ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები რუსთავის მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანი მსჯავრდებულთათვის შობა-ახალი წლის მილოცვა იყო.
„დამსწრე საზოგადოებას, რელიგიის სააგენტოს სახელით, შობა-ახალი წელი მიულოცა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ და წარუდგინა ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციები.
სტუმრებმა მსჯავრდებულ 380 ქალს საჩუქრები - ტკბილეული, პირადი ჰიგიენის ნივთები და 20 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს. მსჯავრდებულებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიური ორგანიზაციებს და საკუთარი ძალებით ორგანიზებული კონცერტი გამართეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ია იმერლიშვილი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, „ხსნის არმიის" წარმომადგენლები, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი და იურისტი ავთანდილ კვერნაძე.
ერთი თვის წინ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გამართულ შეხვედრაზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ია იმერლიშვილმა ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გააცნო დეპარტამენტის ინიციატივა - პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და მათი სულიერი და რელიგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ პროცესში რელიგიის სააგენტოს აქტიურ ჩართვასთან დაკავშირებით. ინიციატივა ითვალისწინებს პატიმრებისთვის სამოქალაქო, რელიგიურ დღესასწაულებსა თუ სხვა დღეებში ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და აქტივობების მოწყობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.