ორბანს ვთხოვე, ერთი მიზეზი მაინც დაასახელოს თუ რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირში და პასუხს ველი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სამიტის მონაწილეებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან ზელენსკიმ ისაუბრა ორბანთან შეხვედრის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ არგენტინაში შედგა.
“ვერ ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებით ან განზრახ დაგეგმილი შეხვედრა იყო. დიალოგი გვქონდა. ეს სიმართლეა.
ვფიქრობ, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული შეხვედრა უნდა დავაორგანიზოთ, ვინაიდან, საერთო საზღვრები გვაქვს, მეზობლები ვართ და უნდა ვილაპარაკოთ.
ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მასთან წამოვწიე, სწორედ იმას ეხებოდა, რომ უნდა ვილაპარაკოთ, პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. სწორედ ამიტომ უბრალოდ შეხვედრა გვჭირდება. ამ იდეისადმი ჩემს პოზიტიურ დამოკიდებულებას ვუჩვენებდი.
მეორე, ვფიქრობ, რომ მართალი ვარ და გავაგებინე - ევროკავშირში უკრაინის წევრობის დაბლოკვის არანაირი მიზეზი არ აქვს. ვთხოვე ერთი მიზეზი მაინც დაესახელებინა. სამი არა, არც ხუთი, არც ათი, არამედ მხოლოდ ერთი მიზეზი და პასუხს ველი”, - განაცხადა ზელენსკიმ.
10 დეკემბერს არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მოკლედ ესაუბრა და საუბარი, ზელენსკის თქმით, “მაქსიმალურად გულწრფელი” იყო.