არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს

სტაციონარული და ამბულატორიული კლინიკები საქართველოში საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესს გადიან. სამედიცინო დაწესებულებებმა აკრედიტაცია 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა გაიარონ, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეძლონ.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) გააკეთა არჩევანი. როგორ მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესი, რა ეტაპების გავლა უწევთ კლინიკებს და როგორია მათი მზაობა აკრედიტაციის მისაღებად, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელს არჩილ მორჩილაძეს ესაუბრა.

- როგორ მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესი და მოასწრებენ თუ არა კლინიკები 2025 წლამდე აკრედიტაციის მიღებას?

- აკრედიტაციისთვის 12 თვე ძალიან ცოტაა, ამიტომ ვინც უკვე გააფორმა ხელშეკრულება, მათთან ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწყებთ პროცესს, რაც გულისხმობს მათთვის მორგებულ სავარაუდო გრაფიკს, რომ ყველაფერი დათქმულ ვადაში დასრულდეს.

რაც მთავარია, ჩვენ უკვე გადავამზადეთ ქართველი აუდიტები და კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი 2024 წლიდან ქართველი აუდიტების თანამონაწილეობით წარიმართება, რაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად დაზოგავს კლინიკების ხარჯებს, ვინაიდან უცხოეთიდან მგზავრობის თანხა და სასტუმროში განთავსების ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, ამასთანავე გაიოლდება კლინიკებთან კომუნიკაცია ენობრივი ბარიერის კუთხით, ასევე გამარტივდება პროცესის დაგეგმვა, ვინაიდან უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლაზე და მათი გადატვირთული დროის განრიგზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული.

- რამდენ კლინიკას აქვს თქვენი პროგრამით აკრედიტაცია დაწყებული და რამდენად მომზადებული დახვდნენ აკრედიტაციის პროცესს?

- აპლიკაცია შევსებული აქვს 70-მდე კლინიკას, აქედან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 30-მდე კლინიკასთან. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ვებ-გვერდზე ugma.ge.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, აკრედიტაციის პირველი ეტაპი ითვალისწინებს კლინიკების წინასწარ შეფასებას. ეს არის აკრედიტაციის ერთგვარი სიმულაცია, რაც ეხმარება კლინიკებს შეაფასონ აკრედიტაციისთვის მათი მზაობის დონე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შეფასებამდე კლინიკებს ეძლევათ საშუალება, გაეცნონ AACI სტანდარტებს ქართულ ენაზე. ამის შემდეგ ჩატარდება კლინიკების მენეჯმენტის ტრენინგი, რათა მათ გაიგონ ამ სტანდარტების არსი და მათი დანერგვის გზები. სტანდარტებში არის სამი მიმართულება: ზოგადი, კლინიკური მენეჯმენტი და ინფრასტრუქტურული გარემო. ყველა ამ მოდულზე საჭირო იქნება კონკრეტული წერილობითი პროცედურების გაწერა.

იქ, სადაც უკვე ჩატარდა წინასწარი შეფასება, სხვადასხვა მდგომარეობა გვაქვს, ზოგან კარგი, ზოგან - პირიქით არცთუ სახარბიელო. თუმცა მონდომების შემთხვევაში, აკრედიტაციის მიღება ყველას შეუძლია.

თავად ჯანდაცვის სამინისტრომ სანებართვო პირობების შემოწმების შედეგად ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოაგვარებინა კლინიკებს, ამიტომ ფიზიკური გარემოს კუთხით გადაულახავი შეუსაბამობები პრაქტიკულად აღარ არსებობს. მთავარია, მართვის პროცესები გაიწეროს და გახდეს ჩვენი ანუ AACI-ის სტანდარტების შესაბამისი და რაც მთავარია, პროცესში ჩართული უნდა იყოს კლინიკის ყველა თანამშრომელი. ვინაიდან მხოლოდ ფურცელზე დაწერილი პროცედურა არაფერს შეცვლის. ამასთანავე ყველა კლინიკამ უნდა გაითვალისწინოს, რომ აკრედიტაციის საფასურის გადახდა არ ნიშნავს, რომ ისინი აკრედიტაციას მიიღებენ. ჩვენ ყველას დავეხმარებით, მაგრამ მხოლოდ იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც ISQua-ს (ხარისხის საერთაშორისო საზოგადოება), გაიდლაინი იძლევა.

- რა სარგებელს მოიტანს ეს პროცესი და იგრძნობს თუ არა ამას პაციენტი?

- სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების გზაზე ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. საერთაშორისო პრაქტიკის და სხვადასხვა კვლევის მიხედვით, კლინიკების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლამ 30%-ით უნდა შეამციროს ადამიანური შეცდომების შედეგად პაციენტების დაზარალების რისკი.

AACI-ის სტანდარტები ისეა შედგენილი, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს პაციენტებზე ზრუნვას. კლინიკა ვალდებულია გაწერილი ჰქონდეს როგორც პაციენტების მომსახურების ეტაპები, ასევე საჩივრების მიღების და განხილვის პროცედურები. სტანდარტებში ყველა უმნიშვნელო დეტალი გათვალისწინებულია. ასევე მუდმივად ხდება მათი განახლება, საჭიროების შემთხვევაში ზედმეტი და არასაჭირო და დაუსაბუთებელი მოთხოვნების ამოღება.

რამდენად შეესაბამება ერთმანეთს AACI-ის სტანდარტები და სახელმწიფოს მიერ დადგენილი სანებართვო მოთხოვნები?

AACI-ის სტანდარტები აკრედიტებულია ISQua-ს მიერ , რაც ნიშნავს, რომ ამ სტანდარტების მუდმივი მოდიფიცირება ხდება. ქართული რეგულაციები (სანებართვო პირობები) ამ მხრივ არ არის თანმიმდევრული. ამ დოკუმენტებში ბევრი ისეთი მოთხოვნაა დარჩენილი, რაც არანაირ მტკიცებულებას არ ემყარება, მაგრამ ამავე დროს არ არის ისეთი რამ განსაზღვრული, რაც პირიქით აუცილებელია.

ვფიქრობთ, სახელმწიფომ ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტები უნდა გამოიყენოს და ამის მიხედვით გაუკეთოს განახლება დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს.

- მოკლედ რომ აღწეროთ, რას ითვალისწინებს AACI-ის სტანდარტების მმართველობითი, კლინიკური და ინფრასტრუქტურული ნაწილი.

- ზოგად მმართველობაში კლინიკებმა უნდა შექმნან თავიანთი კლინიკების მმართველობითი სისტემის დოკუმენტაციები, დაწყებული კლინიკის სტრუქტურული მოწყობით, შინაგანაწესით, ფუნქცია-მოვალეობებით და სამუშაო აღწერილობებით, ახალი თანამშრომლების ორიენტაციის პროცესის ჩათვლით. უნდა შეიქმნას კოლექტიური მმართველობითი ორგანოები და განისაზღვროს მათი მუშაობის პრინციპები. ანუ ზოგადი მმართველობითი მოდული ძირითადად იმეორებს ISO 9001-ის მოთხოვნებს.

კლინიკური ნაწილი უფრო სპეციფიკურია და მასში შედის როგორც პაციენტის კლინიკაში მოძრაობის, დაყოვნების, გადაბარების და ა.შ. პროცესების აღწერა, ასევე კრიტიკულ დიაგნოზებზე რეაგირებისა და ექიმებზე კლინიკური პრივილეგიების მინიჭების პროცედურები. ამავე მოდულში შედის სამედიცინო დახმარების ხარისხის სხვა დეტალები, მათ შორის ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების წესი და ა.შ.

ფიზიკური გარემოს კუთხით მთავარი აქცენტი კეთდება უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის: ეპიდზედამხედველობის, სტერილიზაციის, რადიაციული უსაფრთხოების, სამედიცინო აპარატურის ფუნქციონირების კონტროლის, მედიკამენტების და სახარჯი მასალის გამოყენებისა და შენახვის პირობებზე და ა.შ. კიდევ სხვა ყველა ისეთ დეტალზე, რაც მნიშვნელოვანია პაციენტისა და ასევე სამედიცინო პერსონალისთვის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო