გაეროს ქალთა ორგანიზაცია და „საქსტატი“ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერილ კვლევას წარადგენენ

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, (საქსტატი), ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალ ეროვნულ კვლევას წარადგენენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება 19 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.

ღონისძიებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიებას დაესწრებიან და მისასალმებელი სიტყვით გახსნიან: გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შრომის ბაზრის, მიგრაციის და გენდერის პროგრამის მენეჯერი იურატე იუოდსნუკიტე და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

„პრეზენტაციის მიზანია, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგები პარტნიორ და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს გაუზიაროს, ხელი შეუწყოს დისკუსიას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო და პოლიტიკის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში" ფარგლებში ჩაატარეს. რაოდენობრივი გამოკვლევა საქსტატთან თანამშრომლობით წარიმართა, თვისებრივი კომპონენტი კი WeResearch-ის გუნდმა უზრუნველყო.

რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა. კვლევამ შეისწავლა, თუ როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის „გაერთიანებული ძალისხმევით გაძლიერდეს სვლა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად" შესრულებაში დაეხმარა. აღნიშნული რეკომენდაცია ერთ-ერთი იყო იმ სამი პუნქტიდან, რომლებიც შესრულებულად ჩაითვალა. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის წარმოება და მონაცემთა რეგულარული შეგროვება ცხადყოფს, რომ საქართველო სტამბოლის კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში", (EVAWGG) რომელიც 2020 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე მიმდინარეობდა, მიზნად ისახავდა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელსაყრელი გარემოს შექმნას, კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაუმჯობესებასა და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და რეაგირების ეფექტიანობის გაზრდას. ასევე, პროექტი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების, ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების გარდაქმნის მიმართულებითაც მუშაობდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა