ვიტალი ბალა - უკრაინისთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არა ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრობაა, ევროკავშირი უკრაინის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად 4 წელიწადში 20 მილიარდ ევროს გამოუყოფს

მას შემდეგ, რაც უკრაინამ ვერ მიიღო ამერიკისგან მორიგი დახმარება, რა ვითარებაა ქვეყანაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და საზოგადოებაში “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, აშშ-ში უკრაინის ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა. უკრაინამ ამერიკისგან ვერ მიიღო დაპირებული დახმარება.

ეს ხდება იმის ფონზე, როცა რუსეთმა სულ ახლახან კიევის დაბომბა, ხოლო შემდეგ ოდესა. უკრაინა ამერიკისგან არა მარტო სამხედრო დახმარებისთვის იღებს თანხებს, მაგრამ, ფაქტია, რომ ამჯერად ეს პროცესი მომავლისთვის გადაიდო.

როგორ აღიქვეს უკრაინაში და თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ ამჯერად შეფერხდა ამერიკისგან უკრაინისთვის დახმარების მიცემა?

- რა თქმა უნდა, დახმარების გადავადება არასასიამოვნოა ომში ჩართული ქვეყნისთვის, მაგრამ, ჩემი აზრით, სიტუაცია კატასტროფული არაა. ვიდრე ამერიკელები გადაწყვეტილებას მიიღებენ, უკვე ვიცით, რომ ევროპელები დაგვეხმარებიან. კვირის დასაწყისში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი აქტიურად განიხილავს უკრაინისთვის დახმარების საკითხებს.

მეტიც, ბრიტანელებისა და ნორვეგიელების, ასევე სხვა ჩვენი პარტნიორების დახმარებით უკრაინას მალე შავ ზღვაზე სერიოზული სამხედრო ხომალდები ეყოლება.

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკიდან ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში შემთხვევით არ ჩაფრენილა. ნორვეგიის სუვერენული ფონდი, რომლის ანგარიშზე ერთი ტრილიონია, აპირებს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას. ამ თანხებით უკრაინა შეძლებს იმ ტექნიკის შეძენას რომელიც მას ომის წარმოებისთვის სჭირდება. გარდა ამისა, დანიამ უკვე განაცხადა, რომ 4 მილიარდ ევროს გამოუყოფს უკრაინას.

დახმარების გადავადება არასასიამოვნოა ომში ჩართული ქვეყნისთვის, მაგრამ, სიტუაცია კატასტროფული არაა. ვიდრე ამერიკელები გადაწყვეტილებას მიიღებენ, უკვე ვიცით, რომ ევროპელები დაგვეხმარებიან

როცა ზელენსკი ამერიკაში იყო და სენატორების წინაშე გამოდიოდა, ამის შემდეგ სენატის თავმჯდომარემ თქვა - პრობლემა არა უკრაინაშია, არამედ იმაში, რომ ამერიკელებს ჯერ უნდათ გაამაგრონ მექსიკის საზღვარი და ამის შემდეგ იმსჯელონ უკრაინის დახმარებაზე.

ფაქტია, რომ ახლა ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საშინაო პოლიტიკაში ბრძოლა გამძაფრებულია. სამწუხაროდ, უკრაინა, გარკვეულ წილად აშშ-ში შიდაპოლიტიკური ბრძოლის მძევალი აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, უკრაინა, გარკვეულ წილად აშშ-ში შიდაპოლიტიკური ბრძოლის მძევალი აღმოჩნდა... მიუხედავად ყველაფრისა, ამერიკა მაინც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას

გასაგებია, რომ ახლა ამერიკას უკრაინისა და ისრაელის გარდა თავისი უსაფრთხოების პრობლემები აწუხებს. როგორც ჩანს, მიუხედავად ყველაფრისა, ამერიკა მაინც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

- სავარაუდოდ, როდის მიიღებს ამერიკა გადაწყვეტილებას დაეხმაროს უკრაინას?

- თუ იანვარში მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, ეს უკრაინისთვის კარგი იქნებოდა. მანამდე უკრაინას აქვს დარჩენილი გარკვეული მარაგები, რითაც შეიძლება გაუმკლავდეს პრობლემებს ბრძოლის ხაზზე და ეკონომიკურ პრობლემებს.

სი-ენ-ენ-მა ინფორმირებულმა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ბაიდენს აქვს შესაძლებლობა კონგრესის თანხმობის გარეშე დაეხმაროს უკრაინას, რადგან ომი უკრაინაში საფრთხეს უქმნის ამერიკის უსაფრთხოებას.

- საერთაშორისო მედიაში ხშირად გაიგონებთ საუბრებს, რომ დასავლეთი დაიღალა უკრაინის მიმართ სოლიდარობით. მედიის საქმიანობაში გარკვეული ადამიანების მტკიცებით, ამგვარი განწყობების ტირაჟირებას ხელს რუსეთი უწყობს.

თქვენი დაკვირვებით, დასავლეთი მართლა დაიღალა უკრაინის მიმართ სოლიდარობითა და დახმარებით?

- პუტინს უნდა რომ უკრაინა-რუსეთის ომი დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, 2024 წელი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ომში გადამწყვეტი წელი, თუ უკრაინა დასავლეთისგან დახმარებას მიიღებს.

დასავლეთი არ დაღლილა უკრაინის დახმარებით. ამ თემაზე არა ერთმა ევროპელმა ლიდერმა განაცხადა. გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

დასავლეთი არ დაღლილა უკრაინის დახმარებით

გარდა ამისა, უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით გააქტიურებულია ევროპა. ამ საქმეში უკრაინას პოლონეთის ახალი პრემიერი დონალდ ტუსკი დაეხმარება. არაა გამორიცხული ტუსკის გაპრემიერება უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის ევროპის სოლიდარობაში.

- უნგრეთის პრემიერი ორბანი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას. ახლა ვიცით, რომ უნგრეთი 10 მილიარდ ევროს მიიღებს და არ შეუშლის ხელს ამ პროცესს.

რამდენად მზადაა უკრაინა დაიწყოს მოლაპარაკებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე?

- ჩემი სუბიექტური აზრით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა. ჩემი აზრით, ჩვენთვის ახლა უმთავრესია უკრაინის ნატოსკენ მოძრაობა. ეს ასეა იმის გამო, რომ ახლა უმნიშვნელოვანესი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემებია.

გარდა ამისა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია. ბოლო ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ბრიუსელთან მოლაპარაკებებში 10 წელი იყო ჩართული. ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება ახლა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კარდინალურად არც არაფერს შეცვლის. კარგია, რომ უკრაინა ამ პროცესისათვის 2027 წლამდე 50 მილიარდ ეტაპობრივად მიიღებს.

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა. ჩვენთვის ახლა უმთავრესია უკრაინის ნატოსკენ მოძრაობა. ეს ასეა იმის გამო, რომ ახლა უმნიშვნელოვანესი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემებია

ვიმეორებ, უკრაინისთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არა ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრობაა. ევროკავშირი უკრაინის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად შემდეგ 4 წელიწადში 20 მილიარდ ევროს გამოუყოფს. იმედი მაქვს ამ თემაზე დღეს ბრიუსელში დაწყებული ევროპული საბჭოს სამიტი ჩვენთვის დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ თემაზე განცხადებები გერმანიის კანცლერმა შოლცმაც გააკეთა. თუ ორბანმა ბრიუსელში უკრაინის საკითხი დაბლოკა, უკრაინა ევროკავშირისგან სამხედრო დახმარებას ვერ მიიღებს. მაგრამ, უკრაინისთვის ყველაზე ცუდი ის იქნება, თუ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე უკრაინა ალიანსისგან მიწვევას არ მიიღებს.

- ამერიკელები ხშირად ამბობენ, რომ უკრაინისთვის მიცემულ დახმარებას ვერ აკონტროლებენ. რამდენად საფუძვლიანია მტკიცებები, რომ უკრაინაში ამერიკული დახმარება ნიავდება?

- დიახ ეს პრობლემაა. სენატის „რესპუბლიკელმა“ თავმჯდომარემ მაიკლ ჯონსონმა თქვა - გვინდა მივიღოთ პასუხი ორ კითხვაზე - მექსიკასთან საზღვრის გამაგრებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, და უკრაინისთვის მიცემულ დახმარებაზე. ამ ორივე კითხვაზე პასუხი არ მიგვიღიაო.

სამწუხარო ფაქტია, რომ უკრაინაში კორუფცია აფერხებს უკრაინის სვლას როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში. უკრაინაში კორუფციის თემას იყენებს ასევე ავსტრია.

სამწუხარო ფაქტია, რომ უკრაინაში კორუფცია აფერხებს უკრაინის სვლას როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში

- საერთაშორისო მედია ასევე ხშირად საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის უმაღლეს ეშელონებში საკმაოდ ბევრი არიან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები.

მეტიც, ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ რუსებს თავისი აგენტურული ქსელი ჰყავთ არა მარტო ევროპის ქვეყნებში, არამედ ამერიკაშიც.

არიან თუ არა უკრაინის უმაღლეს ეშელონებში რუსი აგენტები და რა გავლენა აქვთ მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში?

- ამერიკაში რუსებს აგენტურა არ სჭირდებათ, რადგან მათ იქ ჰყავთ ტრამპი და მისი ფრთა. ისინი რომ რუსეთზე მუშაობენ, ამაზე ისინი თავად ღიად საუბრობენ. რაც შეეხება ევროპას, ევროპის ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურები დიდი ხანია მუშაობენ და აფინანსებენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს.

რაც შეეხება უკრაინაში რუსეთის აგენტებს. რა თქმა უნდა, უკრაინაში არიან რუსეთის აგენტები. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ უკრაინის უსაფრთხოების უფროსის პირველი მოადგილე ნაუმოვი, რომელიც ახლა სერბეთშია გაქცეული და სერბეთი უკრაინისთვის მის გადმოცემას არ აპირებს, რუსეთის აგენტი აღმოჩნდა. ნაუმოვი გაქცეულია, მაგრამ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე პრეზიდენტს ხელმოსაწერად შეუტანა დოკუმენტი ნაუმოვის დანიშვნის შესახებ?

უკრაინის უსაფრთხოების უფროსის პირველი მოადგილე ნაუმოვი, რომელიც ახლა სერბეთშია გაქცეული და სერბეთი უკრაინისთვის მის გადმოცემას არ აპირებს, რუსეთის აგენტი აღმოჩნდა. ნაუმოვი გაქცეულია, მაგრამ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე პრეზიდენტს ხელმოსაწერად შეუტანა დოკუმენტი ნაუმოვის დანიშვნის შესახებ?

ამ ადამიანთა ჯგუფი ხომ ისევ უკრაინის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ტრიალებენ.

- ბევრი აცხადებს, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას.

ამ თემაზე პრეზიდენტმა ზელენსკი განაცხადა - „ვინც უკრაინას რუსებთან მოლაპარაკებების დაწყებას ურჩევს, შეუძლიათ თავისი შვილები ტერორისტებს ჩააბარონ.“

უკრაინული საზოგადოება როგორ აღიქვამს მოწოდებებს უკრაინამ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან და რუსეთს დაუთმოს თავისი ტერიტორიები?

- პრეზიდენტი ზელენსკი საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე სწორად რეაგირებს. მან იცის რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განცხადებები ხალხში არაპოპულარულია.

მეტიც, ყველა სოციოლოგიური კვლევაში საზოგადოების უდიდესი უმრავლესობაში რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მიუღებელია. საზოგადოების უმნიშვნელო ნაწილია მზად უკრაინამ თავისი ტერიტორიები დაუთმოს რუსეთს.

პრეზიდენტი ზელენსკი საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე სწორად რეაგირებს. მან იცის რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განცხადებები ხალხში არაპოპულარულია

- ყველაფერ ამის ფონზე რა ვითარებაა უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში?

- შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო განწყობაა. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში ბევრ საქმეს აკეთებენ ვოლონტიორები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ვერ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს.

ბევრად უკეთესი იქნებოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ძირითადად ვოლონტიორებზე არ იყოს დამოკიდებული.

- დიდი ხანია გვესმის საუბრები, რომ უკრაინა ამერიკულ F-16 ტიპის თვითმფრინავებს მიიღებს, მაგრამ, ჯერ არ შემხვედრია ინფორმაცია, რომ უკრაინას უკვე ჰყავს ეს საფრენი თვითმფრინავები?

- ამერიკულ F-16 ტიპის თვითმფრინავებს უკრაინა 2024 წელს მიიღებს. ვიცით, რომ რუმინეთის, ამერიკისა და ბრიტანეთის საწვრთნელ ბაზებზე უკრაინელი მფრინავები სწავლებებს გადიან.

იმედი მაქვს, როგორც იყო ნათქვამი, უკრაინა ამერიკულ F-16 ტიპის თვითმფრინავებს 2024 წლის გაზაფხულზე მიიღებს. თუ სწორად მახსოვს 61 ცალ ამ ტიპის თვითმფრინავზეა საუბარი.

უკრაინა ამერიკულ F-16 ტიპის თვითმფრინავებს 2024 წლის გაზაფხულზე მიიღებს. თუ სწორად მახსოვს 61 ცალ ამ ტიპის თვითმფრინავზეა საუბარი

F-16 ტიპის თვითმფრინავები ისევე როგორც „ლეოპარდები“ პანაცეა არაა. ისინი კარგი, ჩვენ ძალიან წაგვადგება, მაგრამ ეს იარაღი არაა ისეთი, რომელმაც ამ ომში შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშონ. F-35-ს რომ გვაძლევდნენ, მაშინ სულ სხვა ვითარება იქნებოდა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ