ზურაბიშვილი სააკაშვილს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ შეიწყალებს - არ გამოვრიცხავ, რომ დაინახონ, მტრის ხატი კარგად არ მუშაობს, „ოცნებამ", ზურაბიშვილის ხელით, ზედ არჩევნების წინ გაუშვას სააკაშვილი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ გარკვეულწილად, დაზღვევის როლს თამაშობს, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ჩემი აზრით, ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, ამიტომ კითხვა იმაში მდგომარეობს, ივანიშვილი ემზადება თუ არა ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ვერ გეტყვით, მაგრამ გამორიცხული არაფერია. საერთოდ არ გამოვრიცხავ, დაინახონ, რომ მტრის ხატი კარგად არ მუშაობს, „ქართულმა ოცნებამ" ზედ არჩევნების წინ გაუშვას სააკაშვილი ზურაბიშვილის ხელით და საზოგადოებას უთხრას, რომ აი, ისევ მე თუ არ მომცემთ ხმას, მიშა მოვა. „მიშა მოვა" გზავნილის გასაძლიერებლად რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს. წავა თუ არა ამაზე "ქართული ოცნება" ზურაბიშვილის ხელით, ამაზე ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ თუ წავა, ამას "ოცნება" აკეთებს.
სინამდვილეში ძალიან გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დაზღვევა "ქართული ოცნებისთვის", მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით,"- განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გადადგომას არჩევნებამდე და პოლიტიკაში მონაწილეობას, ხვიჩიას თქმით, ზურაბიშვილის ამოცანა იმ ხმების მობილიზება და ისევ ქართული ოცნების "ყულაბაში" დაბრუნებაა, რომელიც მმართველმა პარტიამ ბოლო პერიოდში დაკარგა.
„ხელისუფლების დამარცხება არ არის ზურაბიშვილის მიზანი, ის თავად არის ხელისუფლებაში, მოგეხსენებათ და ამ ხელისუფლებამ მოიყვანა ხელისუფლებაში. მისი მიზანი სინამდვილეში ისაა, რომ იმ პროდასავლურ ხმებს გაუკეთოს მობილიზება, რომელიც „ქოცებს“ ხელიდან გაუცვივდათ ბოლო პერიოდში და ის „ქართული ოცნების" ყულაბაში დააბრუნოს. ეს ძალიან მარტივი ნარატივია და მარტივად იკითხება,"- განაცხადა ხვიჩიამ.