პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, გიორგი კავლელაშვილმა, რომელიც მეუღლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაშია ბრალდებული, ითხოვა, რომ პატიმრობა შეფარდებოდა, თუმცა ეს დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს. პროკურორის განმარტებით, ეს სულ სხვა პროცედურაა, შესაბამისად, დანიშნულია ექსპერტიზები.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს გია შაიშმელაშვილმა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში” განუცხადა, სადაც გიორგი კავლელაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეზე არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება და ასევე, კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ბრალდებულს, როგორც ასეთი, პოზიცია არ დაუფიქსირებია, უბრალოდ ითხოვა, რომ ნამდვილად შეფარდებოდა პატიმრობა, დაეთანხმა[აღკვეთის ღონისძიებას] და ითხოვა, რომ შეფარდებოდა პატიმრობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს დანაშაულის აღიარებას, ეს სულ სხვა პროცედურაა. ახლა გადაწყდება ბრალდებულის გამოკითხვის საკითხი, რამდენად შეძლებს ის ინფორმაციის მოწოდებას და შესაბამისად, უკვე გაკეთდება ანალიზი“-განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.
პროკურორის განმარტებით, დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, შესაბამისი ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და ყველა სახის ექსპერტიზები, ასევე იგეგმება ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. რაც შეეხება მოტივს, როგორც პროკურორმა განმარტა, კონკრეტულ შემთხვევაში მოტივი უნდა გამოიკვეთოს ბრალდებულის გამოკითხვის და საქმის მასალების კომპლექსური შედარებით, ანალიზით. გია შაიშმელაშვილის თქმითვე, კონკრეტულ შემთხვევაში ჯერ არ არსებობს ბრალდებულის ჩვენება, ხოლო ბრალდებულის ჩვენების მოპოვების შემდეგ ისაუბრებენ დეტალურად მოტივზე.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს, გიორგი კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.