ვახტანგ ძაბირაძე - ივანიშვილის დაბრუნებით ელექტორალური თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეიცვლება - ყველაფერს გასდის ყავლი, რამდენჯერ შეიძლება წახვიდე და დაბრუნდე? რა უბედურებაა

ყველაფერს გასდის ყავლი, რამდენჯერ შეიძლება წახვიდე და დაბრუნდე? რა უბედურებაა. ეს კაცი აკეთებს იმას, რაც მოესურვება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება არჩევნებს უკავშირდება, კორუფციასთან ბრძოლის ან გუნდის შეცვლის ფაქტორები კი რეალური არაა.

„არსებულ ვითარებაში არჩევნებისთვის დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ მართლაც მოიგებდა ამ არჩევნებს, მაგრამ არის ერთი რამ - თუ ოპოზიციაში მოხდა გადანაწილება, გადაჯგუფება და ოპოზიცია სხვაგვარად ჩამოყალიბდა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება. შესაძლოა, ერთ-ერთი ვერსია იყოს ის, რომ [დაბრუნების გადაწყვეტილებას] პრევენციული ხასიათი აქვს. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ამ გამოკითხვებს ყველაზე ინტენსიურად ატარებს და მოსახლეობაში განწყობები მშვენივრად იცის. მართალია, ივანიშვილის დაბრუნებით ელექტორალური თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეიცვლება, თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილს ურჩევნია, თავად განაგებდეს ყველაფერს, მითუმეტეს, მნიშვნელოვანი იქნება, ალბათ, სიის დაკომპლექტება, რაზეც, არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით ჯგუფებს შორის დაპირისპირება არსებობდეს, მაგრამ არა ივანიშვილის ჩანაცვლებაზე, არამედ იმაზე, ვინ იქნება პირველი ვაზირი ივანიშვილის კარზე. ეს ერთ-ერთი ვერსიაა, იმიტომ რომ დანარჩენი - კორუფციასთან ბრძოლა, გადაჯგუფება, გუნდის შეცვლა, ისედაც შეეძლო და არაერთხელ გაუკეთებია იმ ხნის განმავლობაში, როდესაც არაფორმალურად მართავდა, რაც თავადვე დაადასტურა - 2-3 კაცს ვესაუბრებოდიო. 2-3 კაცზე მეტი, სალაპარაკო მართლაც არავინაა. „ქართულ ოცნებაში“ 2-3 კაცი სრულიად საკმარისია, რომ დაელაპარაკო, რადგან გადაწყვეტილების მიმღებები ისინი არიან. რაც შეეხება კორუფციას, აქაც მშვენივრად შეეძლო ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ივანიშვილისთვის კორუფცია არაა დიდი პრობლემა მისი მენტალობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, როგორ გახდა მილიარდერი. ამიტომ, მგონია, რომ ეს ფაქტორები რეალური არაა.

კიდევაა ერთი ნიუანსი - ჩვენი პარტნიორების ერთ-ერთი მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაა. ახლა რა უნდა ვქნათ? აქამდე ხელისუფლებას შეიძლება ეთქვა, რომ ივანიშვილი არაა ხელისუფლებაში და ახლა? - როდესაც ხელისუფლებაშია და უბრალოდ ფარული მმართველი კი არა, რეალური მმართველი გახდა? ეს [საკითხი] კიდევ უფრო მწვავედ დგება. თვითონ ივანიშვილის ინტერესი რა არის, ეს ცოტა რთული განსასაზღვრია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ ივანიშვილი თავად იღებს გადაწყვეტილებას. თუ ამ ვერსიას გავყვებით, რომ დეოლიგარქიზაციას ითხოვენ და ამის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ ოლიგარქი მოიყვანა სამართლებრივადაც კი ხელისუფლებაში, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი სწორედ იმ გზისა, რასაც ევროკავშირისკენ მივყავართ. „ხალხის ძალა“ არ ეყოთ, რათა ჩვენთვის სტატუსი არ მოეცათ, სტატუსი მოგვცეს. ახლა წინ უნდა წავიდეთ და როგორც ჩანს, გარკვეული ზღუდეები იქნება იმით, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდა“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წარმატება დამოკიდებულია იმაზე, დარჩება თუ არა ისევ მის საპირწონედ „ნაციონალური მოძრაობა“.

„დღეს უკვე საზოგადოება გადანაწილებულია, ნებისმიერი გამოკითხვა ამას აჩვენებს, რომ სამი დიდი ელექტორალური ჯგუფი გაჩნდა - „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მესამე, რომელსაც არც ერთი უნდა და არც - მეორე. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმატება ისევ არის დამოკიდებული იმაზე, დარჩება თუ არა ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ საპირწონედ? თუ არჩევანი ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იქნება, არ გამოვრიცხავ, რომ ისევ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს, მაგრამ თუ ოპოზიცია გადაჯგუფდება, „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 76 მანდატს, რაც მთავრობის დასაკომპლექტებლადაა საჭირო“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა