ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთს არ აქვს ამ ომში წაგების ფუფუნება - რუსეთის მთავარი მიღწევა თუ ესაა, რომ უკრაინელების კონტრშეტევა ჩაშალეს, ეს არაპირდაპირი აღიარებაა, რომ მათ არაფერი შეუძლიათ

დასავლეთს არ აქვს [რუსეთთან] ომში წაგების ფუფუნება, იმიტომ, რომ ეს იქნება დასავლეთის დამარცხება მსოფლიო ომში, ამიტომ დახმარება იქნება და დახმარება მხოლოდ შეერთებული შტატებისგან არ იქნება, არამედ ევროპა ძალიან გააქტიურდა, მათ შორის პატარა ქვეყნებიც, რომლებზეც ადრე დიდ იმედებს არ ამყარებდნენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ წელს უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარება უნდა გაიზარდოს და თუ უკრაინას ეყოლება F-16 ტიპის 200 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავი, ეს რადიკალურად შეცვლის ფრონტზე არსებულ ვითარებას.

„დღეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ფრონტის ხაზი არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, ძალიან ნელა, გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის თანაბარი ძალები აქვთ ახლა, რაც უკრაინისთვის რეალურად ცუდი არ არის. უკრაინისთვის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებრიობა არ დაკარგეს და დიდი ქალაქები შეინარჩუნეს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 2024 წლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო დახმარების მოცულობა გაიზარდოს. აშშ-ის კონგრესში ეს საკითხი დგას და რეალურად რესპუბლიკელები უწევენ წინააღმდეგობას, ამას აბამენ საზღვრის გამაგრების საკითხს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და სავარაუდოდ, იანვარში ეს საკითხი გადაწყდება, იმიტომ, რომ დასავლეთს არ აქვს ამ ომში წაგების ფუფუნება, ეს იქნება დასავლეთის დამარცხება მსოფლიო ომში. ამიტომ, დახმარება იქნება და დახმარება მხოლოდ შეერთებული შტატებისგან არ იქნება, არამედ ჩვენ დავინახეთ, რომ ევროპა ძალიან გააქტიურდა და მათ შორის, პატარა ქვეყნებიც, რომლებზეც ადრე შეიძლება დიდ იმედებს არ ამყარებდნენ, მაგრამ დავინახეთ, რომ დანიამ ერთი მილიარდი ჩაურიცხა უკრაინას, ნიდერლანდების განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო F-16-ებთან დაკავშირებით - 18 ერთეულს გადასცემენ, ეს ძალიან მალე იქნება და რადიკალურად შეცვლის ვითარებას. 18 ერთეული უკვე კარგია, მაგრამ სხვა ქვეყნებიც თავის წილს გაიღებენ და თუ 200 ერთეული F-16 ექნება უკრაინას, ეს მართლა რადიკალურად შეცვლის ვითარებას.

რაც შეეხება კონტრშეტევას, მასზე არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ 100%-ით იქნება წარმატებული, ერთი კონტრშეტევა არ იქნება წარმატებული, მეორე -იქნება, მაგრამ რუსეთის მთავარი მიღწევა თუ ესაა, რომ უკრაინელების კონტრშეტევა ჩაშალეს, ეს არაპირდაპირი აღიარებაა, რომ მათ არაფერი შეუძლიათ. რუსეთის მიზანი არ იყო უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მისი მიზანი იყო უკრაინის მთლიანი ოკუპაცია და მისი სახელმწიფოებრიობის განადგურება, ამიტომ თუ შოიგუ აცხადებს, რომ [რუსეთის მიღწევა უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლაა], ეს არის არაპირდაპირი აღიარება, რომ რუსეთს მეტი სამხედრო შესაძლებლობა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეცადოს შეინარჩუნოს პოზიციები“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

მან ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ წარმოებული ომიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი საკითხი არა „ჰამასი“, არამედ ის არის თუ რა პოზიცია ექნება ისრაელს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და მიიტანს თუ არა მასზე იერიშს.

„ჰამასი“, ფაქტობრივად, განადგურებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მხოლოდ დროის ამბავია როდის დასრულდება ეს. მე არ ვამბობ, რომ 100%-იანი განადგურება იქნება, მაგრამ 90%-იანი განადგურება ნიშნავს იმას, რომ მას აღარ ექნება სარაკეტო შეტევების განხორციელების საშუალება, ისრაელის დატერორების საშუალება და ისეთი ოპერაციების ჩატარების საშუალება, როგორიც დავინახეთ 7 ოქტომბერს.

მთავარი „ჰამასი“ არ არის ახლა, მთავარია, როგორი იქნება ისრაელის „ჰეზბოლასთან“ ურთიერთობა. ერთეული შეტაკებები და სროლები გრძელდება ლიბან-ისრაელის საზღვარზე, „ჰამასთან“ შედარებით, „ჰეზბოლა“ გაცილებით უკეთ არის მომზადებული, არა მხოლოდ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, იგივე ფრთოსანი რაკეტების ძალიან დიდი რესურსი აქვს „ჰეზბოლას“ და ის არის პირდაპირ ირანის წარმომადგენელი ადგილზე. „ჰეზბოლას“ მიმართ როგორი იქნება ისრაელის პოლიტიკა, მიიტანს თუ არა „ჰეზბოლაზე“ შეტევას, ამაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და ვფიქრობ, რომ ეს საკითხიც 2024 წლის იანვრის თვეში, ალბათ, გადაწყდება. „ჰეზბოლაზე“ თუ იქნება შეტევა მიტანილი, ეს იქნება დიდი კონფლიქტი რეგიონში, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ირანი გვერდზე ვერ აღმოჩნდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა