ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს წერილს უგზავნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილს უგზავნის.

წერილში აღნიშნულია, რომ ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან.

პრემიერის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას დამატებით იმპულსს მისცემს.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია.

„ბატონო პრეზიდენტო, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულწრფელი მადლიერება გამოვხატო საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი თქვენი პირადი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ევროკავშირის ლიდერების ზემოხსენებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ მძლავრი გზავნილის სახე მიიღო, რამაც დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემი მთავრობა სრულად არის მობილიზებული და მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ბატონო პრეზიდენტო, 2012 წლიდან საქართველომ მტკიცე ერთგულება აჩვენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომის იდეისადმი. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი.

2022 წლის ივნისის შემდეგ ჩემმა ქვეყანამ ასევე გამოავლინა ძლიერი ნება ევროკომისიის დასკვნაში გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან მიმართებით, რაც საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს მოჰყვა პასუხად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენმა მთავრობამ კონკრეტულ შედეგებს მიაღწია, რაც საქართველოს მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებში და მასშტაბურ საკანონმდებლო მუშაობაში გადაიზარდა, რათა შესრულებულიყო ნაკისრი ვალდებულებები და თანდათანობით მოვსულიყავით შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

შედეგად, ჩვენ მოხარულნი ვიყავით ევროპული საბჭოსადმი ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციით კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე პოზიტიური შეფასებებით, რაც ასახულია გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის კომუნიკეში და საქართველოს შესახებ თანდართულ ანგარიშში. ევროკომისიის რეკომენდაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება.

საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის, ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა მასზედ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს შეუქცევად გზაზე დააყენებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ და საბოლოო ჯამში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ.

ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან.

თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება,“ - წერს ღარიბაშვილი მიშელს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი