20 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაზარალებული მაკო გომური რეზინის ტყვიის გამოყენების არსებული სტანდარტების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს და შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია და მისი მოპასუხე მხარე შინაგან საქმეთა მინისტრი და პარლამენტია.
საკონსტიტუციო სასამართლოში გომურის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენს. როგორც ორგანიზაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რეზინის ტყვიის გამოყენების არსებული სტანდარტი კონსტიტუციის მე-9 მუხლს ეწინააღმდეგება და ის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის.
„სარჩელი „პოლიციის შესახებ კანონზეა“, რომელიც რეზინის ტყვიების გამოყენებას ეხება. გასაჩივრებულ მუხლში წერია, რომ პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს, მაგალითად, აკუსტიკური საშუალება, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვია, თუმცა, თანმიმდევრობა - რა რის მერე უნდა იყოს გამოყენებული, კანონში არ წერია. მაგალითად, არ წერია, რომ რეზინის ტყვია შეიძლება უკიდურესი საშუალება იყოს, როცა ძალადობის აღკვეთა ვერ ხერხდება ისეთი საშუალებით, როგორიც არის წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ან აკუსტიკური საშუალება. პოლიციელს თეორიულად შესაძლებლობა აქვს, რომ ჯერ რეზინის ტყვია - უფრო მძიმე საშუალება გამოიყენოს და მერე აკუსტიკური საშუალება, ეს არის დავის ერთ-ერთი საგანი. ასევე, დავის საგანია, როგორ შეიძლება რეზინის ტყვიის გამოყენება. ჩვენ ვდავობთ იმაზე, რომ აკრძალული უნდა იყოს რეზინის ტყვიის „რიკოშეტის“ ეფექტით გამოყენება, ანუ როცა ზედაპირს ეხება და მისი გაფანტვა ხდება, ნამსხვრევები შესაძლოა, იმ ადამიანსაც მოხვდეს, რომელიც ძალადობრივ ქმედებაში არაა ჩართული, ასევე შემაღლებული ადგილიდან რეზინის ტყვიის გამოყენებისას ადამიანს შეიძლება თავში მოხვდეს. ეს სარჩელი რეზინის ტყვიის გამოყენების შეზღუდვას ეხება. რეზინის ტყვიის გამოყენების არსებული სტანდარტები კონსტიტუციის მე-9 მუხლს ეწინააღმდეგება, რომლითაც ადამიანი დაცულია წამებისგან, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან.
რეზინის ტყვიის გამოყენების სტანდარტი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა დადგენილი. მაგალითად, 20-მეტრიანი რადიუსია დადგენილი ყველა ტიპის რეზინის ტყვიისთვის, მაშინ როცა, გარკვეული რეზინის ტყვია არსებობს, მაგალითად, ფოლადის ტყვია, რომელსაც რეზინის ზედაპირი გააჩნია, მისი 20 მეტრის რადიუსიდან სროლის შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, გარკვეული ტიპის რეზინის ტყვიებისთვის 20-მეტრიანი რადიუსიდან სროლა სიცოცხლისთვის საშიშია. ეს რადიუსი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა დადგენილი, სწორედ ამიტომ არის ამ სარჩელის მოპასუხე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვინაიდან ეს სტანდარტი სწორედ მისი ბრძანებითაა დადგენილი, პერსონალურად არა, უბრალოდ მისი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ამ სტანდარტებს, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის.
დანარჩენ ნაწილში მოპასუხე მხარე პარლამენტია, რადგან „პოლიციის შესახებ კანონით“ არის რეზინის ტყვიის გამოყენება ნებადართული, კანონის მიმღები პარლამენტია, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის კონსტიტუციურობის გასაჩივრების შემთხვევაში მოპასუხე მხარე პარლამენტია“, - აცხადებს გოცირიძე.