიჯით, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც სამიტის გადაწყვეტილებაა, ამას სჭირდება 27 სახელმწიფოს თანხმობა, ამიტომ ეს ყველა შემთხვევაში ერთიანი პაკეტია. შეიძლება ისე მოხდეს, რომ დააყენონ საკითხი, რომ, რადგან ახლა საქართველოს არ ეხება მოლაპარაკებების გახსნა წევრობასთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსი მისცენ და იმ ორის თემა ცალკე განიხილონ, ასეთი თეორიული შანსი არის, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია.

- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ აღნიშნულ სამიტზე უკრაინის საკითხის ჩავარდნის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება არა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის პროცესს, მომავალში, არამედ უშუალოდ ახლა, კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს?

- ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადმოსახედიდან მე ასე ვხედავ, რომ ამის შესაძლებლობა არის. რა თქმა უნდა, თავს ვერ დავდებ, მაგრამ არის დიდი შესაძლებლობა, რომ მთლიანად სამივე ქვეყანაზე გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებით, გადაიდოს შემდეგი სამიტისთვის.

- ბოლო კითხვას დაგისვამთ, რა ბერკეტები აქვს ევროკავშირს უნგრეთის დასარწმუნებლად და თუ ფიქრობთ, რომ არსებულ მექანიზმებს შორის არის უნგრეთისთვის ხმის უფლების დროებით შეზღუდვა ?

- ეს არის ყველაზე მაღალი დონის მექანიზმი, რაც არსებობს. ბირთვულ მექანიზმსაც ეძახიან, იმიტომ, რომ იმის იქით უკვე არაფერი აღარ არის. ავსტრიის შემთხვევაში გამოიყენეს და ავსტრიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ინანეს, იმიტომ, რომ ავსტრიაში ამან გამოიწვია უკურეაქცია, ანტიევროკავშირული დამოკიდებულება, იმიტომ, რომ აღქმული იყო საზოგადოების მხრიდან, როგორც შიდა საქმეებში ზედმეტი ჩარევა. ამიტომ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ მექანიზმის გამოყენებას ერიდებიან. საბოლოო ჯამში, ეს არის როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ ამას ადვილად არ გამოიყენებენ. ერთი ვარიანტია, რომ დაარწმუნონ. მეორე ვარიანტია, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ- არსებობს წნეხი, შეიძლება რაღაც დათმობაზე წავიდნენ. მე მგონი საუბარია, რომ 900 მილიონის გამოყოფა მოხდა, რომელიც არ არის მიბმული პირობების შესრულებაზე უნგრეთის მხრიდან, თუმცა ფულით ორბანის დაკმაყოფილებასაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვება, იმიტომ, რომ გამოდის, აშანტაჟებს ევროკავშირს.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას