ერთ ჰექტარზე 300 კაცზე მეტის ყოფნა არ შეიძლება, ეს არის უსაფრთხოების პრობლემა - აუცილებლად თავზე უნდა დაგვენგრეს ან რაღაც
მოხდეს? - ამის შესახებ თბილისის გენგეგმის ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა თბილისში მაღალი ნაგებობების მშენებლობაზე.
ბოლქვაძემ ისაუბრა თბილისის განაშენიანებაზე და განაცხადა, რომ ქალაქის განვითარება ერთიან კონტექსტში უნდა იყოს წარმოდგენილი და დაუშვებელია ლანდშაფტის უგულებელყოფა, რაც თბილისის ფასეულობაა.
„ყველა წარმატებული პროექტი, მაშინ არის წარმატებული, თუ მაქსიმალურად ითვალისწინებს კონტექსტს. აქ, დაირღვა კანონები. სტუდენტებს ხშირად ვუსახელებთ „ბილტმორის“ მაგალითს, როგორც უარყოფით მაგალითს. აქ საუბარი არ არის მომწონს - არ მომწონს, არამედ იმაზე, რომ კანონი დაირღვა. გადაცდომაზე არ არის ლაპარაკი. ასევე ცუდი მაგალითია რუსთაველზე, 1-ელი სკოლის უკან საცხოვრებელი შენობა. მთაწმინდა შემოდიოდა, ის რუსთველის ლანდშაფტის ნაწილი იყო, ამ შენობამ კი ეს ფაქტობრივად დაკარგა. ყველა ქალაქის იდენტობა არის ლანდშაფტი, თბილისის ფასეულობა არის თბილისის ლანდშაფტი, მთაწმინდა, თაბორის მთა, მახათას მთა, რელიეფი და მისი პატივისცემა. ასეთი მაგალითებით მას ჩვენ მოვიშორებთ და ვაგდებთ, ფაქტობრივად, ჩვენ ვარღვევთ კანონს“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
ბოლქვაძის თქმით, არსებობს შესაბამისი კონტურები, რომლის მიღმაც განაშენიანება დაშვებული არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ, სადაც დაშვებულია, მაღალსართულიანი შენობები აშენდეს.
„ქალაქების ფასეულობებია, რამდენად მუშაობს ლანდშაფტი. გენერალურმა გეგმამ დანიშნა განაშენიანების კონტური, რომელიც ადრე არ იყო, რაც საშიშია. მთაწმინდაზე უკვე ჩანს, რომ უკვე ამოყვინთა რაღაც შენობებმა. ამიტომ კონტური დაინიშნა, რომ იმის ზემოთ განაშენიანება არ მოხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ, კონტური დავიცვათ და ქვემოთ ავაშენოთ 60 - სართულიანი. წარმოიდგინეთ, თუ აქ შეიძლება წარმატებით მშენებლობა ისე, როგორც „ბილტმორია“ და ა.შ.. კიდევ რომ მოითხოვოს ვინმემ მიმდებარედ [მშენებლობა] რით დავუსაბუთებთ, რომ არ შეიძლება?“ - მტკვრის ხეობა გაივსება ამ მაღლივებით“ , - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა სამშენებლო წესების მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ ერთ ჰექტარზე სამას კაცზე მეტის ყოფნა არ შეიძლება, მისივე განმარტებით, ეს არის უსაფრთხოების პრობლემა.
„სეისმიკით არის ეს მოთხოვნა და აუცილებლად თავზე უნდა დაგვენგრეს ან რაღაც მოხდეს? ამას წინათ, სადღაც სახლი დაიწვა და სახანძრო მანქანა ვერ მივიდა, იმიტომ, რომ ისეთი სიმჭიდროვეა, გზების პრობლემაა. ამიტომ, ეს სიმჭიდროვე [დაცული უნდა იყოს] და 300 კაცზე მეტი არ უნდა იყოს, ეს სანიტარულ-ჰიგიენრი პრობლემაა. სხვა შემთხვევაში არ იცხოვრება“, - განაცხადა ბოლქვაძემ.