ქართული პრესის მიმოხილვა 17.12.2023

რა სტრატეგიას ირჩევს ოპოზიცია “ოცნების” წინააღმდეგ - რაზე გაკეთდება მთავარი აქცენტები ოპონენტთან ბრძოლაში

პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს - რა შანსები აქვს და ვისთან ვიხილავთ სალომე ზურაბიშვილს

როგორ ისარგებლებს კრემლი, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო - “რუსეთი ეცდება საზოგადოებრივი აზრი გახლიჩოს”

* * *

რა სტრატეგიას ირჩევს ოპოზიცია “ოცნების” წინააღმდეგ - რაზე გაკეთდება მთავარი აქცენტები ოპონენტთან ბრძოლაში

“ოპოზიცია წინასაარჩევნო გადაჯგუფებებს იწყებს და წინასაარჩევნო სტრატეგიას აყალიბებს - არ არის გამორიცხული ახლო მომავალში ახალი გაერთიანებები და ბლოკები ვიხილოთ. ამასობაში, “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ სტრატეგიულ მრჩევლებთან, მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან კონტრაქტი გააფორმა. რას დაუპირისპირებს ოპოზიცია ხელისუფლებას და რა ტაქტიკა იკვეთება მათ მოქმედებებში. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ ოპოზიცია ორგანიზაციულად უნდა ჩამოყალიბდეს, შემდეგ კი შეიმუშავებს სამოქმედო სტრატეგიასაც. “ბევრი კონსულტანტი ჩამოიყვანეს, იმიტომ რომ ძალიან ეშინიათ და მძიმე ვითარება აქვთ. ერთხელ უკვე ხალხმა მათი ტყუილები ნახა, მათ შორის მოშესთან ერთად შემუშავებული და დარწმუნებული ვარ ეს ტყუილები ვეღარაფერში წაადგებათ - განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს რომ ოპოზიციაც მსგავს მრჩევლებს დაიქირავებს და ახლა მათი ძირითადი პრობლემაა, არ იციან რა გააკეთონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა სტრატეგიას ირჩევს ოპოზიცია “ოცნების” წინააღმდეგ - რაზე გაკეთდება მთავარი აქცენტები ოპონენტთან ბრძოლაში.

“ალბათ დაუპირისპირებს იმას, რომ თვითონაც დაიქირავებს უცხოურ კომპანიას ან პიარ მრჩევლებს, რამდენადაც ვიცი “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ერთი ასეთი პიროვნება დაქირავებული დიდი ბრიტანეთიდან, ბორის ჯონსონის ყოფილი მრჩეველი საარჩევნო კამპანიაში და ალბათ არჩევნების მოახლოების კვალობაზე სხვა პარტიებიც იგივეს გააკეთებენ. ოპოზიციის მოქმედებებში ჯერჯერობით არავითარი სტრატეგია და ტაქტიკა არ იკვეთება. რასაც მე ვუყურებ მათ განცხადებებს, სისტემას მე ვერ ვხედავ, თავადაც ვერ ჩამოყალიბებულან რა უნდათ, რა მიმართულებით იარონ. ხან ერთ იდეებს აჟღერებენ, ხან მეორეს, რომელიც მერე ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. პოლიტიკურ თოქ-შოუებშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის მეტნაკლებად ჩამოყალიბდებიან და რეალისტურად შეაფასებენ ვითარებას და გადაჭარბებულ მოლოდინებს არ შეიქმნიან. მაშინ ალბათ იქნება ნათელი სურათი რას გააკეთებს თითოეული ოპოზიციური პარტია” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ ამომრჩეველთან მისატანი მესიჯები უნდა შეცვალოს, მაგრამ. სტრუქტურულად უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ აპირებს არჩევნებზე გასვლას. “სამწუხაროდ ოპოზიციაზე ტაქტიკაზე კი არა, საფიქრალი აქვს იმაზე, რომ რა ფორმით გავა არჩევნებში. “ქართულ ოცნებას” ორგანიზაციული მხარე მოგვარებული აქვს, მოგვარებული აქვს ფინანსური საკითხიც და ახლა იმაზე ფიქრობენ, რომ რისთვისაც გააფორმეს ხელშკრულება, რა სტრატეგია შეარჩიონ, რომ არჩევნებზე გავიდნენ. პროცესი თვითონ “ნაციონალურ მოძრაობაში” თითქოს სრულდება, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა, არ ვიცით რა სურათს მივიღებთ - ოპოზიცია ისევ ასე ჭრელი გავა, თუ გამსხვილდება, ეგეც არ ვიცით. არც აქვს არანაირი სტრატეგია ოპოზიციას. ცალ-ცალკე ყველას აქვს მონახაზი, მაგრამ, თუ მსხვილდება პოლიტიკური ჯგუფი, მაშინ მას ერთნაირი სტრატეგია უნდა ჰქონდეს ერთად შემუშავებული”, - თვლის ძაბირაძე, რომლის აზრით, “ამიტომ სანამ არ მოხდება ოპოზიციის ფორმირება რეალურად, მათ ერთიანი სტრატეგია ჯერჯერობით ვერ ექნებათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რასაც ვაკვირდები, ოპოზიცია ცდილობს იგივე მესიჯებით მივიდეს ამომრჩეველთან, რაც ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ამ მესიჯებმა რა შედეგი მოუტანა თითოეულ მათგანს. თუ გინდ არჩევნების მიხედვით, თუ გინდ გამოკითხვების მიხედვით, მაშინ როდესაც ბარიერი იყო ძალიან დაბალი. თუ იგივე თემებით აპირებს ოპოზიცია არჩევნებზე გასვლას, ასევე დაშლილი როგორიც დღეს არის, შედეგი რატომ უნდა იყოს უკეთესი, მე არ მესმის. ამიტომ, ოპოზიცია სტრუქტურულად უნდა ჩამოყალიბდეს, დალაგდეს, შემდეგ რა თქმა უნდა, შეიმუშაონ სტრატეგია - რა გააკეთონ და როგორ” - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს - რა შანსები აქვს და ვისთან ვიხილავთ სალომე ზურაბიშვილს

“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ვისთან შეიძლება შეკრას ალიანსი და ჩამოაყალიბებს თუ არა პარტიას პრეზიდენტი, ანალიტიკოსები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. დიდია ალბათობაა, რომ ზურაბიშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაში ვიხილოთ - ამბობენ ანალიტიკოსები, მათი თქმით, თუ პრეზიდენტმა პარტიის ჩამოყალიბება თავად გადაწყვიტა, სავარაუდოდ ის 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და ამის პერსპექტივა მხოლოდ უკვე არსებულ პარტიებთან ალიანსში ექნება. ამასთან, ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა “ნაცმოძრაობასთან” ითანამშრომლოს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კითხვა “რადიო თავისუფლების” პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ “თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს - რა შანსები აქვს და ვისთან ვიხილავთ სალომე ზურაბიშვილს.

“ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა, შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა საარჩევნო რბოლაში რაიმე ფორმით მონაწილეობას, მან უპასუხა რომ ასეთ შემთხვევაში იგი ყველაფერს განიხილავს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს და “ამისთვის ახლა მიზეზს წინასწარ იგონებს”. “სალომე ზურაბიშვილის განცხადება გარკვეულწილად თვალთმაქცურია, რადგან დიდი ხანია, ის საკმაოდ ხისტად საუბრობს, რომ საქართველო ევროპულ მომავალს ასცდა და მისი ხელისუფლება არასწორად მოქმედებს... ხელისუფლებას ევროპულ კურსთან არანაირი აცდენა არ აქვს. აქედან გამომდინარე, თითიდან გამოწოვილი კონცეფციაა, თითქოს საგარეო კურსს ვინმე ცვლის. მისი განცხადებები აზიანებს არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას. ეს არის მისი პოლიტიკური პორტრეტი და ამ პორტრეტით უნდა გამოსვლა ისე, რომ წარმატებას მიაღწიოს”, - ამბობს ვოლსკი, რომლის აზრით, “იგი ცდილობს, საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც ევროინტეგრაციის საკითხთა ლიდერი”, - აღნიშნავს გამოცემა.

უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ზურაბიშვილს რეიტინგი არ აქვს. “ის დიდი ხანია გაემიჯნა ქართულ ინტერესებს, მმართველ პარტიას, ხალხს და არის ხელმოცარულებთან, ვინც არიან რევოლუციურ სცენარებზე, ანტიევროპულ პოლიტიკაზე აქცენტირებულნი. “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ჩაფლავდა, ახლა გამოდის ორ ფრონტზე, ერთი იქნება ჩემი “ხაბე” და მისი შემადგენლობა, ანუ “ლუზერები” და აქეთ იქნება ვითომ ახალი სისხლი, მათ შორის ქალბატონი ზურაბიშვილი, გვარამია, “ლელო”, გახარია და დანარჩენი ხელმოცარულები. როგორც მანამდე ჩაფლავდა ყველა პროექტი და ვერაფერი მოაწყვეს, იგივე ბედი ეწევა ამას, ბარიერის პროცენტს ვერ გადალახავენ, 5 პროცენტიანს...” თქვა ზარქუამ. “პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებამდე არ უნდა გაუთავისუფლოს თანამდებობა ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, რომ ქოც-ხმოსნებით 5 წლით აირჩიონ კიდევ პრეზიდენტი, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებში ვისაც მანდატს მისცემს ხალხი, მათ უნდა აირჩიონ აპოლიტიკური პრეზიდენტი”, - განაგრძობს გამოცემა.

“საპარლამენტო არჩევნები იმიტომაა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ვისაც მანდატს მისცემს ხალხი, მათ აირჩიონ უკვე აპოლიტიკური პრეზიდენტი შემდეგი 5 წლის ვადით. პრეზიდენტს თუ მართლა უნდა, რომ ფუნქცია შეასრულოს, შეეცადოს, მეტნაკლებად მაინც გაჯანსაღებული იყოს საარჩევნო გარემო. აქ ვხედავ მე პრეზიდენტის როლს. დანარჩენი უკვე სხვა საკითხია”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” რამდენიმე სცენარზე ყვება თუ ვისთან შეიძლება ვიხილოთ სალომე ზურაბიშვილი, თუ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ზურაბიშვილს რეიტინგი არ აქვს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ გახარიასთან ალიანსში შვიდეს”, - დასძენს გამოცემა.

“თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რამდენიმე ვერსიაა - შესაძლოა შეუერთდეს და ითანამშრომლოს გახარიას პარტია “საქართველოსთვის”, ამ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. მეორე ვარიანტია, შესაძლოა მოლაპარაკებები გამართოს წვერილ პარტიებთან შემდგომი ალიანსის თაობაზე - “ლელოსთან”, “გირჩთან”, “დროასთან” და სხვა პროდასავლურ პარტიებთან, მათი რეიტინგი დიდი არაა და აქ პრეტენზია ექნება, რომ ლიდერი იყოს. ან არაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა პარტია თავად დააარსოს, სადაც შესაძლოა თუნდაც ლომჯარია ვიხილოთ. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი მაინცდამაინც დიდი არაა. მან შექმნა პარტია, როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა, 2006 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მისმა პარტიამ 3% მიიღო. თუ პრეზიდენტმა პარტია მარტომ შექმნა, შესაძლოა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს კიდეც. ის თავის დროზე რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა, რომ თითქოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მძინარე ცხინვალი დაბომბა - თუ თანამდებობიდან გადადგა, ბევრი ამას გაუხსენებს. მისი ალიანსი “ნაცმოძრაობასთან” გამორიცხულია...” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ზურაბიშვილი საქართველოში პოლიტიკური გვამია, ის არაქართული საქმის მკეთებელია, იგი მიმდინარე წლის 7-8 მარტს გარე პატრონების დავალებით, ერთ-ერთ ჩვენ სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანაში ჩავიდა და იქ თავისულების ქანდაკების ფონზე, პირდაპირ ტელევიზიით, გრიდორიადისის მსგავს ე.წ. მომიტინგეებს მოუწოდა, რომ ქართველი სამართალდამცავები მოლოტოვის კოქტეილებით დაეწვათ, ამის შემდეგ როგორ შეიძლება ეს ქალბატონი ან ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, ან პოლიტიკაში რაიმეს მსურველი?! მით უმეტეს, რომ მას იმპიჩმენტის პროცედურა აქვს გავლილი და საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, ამიტომ არც მორალური, არც ზნეობრივი უფლება არ აქვს, მაგრამ ყველაფრის მკადრებელია. თავად ლაპარაკობს, რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელიო და გარეშე ძალებმა რომ დაუკვეთონ და მას ბენზინი მისცენ, რომ საქართველოს გადაასხას და ცეცხლი წაუკიდოს, დარწმუნებული ვარ ამის გამკეთებელია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

“როდესაც ვლაპარაკობ, რომ ზურაბიშვილი ყველაფერზე წამსვლელია, არ გამოვრიცხავ გახარიასთანაც შევიდეს ალიანსში, რადგან ორივე ერთი და იგივე ყალიბის ჩამოსხმის ადამიანები არიან, ეს ორივე უმადურები არიან და საქართველოში პოლიტიკოსებად, ფიგურებად ბიძინა ივანიშვილმა გახადა, მაგრამ როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, ყველაზე მეტი დიდი უბედურება ადამიანისთვის უმადურობაა... დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გადადგება და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ შეუერთდება, რადგან გარე პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ. იმიტომ, რომ უკვე დაიწყება ყიყინი, რომ არჩევნები ყალბდებაო. თავად “ენდიაის” გამოკვლევა ვნახეთ, სადაც ოპოზიცია კატასტროფულ სიტუაციაშია, თუ რაიმე საშინელება არ მოაწყვეს, საკონსტიტუციო უმრავლესობას “ოცნება” აიღებს. ესენი იტყვიან არჩევნები გაყალბდაო და ხომ წარმოგიდგენიათ სახელწიფოს სათავეში პირველი პირი რომ იტყვის გაყალბდაო, მას რა მსოფლიოში რეზონანსი მოჰყვება?! ამიტომაც ზურაბიშვილი იქ სჭირდებათ, სადაც არის და რომელიც გარე ძალების ნებისმიერ დაკრულზე ცეკვავს”, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.

როგორ ისარგებლებს კრემლი, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო - “რუსეთი ეცდება საზოგადოებრივი აზრი გახლიჩოს”

“საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შემთხვევაში, “რუსეთი ამით ისარგებლებს, საქართველოს ნაცრისფერ ზონად ჩათვლის და ამას პროპაგანდისთვის გამოიყენებს”. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რუსეთი საზოგადოებრივ აზრს საქართველოში თავის სასიკეთოდ შემოატრიალებს. თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია კი ამბობს, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოში საზოგადოებრივი აზრი გახლიჩოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ ისარგებლებს კრემლი, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო - “რუსეთი ეცდება საზოგადოებრივი აზრი გახლიჩოს”.

“რუსეთი ყველაფრით სარგებლობს რაც კი ჩვენს დასავლურ ინტეგრაციის გზას აფერხებს - ისევ პროპაგანდის საშუალებით: “აი ხომ ხედავთ სინამდვილეში თქვენ არ გაქვთ შანსი ევროკავშირში გაწვრიანების”, “რაც უფრო დრო გავა უფრო ძნელი იქნება”, “არავითარი იმედი არ უნდა გქონდეთ” და რაღაც მსგავსი ნარატივები. ინტერპრეტაციას მისცემს ისეთს, რომ ევროპელები თქვენ გატყუებენ, გპირდებიან და არაფერი წინსვლა არ გექნებათო. ამ ვითარებაში რუსეთს ნებისმიერი მოკლევადიანი ტყუილი აწყობს. საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გაწევრიანება ევროკავშირში ეს არის ევროპის გაერთიანება და გაძლიერება. რუსეთისთვის თავისთავად, ევროკავშირის გაძლიერება არ არის სახარბიელო. ამიტომ ის ჩასაფრებულია, სადაც რამე შეფერხება ხდება, რომ იმავე წუთში შეაბრუნოს პროპაგანდისტულად და საქართველოს მოსახლეობა განაწყოს ევროკავშირის წინაღმდეგ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“კანდიდატის სტატუსის არ მიღების გამო შეიძლება შეირყეს საზოგაოებრივი აზრი, უბრალოდ უფრო პესიმისტურად განეწყონ ევროკავშირის მიმართ. არც ნატოსთან დაახლოების პერსპექტივა არ იქნება და ადამიანები, რომლებიც შეშინებულები არიან უკრაინაში განხორციელებული საშინელებებით, კიდევ უფრო შეშინდნენ და ეს დაეტყობა საზოგადოებრივ აზრს. ბუნებრივია, რომ ასეთი ტიპის ადამიანები და პოლიტიკური პარტიები პრორუსული განწყობის არიან, რომლებიც საკმაოდ აქტიურობენ საქართველოში, მათ უფრო ფართოდ გაეხსნებათ აქტიურობის შესაძლებლობები. ისინი ყველგან აქტიურობენ, ინტერნეტში სოციალურ ქსელებში და ბუნებრივია, ასეთი ქმედებები გაორმაგდება”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“საზოგადოებრივ კვლევებში 80%-მდე მოსახლეობის მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ბუნებრივია, რუსეთი ეცდება რომ საზოგადოებრივი აზრი გახლიჩოს საქართველოში და იმაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი რომ ევროკავშირში ვერ შევალთ არამედ იმაზე რომელი ჯობია საქართველოსთვის - ევრაზიულ კავშირში შესვლა თუ ევროკავშირში შესვლა. ჯერჯერობით ამას ვერ მიაღწია რუსეთმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მიუხედავად მცდელობისა. მაგრამ რუსები ცდილობენ რომ ჰყავდეთ საკუთარი გავლენის აგენტები საქართველოში და ორგანიზაციები რომლებსაც ისინი აფინანსებენ, ისინი მუშაობენ იმაზე რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი გაყონ” - დაასკვნის კორნელი კაკაჩია.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა