წარჩინებულ სტუდენტებს „მწვანე“ და „აგროსტიპენდიები“ გადაეცათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წარჩინებულ სტუდენტებს „მწვანე“ და „აგროსტიპენდიები“ გადაეცათ.

მათივე ინფორმაციით, „მწვანე“ და „აგრარული“ სტიპენდიით, სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 64 სტუდენტი დაჯილდოვდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების პოპულარიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. ჩვენ დღეს სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 64 სტუდენტი დავაჯილდოვეთ „მწვანე“ და „აგრარული“ სტიპენდიით, რაც მათთვის არის სტიმული, რომ ახალგაზრდები მომავალშიც დაინტერესდნენ აღნიშნული პროფესიებით. ამავდროულად, მათ ვთავაზობთ სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რომელიც დღეს ორივე მიმართულების სხვადასხვა სპეციალობაში არსებობს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სტუდენტებისთვის „მწვანე“ და „აგროსტიპენდიების” გადაცემის ღონისძიებაზე.

საქართველოს 8 უნივერსიტეტიდან 1500 ლარიანი სტიპენდიით გარემოსდაცვითი მიმართულების 32 სტუდენტი დაჯილდოვდა. სტიპენდიები ვრცელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია), გეოლოგია, ეკოლოგია, კონსტრუქციული (გამოყენებითი) გეოგრაფია და გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ბუნების დაცვა და მეტყევეობა, გარემოს დაცვის ტექნოლოგიები.

საქართველოს 6 უნივერსიტეტიდან და 14 პროფესიული სასწავლებლიდან აგრარული მიმართულების 32 სტუდენტი 500, 1000 და 1500 ლარიანი სტიპენდიებით დაჯილდოვდა. აგროსტიპენდიები ვრცელდება შემდეგ პროგრამებზე: აგრონომია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგიები, აგროინჟინერია, ვეტერინარია, მევენახეობა/მეღვინეობა, ჰიდრომელიორაცია.

„დღევანდელი სტუდენტები საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და მდგრად განვითარებას გაუძღვებიან. მათ განათლებაში გაკეთებული ინვესტიცია საქართველოს მომავალში შეტანილი წვლილია“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ.

უწყების ცნობითვე, „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს, ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის უწყებებში.

„დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და თენგიზ ნასარიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამის ოფიცერი ლელა მამრიკიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით.

„აგროსტიპენდიების“ პროგრამა ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი