გუშინ ლანძღავდნენ და თათხავდნენ დასავლეთს, დღეს ევროკავშირის დროშა უჭირავთ ხელში, თან მარტო თავად უჭირავთ, საკუთარ მაგიდაზე დგამენ, სხვებს არ აძლევენ ამ დროშას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართულ ოცნებაზე“ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ იმ კატეგორიის ხალხია, რომელიც „ყვარყვარესავით ფერს იცვლის“ იმის მიხედვით, როდის როგორ სჭირდება მის კეთილდღეობას.
„იმ ქვეყანაში, სადაც ყვარყვარე თუთაბერის ფენომენი არსებობს და ყველას აქვს წაკითხულიც და ნანახიც, არ მგონია, რომ ადამიანები მოტყუვდნენ. ჩვენ გვინახავს ისტორიაში ასეთი მომენტები, ასეთი ფერისცვალებები ახასიათებდათ. ყვარყვარეს ქვეყანაში „ქართლმა ოცნებამ“ როგორ უნდა მოატყუოს საზოგადოება. როცა რა დროშა დასჭირდება მის ძალაუფლებას და იმას, რომ გააგრძელოს კორუფციის გზით გამდიდრება, იმ დროშას დაიჭერენ, მერე ამ სიმდიდრით დასავლეთში შეიძენენ ქონებას, იმიტომ, რომ კარგად იციან დასავლეთი ჯობია რუსეთს. ამ ქვეყანაში ძალიან რთული იქნება, რომ ვერ შენიშნოს ამომრჩეველმა, რომ ყვარყვარესთან აქვს საქმე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილი გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გლობალური ომის პარტია უზრუნველყოფს იმას, რომ ევროკომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცეს საქართველოსთვის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებაზე.
ნაცვლიშვილის თქმით, „ხალხის ძალის“ სახელით საზოგადოებას „ეფესბე“ ელაპარაკება.
„ეს განცხადებები, ეპისტოლარული ჟანრი, მაგ ხალხის არ არის სინამდვილეში. რასაც დაუდებენ იმას აჟღერებენ. „ხალხის ძალის“ არცერთმა დეპუტატმა ამდენი წერა-კითხვა არ იცის, რომ ამ წყობის წერილი დაწეროს. სამწუხაროა, რომ არ იციან, მაგრამ ეს უბრალოდ ფაქტია. ჩვენ აქ რუსული „ეფესბე“ გველაპარაკება. ხომ არ გგონიათ, რომ ის სპეცოპერაცია, რომელიც რუსული კანონის სახით იყო დაგეგმილი, ეს ხალხია მაგის შემომტანი და ანტიდასავლური რიტორიკა ამათ თავში მწიფდება? ეს არის მოსკოვში დაწერილი მესიჯბოქსი, რომელსაც შემდეგ ამათ დაუდებენ და აკითხებენ. დღეს დაუდებენ მოსკოვის და „კაგებეს“ მესიჯბოქსს, მერე ეტყვიან, რომ საჭიროა ევროპულობა ითამაშოთ და დაიჭერენ ევროკავშირის დროშებს პატარა მასხარებივით და მერე ამით ირბენენ პარლამენტში. ეს არის მათი როლი და დანიშნულება.
კანდიდატის სტატუსს, რომელიც მივიღეთ და არის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა ჩვენთვის, ამ კანდიდატის სტატუსს უგზავნის გზავნილს კრემლი. ეს ძალა არსად წასულა. „ხალხის ძალამდე“ იყო სხვა სახელის მქონე, ხვალ სხვას გააჩენენ და ეს ხალხი აღარავის გაახსენდება. რუსეთი არსად არ მიდის და გვეუბნება, რომ მიუხედავად ამ ნაბიჯისა, რომელიც ბრიუსელმა გადმოდგა საქართველოსკენ, მე კვლავ ჩასაფრებული ვარ, რომ ჩავფუშო ეს გეგმები და არ მივცე საქართველოს შესაძლებლობა, რომ გათავისუფლდეს იმპერიალიზმის ტყვეობიდან და გააგრძელოს თანასწორი სახელმწიფოების ოჯახში სვლა, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.