HRW - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს ეფუძნება და სამართლიანი სასამართლოს ნორმებს უგულებელყოფს

სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2023 წელს პოლიციის ძალის გადამეტებული გამოყენებისა და შეკრების თავისუფლებაში სახელმწიფოს უკანონო ჩარევის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს, - ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

„სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც სპონტანურად შეიკრიბნენ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ეს ზომები იყო არაპროპორციული და არასაჭირო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს იძიებს, საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მიიღო 124 საჩივარი ძალადობის შესახებ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ ქართული უფლებადამცველი ჯგუფები აკრიტიკებდნენ პოლიციის მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასაკავებლად ადმინისტრაციული ბრალდების გამოყენების მუდმივ პრობლემას.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად ეფუძნება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს და უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს ნორმებს. ივნისში პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის, ცნობილი უფლებადამცველი ჯგუფების წევრები, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა, რადგან ეჭირათ ბანერები, პრემიერის განზრახ დამახინჯებული სახელით, ცარიელი პლაკატები და კონსტიტუციის ასლი. 48 საათის შემდეგ პოლიციამ ისინი გაათავისუფლა. სექტემბერში სასამართლომ ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმა. ივლისში პოლიციამ ბათუმში რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართული ომის საწინააღმდეგო აქციის 20-მდე მონაწილე დააკავა. აგვისტოში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება ამ დაკავებების დროს პოლიციის მხრიდან სავარაუდო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch-ი იხსენებს, რომ ოქტომბერში, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები მიტინგებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში, რომელიც პოლიციას ანიჭებს დისკრეციულ უფლებას, დაშალოს ან დააკავოს მომიტინგეები, რომლებიც ცდილობენ ისეთი დროებითი „სტრუქტურები“, როგორიცაა კარვები და სცენები.

„აღნიშნულის შეუსრულებლობა გამოიწვევს 500 ლარის (დაახლოებით 190 აშშ დოლარი) ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას. იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 1 775 საჩივარი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების შესახებ და დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება 178 საქმეზე. ამავე პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 72 საჩივარი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა