ბიძინა ივანიშვილი არის დღეს სახელი, ლენინის სურათია კედელზე, მუშა ფუტკრები არიან კობახიძე-კალაძის ხალხი. აშკარად რთული იყო ვითარება, რომ მას მოუწია არამხოლოდ დაბრუნება, არამედ ინსტიტუციური დაბრუნება - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებაში“ კრიზისია და შესაძლოა, ის ვადამდელ არჩევნებზეც წავიდეს, იმიტომ, რომ გააშეშოს ოპოზიცია და არ მისცეს ჩამოყალიბებისა და გადაჯგუფების საშუალება.
„ღრმად მწამს, რომ ივანიშვილს აწყობდა ის, სადაც იყო, ჩრდილში და იქიდან მართავდა სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ეცნობოდა სიტუაციას. ეჭვი არ მეპარება, რომ ყოველდღიურად ჩართული იყო ანალიზში, რა ხდება ქვეყანაში, პრესასაც კითხულობდა, ტელევიზორსაც უყურებდა, მაგრამ ჩართული არ იყო პოლიტიკაში ყოველდღიურად და ეს აწყობდა. ახალი წლის დღეებში იმიტომ დაბრუნდა, რომ ხმაური ნაკლებად გამოწვეულიყო, გაწოვილიყო ახალი წლისა და შობის დღეებში. ამაში გარკვეული ტაქტიკური ნახაზი ჩანს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა მოხდა შემდეგ. შემდეგ მოხდა ის, რომ მან მოიპოვა უფლება, საპატიო თავმჯდომარემ წარუდგინოს პარტიას პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. აქ გამოჩნდა რამდენად ღრმა კრიზისია „ქართულ ოცნებაში“. ამით „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, რომ მათ დემოკრატია საერთოდ არ აინტერესებთ. არც პარტია აინტერესებთ, არც ყრილობა, არც პოლიტიკური საბჭო, მთავარია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. როგორც ჩანს, შიგნით, პარტიაში, არსებობს რაღაც ძალა, ახალგაზრდული ძალა, რომელიც ხედავს, რომ შეიძლება მათ ჰქონოდათ უფლება ან შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი წამოეყენებინათ. სწორედ აქ ჩაკეტა კარები ბიძინა ივანიშვილმა. მას არ უნდა პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ იმდენად უნდა მართვა, რომ აქედან გამოსვლა არადემოკრატიული გზით მოახერხეს. მათ ფეხქვეშ გათელეს, ფაქტობრივად, შიდა პარტიული დემოკრატია. მაგრამ, ჯანდაბას, შიდაპარტიული დემოკრატია, ბევრ პარტიაშია ასე, მაგრამ ისინი აპირებენ ქვეყანა მართონ. პრემიერ-მინისტრი უნდათ რომ შემოგვთავაზონ არადემოკრატიული გზით.
ტემპერატურამ ისე აიწია, რომ რაღაც სერიოზული მოვლენები მიდის შიგნით. როცა ადამიანს მაღალი სიცხე აქვს და არ იცის რატომ, როგორც წესი, ორგანიზმში რაღაცები ხდება. ძალიან მაღალი ტემპერატურით შემოვიდა ივანიშვილი და აშკარად ჩანს, რომ რაღაც ძალამ მოინდომა ძალაუფლების ხელში აღება. თუ ჩემი ჰიპოთეზა არის სიმართლე, აპრილის ჩათვლით უნდა მოხდეს „ვიღაცის თავების გაგორება“. აშკარად რთული იყო ვითარება, რომ მას მოუწია არამხოლოდ დაბრუნება, არამედ ინსტიტუციური დაბრუნება. დემოკრატიული პრინციპების იმდენად ღრმად დარღვევა, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპაში სვლასაც. მგონი, რომ რაღაც გადაადგილება მოხდება. იმასაც არ გამოვრიცხავ, ისეთ ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს „ქართული ოცნება“, რომ ვადამდელ არჩევნებზეც წავიდეს. იმიტომ, რომ გააშეშოს ოპოზიცია და არ მისცეს ჩამოყალიბებისა და გადაჯგუფების საშუალება. ამ ფონზე, პირველს მაინც ველოდები მე, რომ მოხდება გარკვეული ჯგუფების ჩამოცილება ცენტრალური მაგისტრალიდან.
დღეს „ქართულ ოცნებას“ ორი ძლიერი ჯგუფი ჰყავს: კობახიძის და კალაძის ჯგუფი. ამ ორი ძალის გარდა, მესამეს ვერ ვხედავ. მგონია, რომ ღარიბაშვილი არის მკაფიოდ გამოხატული ივანიშვილის ადამიანი. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ მოინდომა დაერტყა ღარიბაშვილისთვის. ივანიშვილმა მოინდომა დაეცვა ღარიბაშვილი. ან მის დასაცავად, ან მისი მოთხოვნით დაბრუნდა, ჩემი აზრით, ივანიშვილი. ივანიშვილი არის დღეს სახელი, ლენინის სურათია კედელზე, მუშა ფუტკრები არიან კობახიძე-კალაძის ხალხი. მუშაობენ სხვადასხვა რეგიონებში. ისინი ქმნიან ამინდს ადგილებზე, ამიტომ აქვთ ამბიცია. ფიქრობენ: როცა ივანიშვილი წავა, ჩვენ რა?!
ოპოზიციას ვურჩევ, რომ, პირველ რიგში, უნდა გადაჯგუფდნენ და გამსხვილდნენ, დაანებონ ერთმანეთის კრიტიკას თავი. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მიხვდეს, რომ გარანტირებული ხმები აქვთ და მელიას კრიტიკას დაანებონ თავი. რაც არ უნდა მელიამ მას ხმები წაართვას, საკმარისი ხმები ექნებათ. სამაგიეროდ, მელიამ შეიძლება ხორცი შეისხას და „ნაციონალური მოძრაობის“ გულაყრილი ხალხი მოიმხროს, 5% გადავიდეს. მესამე ძალამ, ვინც რჩება, დაანებოს კრიტიკას თავი, მხოლოდ ლაპარაკს, რომ „ქართული ოცნება“ ცუდია, არ ჭრის ეს. რაც არ უნდა „ქართული ოცნება“ ცუდი იყოს, შენ უარესი ხარ. ამიტომ აჩვენონ უნდა ამომრჩეველს რით არიან უკეთესები. ის, რომ მარტო „ქართული ოცნება“ არის „რუსული ოცნება“, ყველას გვესმის და მუშაობს რუსულად, მაგრამ შენ რას აკეთებ, როცა ხარ ქართული რაღაც? მარტო გაერთიანება და მარტო ლანძღვა საკმარისი არ იქნება. შანსი გვაქვს, უკეთეს შემთხვევაში, 4-5 პარტია შევიდეს, უარესი 2-3. ამიტომ ისეთი 5 პარტია უნდა შევიდეს, შეიძლება უმცირესობის მთავრობა შეიქმნას. ამის შანსები გვაქვს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.