პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პროექტი, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი იცვლება - პროექტის თანახმად, უქმდება მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ით ითვალისწინებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალ ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.
კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.
პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.
პროექტით ასევე განისაზღვრა გარდამავალი დებულებები 2024-2025 წლისათვის. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2024 - 2025 წლისთვის წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით დაფინანსდება.
კანონის პროექტით ასევე იცვლება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით, 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 21%-ით.