რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა. 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თქმით, „2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა“.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართველ ხალხს ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებით რუსულ დეზინფორმაციას და რუსულ პროპაგანდას ავრცელებს.
„როცა პუტინს გადაწყვეტილი აქვს კონკრეტული ტერორისტული მოქმედებების ჩატარება, ცხადია, ამას წინ ვერავინ აღუდგება. იგივე ხდება დღეს უკრაინასთან მიმართებით. როგორ იქცევა ჰააგაში გასამართლებული ოფიციალური მკვლელის სტატუსით რუსეთის დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი.
რაც შეეხება რუსული პარტიის გაგრძელებას- ირაკლი ღარიბაშვილს და მის ბატონ ივანიშვილს, დეოლიგარქიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი და პლასტიკური ბარათების დამზადებული იყო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო სუს-ის უფროსი, მისი დაცვის წევრი იყო შს მინისტრი და ზოგადად, ყველა ბანკი „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილის თანამშრომელი იყო. ისინი ასე უყურებენ, რომ შპს არის საქართველო. მთავრობის სხდომა რომ ტარდება უნდა გვესმოდეს, რომ ბანკის „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლები იკრიბებიან ბიძინა ივანიშვილის საკეთილდღეოდ ანუ ბიძინა რა სიკეთეს მიიღებს, ისე მართავენ ქვეყანას. დღეს, როცა კანდიდატის სტატუსზე და ივანიშვილის დამსახურებებზე ლაპარაკობენ, ესეც შევახსენოთ მოსახლეობას - მათ არ უნდოდათ განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობისთვის. ქართველ ხალხს აქციები დასჭირდა ამისთვის, ისინი ანტიდასავლურ კამპანიასა და დეზინფორმაციაში იყვნენ ჩართულები. კობახიძე ამბობდა, რომ ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს, კალაძე ამბობდა, თუ არ მოგცემენ სტატუსს, რაც უნდა ის გააკეთონო. საქართველოს მოქალაქეს არ აქვს მოკლე მეხსიერება, ყველას კარგად გვესმის, სად ვიყავით, სად ვართ და 2024 წელს სად უნდა ვიყოთ. ახლა რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა. 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.