ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას მილიარდობით ევროს დახმარებას ჰპირდებიან

ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე მოკავშირეებმა მკაცრად დაგმეს უკრაინაზე რუსული საჰაერო თავდასხმების ესკალაცია, ასევე რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ბალისტიკური რაკეტების და ირანიდან მიღებული დრონების გამოყენება, - ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრი და დღეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება უკრაინის თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ. ნატო-ს მეშვეობით მოკავშირეები ყიდულობენ Patriot-ის 1 000-მდე საჰაერო თავდაცვის რაკეტას მარაგების შესავსებად, რადგან ისინი აგრძელებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალიანსში აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანიამ უკრაინას მიაწოდა Patriot-ისა და Skynex-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და დამატებითი რაკეტები IRIS-T საჰაერო თავდაცვისთვის, ხოლო გაერთიანებული სამეფო უკრაინას დაახლოებით 200 საჰაერო თავდაცვის რაკეტას უგზავნის. შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინას 2024 წელს მილიარდობით ევროს სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ.

„მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და ბევრმა მოკავშირემ წარადგინა გეგმები 2024 წელს მილიარდობით ევროს შემდგომი მხარდაჭერის მიწოდების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნატო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეული და ირანული იარაღით.

„პუტინი ზედიზედ მეორე წელია ცდილობს მასობრივი დარტყმებით უკრაინის დათრგუნვას, მაგრამ არ გამოუვა. რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის სიმტკიცეს. როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ნატო-ს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ჩვენ გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელების გვერდით დგომას, რომლებიც რუსეთის აგრესიულ ომს უპირისპირდებიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისათვის, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გუშინ გაიმართა. შეხვედრა უკრაინულმა მხარემ რუსეთის მხრიდან ბოლო დროს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების საკითხის განსახილველად მოიწვია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები