პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამნისტია ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლება დანაშაულებრივად არის მოპოვებული. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი კერძო პირთა საკუთრებაში იყო და მოხდა მისი სხვა პირის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლება, ასეთ ფაქტებზე, ხსენებული კანონი არ ვრცელდება.

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე, ამნისტიის კანონი ამოქმედდა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო.

ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირების მიზანი იყო იმ ათასობით მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრეს. ამნისტიის კანონის გამოყენებით პირი ნასამართლევად არ ჩაითვლება.

კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლება დანაშაულებრივად არის მოპოვებული. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი კერძო პირთა საკუთრებაში იყო და მოხდა მისი სხვა პირის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლება, ასეთ ფაქტებზე, ხსენებული კანონი არ ვრცელდება.

ამნისტიის კანონი სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან და პირობითი მსჯავრისგან ათავისუფლებს პირს, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე - თაღლითობის მუხლით ან/და 362-ე - ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენების მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გზით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოიპოვა საკუთრების უფლება და თუ აღნიშნული პირი სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. ასევე, ამნისტია თანაბრად ვრცელდება როგორც დანაშაულის უშუალო ამსრულებელზე, ისე თანამონაწილეზე.

აღსანიშნავია, რომ თუ პირს სურს მასზე გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონით დადგენილი შეღავათი, მან ზიანი უნდა აანაზღაუროს 2024 წლის 1 სექტემბრამდე. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს დანაშაულებრივად დაუფლებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყოველგვარი სამართლებრივი ვალდებულებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის დაბრუნებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მიწის ნაკვეთის ღირებულების თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანას. აღნიშნული დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში, პირზე ამნისტია გავრცელდება, თუ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“,- აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, ამნისტია არ შეეხება საჯარო მოხელეებს, რომლებმაც დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინეს. ამნისტია ასევე არ გავრცელდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.

„ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემთხვევაში, პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო თანხის შეტანა უნდა განხორციელდეს ხაზინის ანგარიშზე.

პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს:

შესაბამის პროკურორს - თუ საქმე გამოძიების ეტაპზეა, ან თუ ძებნილი პირის მიმართ სამართალწარმოება დასრულებულია;

შესაბამის სასამართლოს - თუ საქმე განიხილება სასამართლოში;

თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ სასამართლოს - თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია.

ნებისმიერ პირს უფლება აქვს უარი თქვას მის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზე და ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

კანონის აღსრულების პროცესი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.

ამნისტიის კანონის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურის თბილისის და რეგიონალური ოფისები მზად არიან მოქალაქეების მისაღებად. ასევე, პროკურორები საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და ამნისტიის კანონის თაობაზე მოქალაქეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან“,- აღნიშნავენ პროკურატურაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი