საქართველოს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პუბლიკაციის „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ პრეზენტაცია გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზენტაციას სამთავრობო სტრუქტურების, შესაბამისი მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წევრები, დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა.
„პირველი, რასაც გამოვყოფდი ალბათ არის მექანიზაციის ნაკლებობა. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განვითარებულ სოფლის მეურნეობაზე, ჰექტრულ მოსავალზე და გვინდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, შესაბამისად, ქვეყანაში უნდა არსებობდეს საკმარისი მექანიზაცია, რაც საშუალებას აძლევს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დამუშავდეს. ასევე, არ გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა და განათლება ისევ გამოწვევად რჩება. დღეს მწირედ გამოვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არის. შესაბამისად, კარგია, რომ შეცდომაზე ვსაუბრობთ და არ ვსაუბრობთ იმაზე, როდის დავიწყეთ სოფლის მეურნეობის განვითარებას. პერსპექტივა ამ კუთხით დიდია. ვფიქრობ, რომ ის რაც გაკეთდა არის ძალიან კარგი, თუმცა გასაკეთებელი და დასახვეწი ძალიან ბევრი გვაქვს“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
პუბლიკაცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით მომზადდა და ის დამსწრე საზოგადოებას კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარუდგინა. დოკუმენტში შეჯამებული და გაანალიზებულია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ტენდენციები ბოლო 10 წლის განმავლობაში. კერძოდ, მიმოხილულია 2012-2022 წლებში, როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური და ინსტიტუციური პროცესები, აგრარულ სექტორში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები და ევროკავშირის კანონებთან დაახლოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.