ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს — „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ (Women in AI) იწყებენ. Women in AI-ის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 200 ქალი, რომლებიც 9 თვის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტისა და ვებდეველოპმენტის მიმართულებებით გადამზადდებიან.
ეს გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალი ინიციატივა, რომელიც ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„აუცილებელია, რომ ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანების წარმომადგენლობა იყოს თანასწორი. ჩვენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ისევე როგორც სხვა ინსტიტუციები, სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ცდილობენ განახორციელონ ინიციატივები, რომლებიც ქალების გაძლიერებას ისახავს მიზნად. და მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიებში ქალთა დასაქმების სტატისტიკა ძალიან დაბალია. გოგოების რაოდენობა, რომლებიც ირჩევენ ტექნოლოგიებს საკუთარ მომავალ პროფესიად მხოლოდ 18-20%-ია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტატისტიკის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ქალთა დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სკანდინავიურ ქვეყნებშია და ეს ციფრი იქაც 24%-ია. Facebook და Google არიან ის ორი კომპანია, რომელშიც AI-ში ყველაზე მეტი ქალია დასაქმებული. Facebook-ის შემთხვევაში ეს გახლავთ 15%, Google-ის კი - 10%. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ განვახორციელოთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქალებს ხელოვნური ინტელექტისა და ვებდეველოპმენტის მიმართულებით გადავამზადებთ. ბენეფიციარებს მივცემთ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ დასაქმების დიდ შესაძლებლობას. საწყის ეტაპზე გადამზადდება 200 ქალი. რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ გოგოს ქვეყნის მასშტაბით, რომელიც 16+ წლისაა. 9 თვის განმავლობაში მათ ელოდებათ საკმაოდ კომპლექსური კურსი მრავალფეროვანი კურიკულუმით,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.
პროექტის პრეზენტაციაზე სპიკერები იყვნენ:
* თამარ საბედაშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე
* ნინო წილოსანი - გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე
* ანა რობაქიძე - სტარტაპ „თენეოს“ დამფუძნებელი
* მიხეილ რუხაია - BTU-ს პროფესორი, AI საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
„კიდევ ერთი ახალი პროგრამა ჩაეშვა ტექნოლოგიებში ქალების გასაძლიერებლად. უმნიშვნელოვანესია ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სხვადასხვა დონორებთან ერთად ახორციელებს. ხელოვნური ინტელექტში ქალების გაძლიერება მოგვცემს სექტორში ქალების სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფას. მოხარული ვიქნები, რომ მაქსიმალურად ბევრი ქალი დაინტერესდეს ამ პროგრამაში მონაწილეობით. დიდი მადლობა ამ იდეის სულისჩამდგმელებსა და განმახორციელებლებს,“ - განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, რომ ასეთი პროგრამა არსებობს. ტექნოლოგიებში გენდერული დისბალანსი ძალიან დიდი პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაში, სან-ფრანცისკოშიც, რომელიც ინოვაციების შექმნის ადგილად ითვლება. მე ხშირად მიწევს სან-ფრანცისკოში ყოფნა და იქაც კი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებზე ასეულობით სტუმრიდან შეიძლება მხოლოდ 2-3 იყოს ქალი. სწორედ ამიტომ მივესალმები BTU-ს ინიციატივასა და აქტივობას, რომ ხელი შეუწყოს ქალების ტექნოლოგიებში გაძლიერებას. ეს მნიშვნელოვანია, რაც ქალებისთვის შეიძლება გავაკეთოთ,“ - განაცხადა სტარტაპ „თენეოს“ დამფუძნებელმა ანა რობაქიძემ.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ, 16+ ასაკის მსურველს მთელი საქართველოდან. დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, გაიარონ ინგლისური ენის, ლოგიკური აზროვნებისა და ტექნიკური კომპეტენციის შეფასების ტესტირებები. რეგისტრაცია 2024 წლის 5 იანვრამდე გაგრძელდება, პროექტის უშუალო განხორციელება კი 2024 წლის 1 თებერვალს დაიწყება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში ცდილობს გაზარდოს ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში. აღსანიშნავია, რომ BTU-მ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით უკვე განახორციელა მასშტაბური, წარმატებული პროექტი “500 ქალი ტექნოლოგიებში”. Women in AI გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
(R)