რამდენად სწორი გზაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნება“ ლანძღო და ამით დაიმკვიდრო საკუთარი თავი პოლიტიკაში, ამას, ალბათ, არჩევნების შედეგები გვაჩვენებს, თუმცა, ღიად ვაცხადებთ, რომ ვემზადებით, რათა მომავალი არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა გაკეთდეს - ხელს გაწვდილს ვტოვებთ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ოპოზიციასთან თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაერთიანების შეთავაზების მიუხედავად, რატომ ხედავენ ოპოზიციური პარტიები პრობლემას, რომ საარჩევნო საკითხებზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმსჯელონ, ნადირაძე ამბობს, რომ ამას პატარა პარტიების მხრიდან საკუთარი თავის იდენტობის დამკვიდრების მცდელობას უკავშირებს.
„პატარა პარტიებს ხშირად უდგათ პრობლემა, რომ ბარიერი გადალახონ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უსამართლოდ აქვს დაწესებული. ამას [ოპოზიციის მხრიდან თანამშრომლობაზე უარს] ვაბრალებ საკუთარი თავის იდენტობის დამკვიდრებას, რათა კიდევ უფრო მეტად დაანახონ საზოგადოებას, რომ არსებობენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც არ ეკუთვნიან არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც „ქართულ ოცნებას“. რამდენად სწორი გზაა, რომ ლანძღო „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნება“ და ამით დაიმკვიდრო საკუთარი თავი პოლიტიკაში, ამას ალბათ არჩევნების შედეგები გვაჩვენებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს გზა აქვთ არჩეული, ღიად ვაცხადებთ, რომ ვემზადებით, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ გაკეთდეს კოალიციური მთავრობა. ამიტომ, ჩვენ ხელს ვტოვებთ მაინც გაწვდილს. არჩევნებამდეც, ვფიქრობ, ბევრი საერთო შეხების წერტილი და ინტერესი შეიძლება იყოს, მათ შორის ის, რომ ვიბრძოლოთ სამართლიანი არჩევნებისთვის და მთავარი სამიზნე იყოს ბიძინა ივანიშვილი. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ უმცირესობაში იქნება და პროდასავლურ ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობა ექნება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც დააკომპლექტებს კოალიციურ მთავრობას. ყველა კვლევით ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ როლი გადამწყვეტი იქნება, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე წარმოუდგენელია რუსი ოლიგარქის დამარცხება. „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და მეორე ან მესამე ადგილზე გასასვლელად ან ბარიერის გადასალახად კი არ ვიბრძვით, ვიბრძვით პირველ ადგილზე გასასვლელად. ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, რეფორმები სჭირდება. თუ ვინმეს ჰყავს რეფორმატორების გუნდი, თუ ვინმეს გამოსვლია რეფორმები ამ ქვეყანაში 2003 წლის შემდეგ, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ, ვფიქრობ, ამომრჩეველი გააკეთებს ამ არჩევანს“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ნადირაძემ 2023 წელიც შეაფასა და აღნიშნა, რომ რთული წელი იყო, თუმცა პროცესები, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობდა დასრულდა და „პარტია თავისი სტრუქტურების გაძლიერებაზეა გადასული“.
„ზოგადად, რთული წელი იყო ქვეყანაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვქონდა შიდაპარტიული არჩევნები, პარტიას ჰყავს რეგიონში ყველაზე დემოკრატიული წესით არჩეული თავმჯდომარე, რადგან ასეთი ჩართულობა, როდესაც თავმჯდომარე პირდაპირი წესით აირჩა, არც რეგიონში და არც ქვეყანაში არ ყოფილა. იცით, პროცესები, რაც ვითარდებოდა, თუმცა დღეს ყველაფერი დასრულებულია. პარტია გადასულია თავისი სტრუქტურების გაძლიერებაზე, ვცდილობთ, ბევრი ახალი, საინტერესო ადამიანი, ახალი სახე მოვიზიდოთ, რადგან წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები, როგორიცაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობთ, რომ სააკაშვილის პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც არასდროს, ისეთ ფორმაში უნდა იყოს.
პროცესები, რომელიც ვითარდებოდა, როდესაც ჩვენი თანაგუნდელები, ყოფილი თანაგუნდელები ცდილობდნენ პარტიის შეურაცხყოფას, დაზიანებას, პარტიისთვის კარგი და სასარგებლო არ იყო, თუმცა ეს პროცესი დასრულებულია. ყოველდღიური შეხვედრებია რეგიონებში, გასვლები, გვქონდა თბილისის კონფერენცია. ვფიქრობთ, ნელ-ნელა შევდივართ იმ ფორმაში, რომელიც საჭირო იქნება რუსი ოლიგარქი ივანიშვილის დასამარცხებლად. კიდევ უფრო გაძლიერებული ვიქნებით მომავალი წლიდან, სადაც ბევრი საინტერესო ღონისძიება და საინტერესო ადამიანი გვეყოლება. ვეცდებით, რომ ჩვენი გუნდი მაქსიმალურად გადამზადებული, მომზადებული იყოს საარჩევნოდ, რადგან „ქართული ოცნება“ კვლავ ეცდება, რომ არჩევნების გაყალბების გზას დაადგეს. კვლევები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერა დაკარგული აქვს. არ შეუძლია, რომ ეს არჩევნები მოიგოს. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, გუნდში ბევრი საინტერესო ადამიანი“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.