ანა ბუჩუკური - თვალს ვადევნებთ „ოცნების“ ფერისცვალებას - „ოცნება“ არის პროსათავისო ძალა, არ არის პროქართული, არც პროევროპელი და პროჩინელი, ისინი გახდნენ „ევროპელებზე უფრო ევროპელები“

პრემიერ ღარიბაშვილის გუშინდელი ანგარიში იყო დადასტურება იმისა, რომ „ოცნება” არის პროსათავისო ძალა, არ არის პროქართული, არც პროევროპელი და პროჩინელი, ისინი გახდნენ “ევროპელებზე უფრო ევროპელები” და როგორიც დასჭირდებათ, პრო ისეთები გახდებიან - თვალს ვადევნებთ“ ფერისცვალებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ბუჩუკურმა გაიხსენა 2020 წელს გიორგი გახარიას პრემიერობის დროს წარდგენილი სამთავრობო პროგრამა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები რომ განხორციელებულიყო, საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული ექნებოდა.

„განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ვადევნებთ თვალს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალურ ფერისცვალებას და ზოგადად, „ოცნების” ხელისუფლების ფერისცვალებას. რეალურად, ბოლო დღეების განმავლობაში „ოცნებამ” კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პროსათავისო, პროთავისი ძალა, არავითარი პროდასავლელი, არავითარი პრორუსი, არავითარი პროჩინელი, სამწუხაროდ, ყველაზე მეტი პრობლემაა რომ “ოცნება” არც პროქართველია, არამედ არის პროთავისი, რაც ნიშნავს იმას, რომ მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, ნებისმიერი რამ რაც მას ძალაუფლებას შეუნარჩუნებს.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო 2020 წლის საარჩევნო პროგრამა, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი საარჩევნო პროგრამა, რომელიც პარლამენტში იქნა განხილული. ამ საარჩევნო პროგრამას ერქვა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, რომელიც იყო რეალური გზამკვლელი, თუ როგორ უნდა გაძლიერებულიყო საქართველო კიდევ უფრო მეტად ასოცირებული ტრიოს ფარგლებში როგორც ლიდერი. მაშინ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში საქართველოს ჰქონდა ლიდერის სტატუსი და ზოგადად, რეგიონში ის იყო გამორჩეული ქვეყანა, როდესაც საქმე ეხებოდა დემოკრატიულ განვითარებას. რეალურად, გახარიას მიერ წარდგენილი ეს გზამკვლელი შესრულებულიყო, საქართველო დღეს კანდიდატის სტატუსს კი არ იზეიმებდა, არამედ იქნებოდა შემდეგ ეტაპზე და დაწყებული გვექნებოდა მოლაპარაკებები შემდეგ ნაბიჯებზე. 2020 წლის სამთავრობო პროგრამის ოთხი ძირითადი მიმართულებიდან პირველი იყო ევროინტეგრაცია, მეორე ძირითადი მიმართულება იყო დეოკუპაცია, მესამე - საჯარო სამსახურის რეფორმა, მეოთხე - კორუფციასთან ბრძოლა. ოთხივე მიმართულებით როგორი სერიოზული ჩავარდნა აქვს დღეს საქართველოს, ყველა ვხედავთ. მოჩვენებითი ფერისცვალება, რითაც „ოცნება” ცდილობს საზოგადოება მოატყუოს, თითქოს ევროპელებზე უფრო ევროპელია, ღიმილისმომგვრელია. საქმეა გასაკეთებელი, კონკრეტული რეფორმებია გასატარებელი. “ოცნებას” თუ ჰგონია, რომ სტატუსი მიიღო და ამით ყველაფერი მორჩა, რეალურად, ახლა იწყება ყველაფერი”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია