ვარკეთილში, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო პროცესი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ჩატარდა

გიორგი კავლელაშვილს, რომელიც მეუღლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გაიმართა, სადაც ბრალდებული მკურნალობს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ იყო, შესაბამისად სასამართლო პროცესი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ჩატარდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განუცხადა, მან გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულის

მიმართა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა.

„გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით გამოვიყენე პატიმრობა, მოგეხსენებათ, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახეა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩავთვალე საქმეზე არსებობდა, როგორც მტკიცებულებითი ისე ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი მტკიცებულებითი საფუძველი ეს არის მინიმალური სტანდარტი, რასაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებდა. ფორმალურ საპროცესო სამართლებრივ საფუძვლებში მოკლედ გეტყვით, დეტალებში აღარ მინდა ყურადღება გავამახვილო თავად ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე. არსებობდა, როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ისე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და მათ შორის, მიმალვის საფრთხე. ამაზე დეტალებში ვეღარ ვისაუბრებ, ეს სამი საფრთხე არსებობდა, რაც იშუამდგომლა ბრალდების მხარემ, გავიზიარე. [ბრალდებულის] მისი პოზიცია იყო ის, რომ დაეთანხმა, ცდილობდა რაღაც თავის მორალურ პასუხისმგებლობას, აქედან გამომდინარე საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია დაცვის მხარეს. ჩემამდე უკვე ინფორმირებული იყო, [რომ მისი მეუღლე მის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა]”, - განაცხადა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა.

შეგახსენებთ, ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს, გიორგი კავლელაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება გუშინ წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა, იგი ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას გადის.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე