7 ოქტომბერი არასდროს არ უნდა განმეორდეს, აშშ მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ გზაზე მუშაობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდეს”, - განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე “ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერების” შესახებ მოწოდება გააჟღერა და აღნიშნა, რომ აშშ “სასწრაფოდ მუშაობს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისაკენ გზის გაკაფვაზე”.
ბლინკენმა “უსაფუძვლო” უწოდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ გენოციდის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ ბრალდებები “განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ვინაიდან „ჰამასი“, „ჰეზბოლა“, „ჰუსიტები და მათი მხარდამჭერი ირანი აგრძელებენ ებრაელთა მასობრივი მკვლელობებისკენ მოწოდებებს”.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ისრაელმა თავის სამხედრო კამპანიაში “მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწია ახლა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ ეტაპზე გადადის.
“პალესტინელ სამოქალაქო პირებს სახლში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ მაშინვე, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემთ,” - განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ პალესტინელები ღაზიდან არ უნდა გადასახლდნენ.
ბლინკენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას უთხრა, რომ ეს არ მოხდება.