ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიციის დილემა: ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს?!”
შეიცვლება თუ არა 2024 წელს ლიდერი ოპოზიციის ფლანგზე - ვის აქვს ენმ-ის ჩანაცვლების პოტენციალი
ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციის იწილო-ბიწილომ საზოგადოება დაღალა...”
იქნება თუ არა დარტყმა აფხაზეთზე - უკრაინამ ოჩამჩირეში მდგარი რუსული გემები თავის კანონიერ სამიზნედ გამოაცხადა
როგორ მუშაობს ანტიქართული პროპაგანდა აფხაზეთში - “ნომერი პირველი მტერი ისევ თბილისია. სიტყვა “საქართველო” შეიცვალა “თბილისით”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიციის დილემა: ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს?!”
"როდესაც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის გამარჯვებიდან მალევე გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა, ვრცელი წერილი გამოვაქვეყნე იმის ანალიზით, რომ ერთ წელიწადში ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ მისი წასვლა გაუმართლებლად მივიჩნიე. რა თქმა უნდა, ეს ყურად არავინ იღო. შესაბამისად, მისი მეორედ დაბრუნებისას უკვე რთული ვითარება იყო, ახლა მესამედ რა იქნება, კაცმა არ იცის. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ყველამ ვიცოდით, რომ აქამდეც ყველა გადაწყვეტილებას ის იღებდა, მაგრამ ეს ნაბიჯი და უკვე ოფიციალურად ”პრემიერის პრემიერად” მოვლენა, ძალიან შეურაცხმყოფელია... რაც შეეხება მისი დაბრუნების მოტივებს, ამაზე არაერთი ვერსია გამოითქვა და ყველას აქვს არსებობის უფლება”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ოპოზიციის დილემა: ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს?!
“მათგან ერთ-ერთია, რომ გუნდში დაპირისპირებაა, რაც შესაძლებელია ასეც არის. პოლიტიკაა და ასეთი რამ მოსულა, მაგრამ დაპირისპირება იქნება არა იმაზე, რომ ვინმემ ივანიშვილი ჩაანაცვლოს, არამედ მის კარზე პირველი ვეზირობისთვის. რაც შეეხება კორუფციას, ეს მართლაც უდიდეს პრობლემად იქცა. ლაპარაკია ელიტურ კორუფციაზე... თუმცა ამ ყველაფრის გადაწყვეტა ივანიშვილს შეეძლო კულუარული მართვითაც, როგორც აქამდეც აკეთებდა საკადრო გადაწყვეტილებებისა თუ საპარლამენტო სიის შედგენისას. ის თემები, რაც მან ჩამოთვალა, შეეძლო საკუთარი სასახლიდან მოეგვარებინა ისე, რომ ოფიციალურად პოლიტიკაში მოსვლა არ გამოეცხადებინა. ამიტომ, დიდი ალბათობით, კიდევ სხვა მიზეზებიც აქვს. ჩემი აზრით, ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება განვიხილოთ ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება და შეფასება, რომ ქვეყანაში არაფორმალურ-ოლიგარქიული მმართველობაა, ახლა კი ივანიშვილმა ეს ფორმალურად აქცია. არის ლაპარაკი, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოს აქვს შანსი დაიწყოს ევროკავშირთან დაახლოების ახალი ეტაპი, წევრობაზე დაიწყოს მოლაპარაკება და ამ შემთხვევაში ძალიან გაჭირდება ამ ეტაპზე გადასვლა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ის კი აცხადებს, რომ ქვეყანა უნდა წაიყვანოს ევროკავშირისკენ, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მისი დაბრუნება სწორედ ამის დაბლოკვას მოემსახუროს. ამბობენ იმასაც, რომ საარჩევნოდ მხარდაჭერის მობილიზება სჭირდება “ოცნებას” და ამისთვის დაბრუნდა, თუმცა არა მგონია, ეს მთავარი მიზეზი იყოს... არის კიდევ ერთი მომენტი - საქართველოში ხელისუფლებების ბოლო ორი ცვლილებისას ტრადიციად დამკვიდრდა - ჯერ იყო და, შევარდნაძემ გადადგომის შემდეგ მიიღო ხელშეუხებლობის გარანტიები, მან, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში, მაგრამ საქართველოში გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები. შემდეგ სააკაშვილმა 2012 წლის მარცხის შემდეგ ასევე მიიღო გარანტიები და დარჩა შემდგომი ერთი წელი პრეზიდენტად, დათქმით, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს დატოვებდა და აქაური პოლიტიკისკენ აღარ გამოიხედავდა. თავდაპირველად ასეც იყო, თუმცა გავიდა ხანი და მან ქართულ პოლიტიკაში ჩარევა დაიწყო. ჩემი აზრით, ამით დაარღვია იმ შეთანხმების პირობები და ამიტომაც ზის ახლა იქ, სადაც ზის”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არა მაქვს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი შეთანხმება არსებობდა. აქედან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ივანიშვილი ამ დაბრუნებით სამომავლო გარანტიებისთვისაც იღვწის, კულისებში ყოფნის შემთხვევაში ამაზე ვერ ილაპარაკებდა. 2024 წლის არჩევნებში კი ყველაფერია მოსალოდნელი, მიუხედავად ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობისა. თუ ოპოზიციურ ფლანგზე მოხდა მნიშვნელოვანი გადაჯგუფებები, მაშინ შესაძლოა “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა მართლაც დაკარგოს. ასეთ შემთხვევაში ივანიშვილს დასჭირდება გარანტიები, რასაც პოლიტიკური პოზიციიდან უფრო ადვილად მოითხოვს, თუ არჩევნებში დამარცხებას აღიარებს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დასჭირდება ივანიშვილს. თუ აღმოაჩენს, რომ საარჩევნოდ სჭირდება ამომრჩევლის ყურადღების კორუფციასთან ბრძოლისკენ მიმართვა, მაშინ ძალიან ცუდი დღე დაუდგება ხელისუფლების დღევანდელ გარემოცვას. ვფიქრობ, ეს იქნება პირდაპირი დარტყმები მთავრობის არაერთ წევრზე”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“თუ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ივანიშვილმა გუნდი მთლიანად ჩაანაცვლოს. ასე რომ, ის ცვლილებებს დაიწყებს იმის მიხედვით, თუ როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება კონკრეტული მომენტისთვის. დღესდღეობით ამის აუცილებლობა არა აქვს, უფრო გაზაფხულზე გამოჩნდება, დასჭირდება თუ არა ვინმეს გაწირვა. აქვე ვიტყვი ბარემ - როგორც კი ოპოზიციაში გაჩნდება 2-3 ჯგუფი, რომელთაც გარანტირებულად ექნებათ 5%-იანი ბარიერის დაძლევის საშუალება, მაშინ “ქართული ოცნება” იფიქრებს, რომ ბარიერი დასწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს... ჩვენი დასავლელი პარტნიორები ფრთხილად უყურებენ ივანიშვილის დაბრუნებას და ცდილობენ მეტი პოზიტივი დაინახონ მომხდარში. იმედოვნებენ, რომ ამან შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალოს პროცესი. პირადად მე ამგვარ ოპტიმიზმს, სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებ. გარდა ამისა, აქამდეც საბოლოოდ მასთან ლაპარაკობდნენ, ნებისმიერი სერიოზული თემის გადაჭრისას მაინც ივანიშვილს ხვდებოდნენ. ამიტომ ურჩევნიათ ოფიციალურად წარიმართოს პოლიტიკური პროცესი. მათაც კარგად იციან, რომ საქართველოში საკვანძო საკითხების გადაწყვეტა ივანიშვილის გარეშე არ ხდებოდა. ამიტომ ურჩევნიათ ივანიშვილთან უკვე ლეგალურად ჰქონდეთ საქმე”, - განმარტავს ვახტანგ ძაბირაძე.
“რაც შეეხება დანიის ელჩის სტატიას, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ოლიგარქია. არც ივანიშვილის პარტია და “ოცნების” მოკავშირეები დაუპირისპირდნენ პარტნიორი ქვეყნის ელჩს პირველად. ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება ძალიან აღიზიანებს ამ გუნდს და გამოთქმებში კორექტული არასდროს ყოფილან. გაიხსენეთ, შარშან რა ხდებოდა, ვიდრე არ დარწმუნდნენ, რომ საქართველო სტატუსს მიიღებდა. არ გამოვრიცხავ, დასავლეთის საწინააღმდეგო პროპაგანდა კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ ვეჭვობ ჯერ ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება მიიღოს ივანიშვილმა და მწვავე ანტიდასავლური კამპანია გააჩაღოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ელექტორატის განწყობა. დღეს “ქართული ოცნება” და ივანიშვილი ფიქრობენ ერთ რამეს, როგორ დაალაგონ ვითარება ისე, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ. გამარჯვებაში ვგულისხმობ უმრავლესობით, 76 დეპუტატით მოსვლას პარლამენტში. ამასთანავე, არ არის გამოკვეთილი, რა იქნება უკრაინაში, როგორ წავა საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში...”, - თვლის რესპონდენტი.
“გახარიას კრიტიკა კი იმდენად გაამძაფრეს, რომ ეს ეჭვს ბადებს. ვინ შეიძლება იყოს გახარიას ამომრჩეველი? “ქართული ოცნებიდან” წასული ელექტორატისა და ნეიტრალური ამომრჩევლის ნაწილი. ასეთ ვითარებაში გახარიამ კარგი ტაქტიკა აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბევრგან შექმნა ალიანსი, მაინც ვერ შეძლო “ქართულმა ოცნებამ” მისი “ნაციონალებთან” დაკავშირება. ამის გათვალისწინებით ოპოზიციაში “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ ყველაზე მაღალი რეიტინგი მას აქვს, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ უკვე გარანტირებულად აქვს 5%-იანი მხარდაჭერა. მე ვერაფერს ვიტყვი მის ივანიშვილთან კავშირზე, მაგრამ თუ არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა დადგება დღის წესრიგში, "ქართული ოცნება" გახარიასთან უფრო შეეცდება შეთანხმებას, ვიდრე, მაგალითად, “ლელოსთან”. პოტენციურად მელიას აქვს შესაძლებლობა 5%-იანი ბარიერი უპრობლემოდ გადალახოს. მას უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე გახარიას. თუ მოახერხა გაერთიანება ხოშტარია-ჯაფარიძესთან და ამასთანავე საპარლამენტო ჯგუფიდან ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის დამატება, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გუნდი შეიქნება”, - ამბობს ექსპერტი.
“თუ ისეთ სვლასაც გააკეთებს მელია, რომ თვითონ მეორე პლანზე გადავა და სხვა ლიდერი ეყოლება პარტიას, მაგალითად, ხატია დეკანოიძე, ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერ მხარდაჭერას მიიღებს. მოკლედ, ყველაფერი სწორ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება “ლელოს”, ეს პარტია ან ძალიან ჩქარობს, ან იგვიანებს. არ ვიცი, ვინ, რას და როგორ განსაზღვრავს პარტიაში, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო, რომ ხაზარაძე გადასულიყო უკანა პლანზე და ლიდერობა სხვისთვის დაეთმო. მიმაჩნია, რომ “ლელომ” აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს ანა დოლიძისა და ელისაშვილის პარტიებთან. ეს უნდა მოახერხონ, თუ სურთ სერიოზული ჯგუფი შექმნან”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “დიდი რეზონანსი მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ გიორგი კეკელიძის ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას...” - პასუხობს:
“საარჩევნო წელია და როდესაც ასეთი საკადრო ცვლილებები ხდება, ბუნებრივად ჩნდება კითხვები. კონსტანტინე გამსახურდია იყო პოლიტიკაში, არის პირველი პრეზიდენტის ვაჟი, რომელიც ამ ხელისუფლებისადმი ლოიალურია და აქვს გარკვეული ელექტორალური მიმზიდველობა. სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს მისი დანიშვნა. სხვა შემთხვევაში კეკელიძე ბიბლიოთეკის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვაზე არავისზე ნაკლებად არ ზრუნავდა. არა მგონია, გამსახურდიამ ამ საქმეს მასზე უკეთესად გაართვას თავი. არ ვიცი, საერთოდ, რა გამოცდილება აქვს საბიბლიოთეკო საქმეში. დღეს “ქართული ოცნება” ასე მარცვალ-მარცვალ ცდილობს შეაგროვოს მხარდამჭერები. ჩემი აზრით, ამჯერად მათ ე.წ. ზვიადისტების ხმების მოზიდვა სცადეს”.
შეიცვლება თუ არა 2024 წელს ლიდერი ოპოზიციის ფლანგზე - ვის აქვს ენმ-ის ჩანაცვლების პოტენციალი
“შეძლებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნებას და რომელ პარტიებს აქვთ საკმარისი რესურსი, რომ ამ თვალსაზრისით ენმ-ის ჩანაცვლება შეძლონ? ანალიტიკოსები ამ თემაზე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ამის თეორიული შანსი მხოლოდ სამ პარტიას აქვს, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ერთის მხრივ რამდენად სწორად წარმართავენ თავად ეს პარტიები საარჩევნო კამპანიას და რა გაგრძელება ექნება კრიზისს ენმ-ში. ენმ-ის პარტნიორი პარტიის, “კანონისა და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ნაწილს სწორედ იმაში ადანაშაულებს, რომ მათი მთავარი მიზანი არჩევნებზე არა “ქართული ოცნების” დამარცხება, არამედ ენმ-სათვის ხმების წართმევა და მეორე ადგილზე გასვლაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეიცვლება თუ არა 2024 წელს ლიდერი ოპოზიციის ფლანგზე - ვის აქვს ენმ-ის ჩანაცვლების პოტენციალი.
“მისი თქმით, ამას ცდილობენ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსათვის”, მამაკა ხაზარაძის “ლელო” და ასევე ენმ-დან წასული ნიკა მელიაც, რომელიც თავისი ახალი პარტიის პრეზენტაციას თებერვალში გეგმავს. “ვერ დაძრეს ადგილიდან “ნაციონალური მოძრაობის” სტაბილური ამომრჩეველი. მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება. ვერ წაიყვანს ნიკა მელია. მართლა ფიქრობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ოდესმე იყო ხატია დეკანოიძე და მურთაზ ზოდელავა? მიხეილ სააკაშვილის იდეამ და ენერგეტიკამ მოიტანა ეს პარტია... ახლა ბრძოლა მიდის, რომ მეორე ადგილზე იყოს რომელიმე მათგანი - “ლელო” ან გახარიას პარტია. მეორე ადგილისთვის მიდის სინამდვილეში ბრძოლა. ამათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი სხვა დანარჩენი. საზოგადოებას კი არ სჭირდება ახალი მინი ოლიგარქი. ხაზარაძის საოჯახო ფონდიღა აკლდა საქართველოს”, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ ენმ-ის ჩანაცვლების ყველაზე მეტი შანსი ამ ეტაპისთვის გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” აქვს. თუმცა, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა “ლელო” სხვა წვრილ პარტიებთან გაერთიანებას. ასევე რას იზამს ნიკა მელია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თეორიული შანსი სამივეს აქვს, ოღონდ თეორიული შანსი. ჯერჯერობით ისიც არ ვიცით, ნიკა მელიას რა პარტია ექნება, რა სტუქტურა და როგორი იქნება მისი, ასე ვთქვათ, ლიდერთა შემადგენლობა. ამიტომ აქედან რამეს პროგნოზირება საკმაოდ რთულია. ასევე არ ვიცით ვინ როგორ გადაჯგუფდება. ერთი რამ, რაც ვიცით, თითქოს ლაპარაკია იმაზე, რომ გახარია დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მელიას დამოკიდებულება, ასევე “ლელო” რას იზამს. კი, დღეს წვრილ პარტიებს შორის გახარია ყველაზე მეტად არის დაწინაურებული, თუმცა, თუ, ვთქვათ, “ლელომ” კარგად იმუშავა, შესაძლოა გახარიას ამომრჩეველი მთლიანად “ლელომ” წაიყვანოს. ამიტომ, დღეს ოპოზიციურ ფლანგზე, წვრილ პარტიებს შორის მელიას არ ვგულისხმობ, გახარიასა და “ლელოს” შორის არის კონკურენცია - ვინ გადაქაჩავს აი, იმ შუა ხმებს. ამიტომ ვამბობ, რომ თუ გახარია დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო “ლელომ” შეძლო რაღაც გაერთიანების შექმნა და სწორი ტაქტიკური ხაზის არჩევა, მაშინ შესაძლოა გახარიას ამომრჩეველიც მთლიანად “ლელომ” წაიყვანოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ასევე დიდი შანსი აქვს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასაც” მოუგოს. ისევე, როგორც საკმაოდ დიდი შანსი აქვს მელიას, თუ რაღაც ნაბიჯებს გადადგამს გაერთიანებისკენ, ვთქვათ, ხოშტარია-ჯაფარიძესთან ერთად”, - დაასკვნის ძაბირაძე. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ დღეს არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ ჩაანაცვლოს “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა. “მე მგონი ჯერჯერობით ამის პერსპექტივა არ იკვეთება. არცერთი სოციოლოგიური გამოკითხვა ჯერჯერობით არ უჩვენებს იმას, რომ ამ პარტიებს აქვთ ამის შესაძლებლობა, თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდში “აირაის” და “ენდიაის” მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ გამოკითხვებს”, - თვლის ანჯაფარიძე, რომლის თქმით, “მათი სანდოობა ეჭვის ქვეშ კი არის, მაგრამ რაღაც ტენდენციას მაინც აჩვენებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“რა თქმა უნდა, თვითონ რეალური პოლიტიკური მოვლენებიც კი არ გვიჩვენებს, რომ ამ პარტიებს ამ ეტაპზე გააჩნიათ ამის რესურსი. შესაბამისად, მე ვფიქრობ რომ კი, იქნება მათი მცდელობა, რომ ენმ-ის ელექტორატი საკუთარ მხარეს გადმოქაჩონ იქედან გამომდინარე, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” გარკვეული კრიზისული მოვლენები დაიწყო და შესაძლოა მათ აქვთ იმედი, რომ “ნაციონალებით” იმედგაცრუებულ ამომრჩევლებს თავისკენ წაიყვანენ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება იმ რაოდენობის ამომრჩეველი, მათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაზეც თქვენ საუბრობთ - რომ ჩაანაცვლონ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციის იწილო-ბიწილომ საზოგადოება დაღალა...”
“გავიხსენოთ, ივანიშვილი მეორედ რომ წავიდა, თქვა, ღმერთმა დამიფაროს, დაბრუნებამ მომიწიოსო. ლოგიკას რომ გავყვეთ, თავისი ხალხის მუშაობით კმაყოფილი რომ იყოს, არ დაბრუნდებოდა, ხომ? მე ვიცნობ მას და ვიცი, ძალიან არ უყვარს პოლიტიკაში და საერთოდ, საჯარო სივრცეში ყოფნა. ეტყობა, რაღაც დიდი საფრთხე დაინახა. რამდენად არის ეს მხოლოდ ის მიზეზები, რაც ყრილობაზე დაასახელა, ძნელი დასაჯერებელია. თუმცა ძალიან სერიოზულ მიზეზებზე ისაუბრა - ფაქტობრივად დაუფარავად ისაუბრა კორუფციის შესახებ, თქვა, რომ პარტიაში თავში აუვარდათ და შესაძლოა ერთმანეთს დასცხონ მაშინ, როცა ოპოზიცია სუსტია და ა.შ. მაგრამ არა მგონია, მხოლოდ ეს იყოს დაბრუნების მიზეზი”, - ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციის იწილო-ბიწილომ საზოგადოება დაღალა...”
“ყოველ შემთხვევაში, როდესაც მან ასეთი უცნაური ფორმით გადაწყვიტა პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა, რომელიც მსოფლიოში ყველგან ნომინალური ფიგურაა, მაგრამ დაიტოვა პრემიერ-მინისტრის დასახელების უფლება, რაც რეალურად უპრეცედენტოა, მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ შეეშინდა, არჩევნების შემდეგ რომელიმე გუნდი ისე არ მოძლიერდეს, რომ მისი ნებართვის გარეშე დაასახელოს პრემიერი. ამიტომაც ახლავე ქმედითი მექანიზმი შეიტანა თავის პარტიაში... მეორე საკითხია, რამდენად უშველის ეს ამ ყველაფერს, თუკი პარლამენტში ის ხალხი შევა, რომელიც მისი ერთგული არ დარჩება... ინფორმაცია ძალიან მწირია, მაგრამ ივანიშვილის იმ გამოსვლის შემდეგ თითქოს იგულისხმება, რომ იქნება საკადრო გადაადგილებები, თუმცა ისიც შესაძლებელია არც არაფერი მოჰყვეს და ეს მხოლოდ გაფრთხილება იყო - ანუ მან დაინახა მმართველობის საფრთხე და გადაწყვიტა, არა დისტანციურად ემართა, არამედ თავად დაენიშნა “მძღოლი” და თავადვე ეკონტროლებინა. პარტიაშიც გაიმყარა თავისი როლი, მიუხედავად იმისა, ისედაც ვიცოდით, რომ ეს პარტია მისია... მე დამრჩა შთაბეჭდილება, მან იგრძნო საფრთხე, რომ ვიღაცები აპირებდნენ პარტიის მის გარეშე მართვას და ამიტომაც დაბრუნდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“ვინ შეიძლება იყოს ასეთი ფიგურა და ვის შეიძლება გაუჩნდეს ასეთი ამბიცია? არ ვიცი, შესაძლოა ამ თამაშში კულუარული მოთამაშეები არიან ჩართული, მაგალითად, ძალოვანები. ყოველთვის ვამბობდი, რომ პოლიტიკაში ყველაზე საშიშია ის ხალხი, ვისაც დაუმსახურებლად დააწინაურებ, აიყვან მაღალ სოციალურ კიბეზე და მერე ყველაფერზე წამსვლელები ხდებიან ადგილის შესანარჩუნებლად. მეტიც, შესაძლოა იმასაც კი აუმხედრდნენ, ვისგანაც დავალებული არიან. ეს არაერთხელ მომხდარა მსოფლიო ისტორიაში. ამიტომ დაუმსახურებელი ხალხის პოლიტიკაში წინ წაწევა სახიფათოა. ივანიშვილის ნაბიჯები მიუთითებს, რომ მან რაღაცები ჩაკეტა, რაღაც გარანტიები იურიდიული კუთხითაც აიღო. იძულებული შეიქნა არა გარედან, დისტანციურად, არამედ ოფიციალურად შიგნიდან მართოს”, - განაგრძობს რესპონდენტი..
“მისი გამოსვლისას `ოცნების~ ლიდერებს მაინცდამაინც ბედნიერი სახეები არ ჰქონიათ, კომენტარებში კი იმდენი ილაპარაკეს მისი დაბრუნებით გამოწვეულ ბედნიერებაზე, რომ მთლად მისაღები არ იყო მათთვის ბიძინას გადაწყვეტილება და ცოტა შოკშიც კი იყვნენ. ბევრი აბსურდული ვარაუდიც მოვისმინე. მაგალითად, ივანიშვილს პუტინმა უბრძანა, მიდი და ახლა შენ გააჩერე ევროინტეგრაციის პროცესიო. ივანიშვილს დიდი ფული იმისთვის არ უშოვია, რომ დაკარგოს. მისი და მისი ოჯახის ბიზნესები მსოფლიო დიდი კაპიტალის გლობალური ქსელის ნაწილია, ეს ქსელი კი ამერიკის და ევროპის გარეშე არ არსებობს, მათზეა დამოკიდებული და არა პუტინსა და თუნდაც ჩინეთზე. ამიტომ დასავლეთთან დაპირისპირება მისთვის ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს და მაგალითებიც აქვს, თუ როგორ ხდებოდა რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაცია და ამაზე რატომ წავა? რასაც ამ კაცს ვერ წაართმევ, არის ცივი აზროვნება და რაღაცების დათვლა. ამიტომ გამოვრიცხავ, გადადგას ისეთი აფექტური ნაბიჯები, რაც მას და აქედან გამომდინარე, ქვეყანას შეუქმნის საფრთხეს”, - დაასკვნის ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ხაზარაძემ დღეები დაუთვალა ივანიშვილს, 289 დღეში რუსეთში იქნებაო...” - პასუხობს:
“ასეთი განცხადებებით წინ ვერ წავლენ. 2016 წლიდან მესმის, აი, ახლა დავამარცხებთ “ოცნებას”, დავანგრევთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო და ყველა არჩევნების შემდეგ უარესი შედეგი აქვთ. ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერ ხვდებიან, იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც დღევანდელი ხელისუფლება არ მოსწონს, მათ არ დაუჭერს მხარს. ხელისუფლებას ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ უკმაყოფილების, როგორც ხაზარაძეს უყვარს თქმა, კაპიტალიზაციას. ასეთი განცხადებებით კი, აი, 289 თუ 285 დღეში ივანიშვილს მოსკოვში ვიხილავთო, თუ ვინმეს ჰგონია, რამე ემატება, განაგრძოს ასე და ვნახავთ, რასაც დაიჭერს”...
“გახარია ყველაზე ადეკვატურია, რადგან თანაბრად დაშორებული პოზიცია დაიჭირა “ოცნებისგანაც” და “ნაცმოძრაობისგანაც”. არ აჰყვა “ნაცების” რიტორიკას და ოპოზიციური საზოგადოების დიდ ნაწილზე მუშაობს, რომელიც სადღაც 30%-ია. ჩემი აზრით, მან შეძლო “ოცნების” მომხრეების იმედგაცრუებული ნაწილის თავისკენ წაყვანა - ანუ ამ ეტაპამდე სწორად გაიარა. ახლა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირდაპირ მის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადავიდნენ, რადგან მათთვის საფრთხე ზუსტად ის ზომიერი ნაწილია, რომელიც ამოვარდნილი იყო ამ პოლიტიკური დისკურსიდან, რადგან ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ისე იქცეოდა, როგორც “ნაცმოძრაობ” - ასეთი ნაწილი 30-35%-ია. დაახლოებით ამდენივეა “ოცნების” მხარდამჭერი და 1/3 რჩებოდა ზომიერი პოლიტიკის მომხრე. სწორედ ეს მესამედი იყო ამოვარდნილი ამ პოლარიზებული სისტემიდან. გახარია ახლა იმას აკეთებს, რაც თავის დროზე “ლელოს” უნდა გაეკეთებინა - ზომიერი ელექტორატის სეგმენტზე ემუშავა და ეცადა, “ოცნების” უკმაყოფილო ამომრჩეველი წაეყვანა. თუმცა “ლელო” სწორედ “ნაცმოძრაობის” ამომრჩევლის ველზე მუშაობდა და მუშაობს, ხმებს “ოცნებას” კი არ ართმევს. გახარიაში ივანიშვილმა სწორედ ის საფრთხე დაინახა, რომ შესაძლოა “ოცნებაზე” იმედგაცრუებული ელექტორატი წავიდეს გახარიასკენ. ამიტომაც გასაგებია “ოცნების” მოტივი, როდესაც გახარიას ურტყამს”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.
“რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ივანიშვილმა გახარიასთან ერთად ახსენა, ძალიან გაჭიანურდა პრეზიდენტის არჩევნებში ჩართვა-არჩართვის პროცესი და, თუ რაღაცას ძალიან სწრაფად არ დაადგა თავი, დასაწყისშივე ჩაფუშული აღმოჩნდება. ხან ქალების გაერთიანებაზეა ლაპარაკი, ხან “ლელოსთან” კოალიციაზე ჭორები და ა.შ. და ამ დროს არაფერი ხდება, ეს მოლოდინი და იწილო-ბიწილო საზოგადოებას ღლის. ჩემი აზრით, ამის გამოც დიდია შანსი, რომ ხალხი აქედანაც გახარიასკენ გადაიხაროს, რადგან ის გასაგები მაინც არის, რას აკეთებს. აქ კი სრული გაუგებრობაა. ამასთან, არჩევნებამდე სულ რაღაც შვიდი-რვა თვეა დარჩენილი. ერთია, ლიდერებმა მოილაპარაკონ და ერთმანეთში დაალაგონ ყველაფერი და მეორე, თუ ქვემოთ არ დაალაგე სიტუაცია და შენი საარჩევნო მანქანა არ შექმენი, რასაც თვეები მაინც სჭირდება, არაფერი გამოვა”, - დასძენს ანალიტიკოსი.
იქნება თუ არა დარტყმა აფხაზეთზე - უკრაინამ ოჩამჩირეში მდგარი რუსული გემები თავის კანონიერ სამიზნედ გამოაცხადა
“უკრაინას სრული უფლება აქვს განახორციელოს შეტევა ოჩამჩირის პორტში მდგარ რუსულ სამხედრო ხომალდებზე და აქვს შესაბამისი შესაძლებლობებიც. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა ალეკსეი ნეიჟპაპამ განაცხადა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ახლო მომავალში შესაძლოა ვიხილოთ დარტყმები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონზე? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება განახორციელოს დარტყმა მოწინააღმდეგის იმ საშუალებებზე, რომელიც მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებაში და ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევად არ ჩაითვლება. გარდა უშუალოდ საჰაერო დარტყმებისა, ისინი არ გამორიცხავენ, რომ უკრაინელებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე გარკვეული სპეცოპერაცია და დივერსიაც მოაწყონ. აღსანიშნავია, რომ, არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის საპასუხო თავდასხმების გამო, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მინიმუმ 20 სამხედრო ხომალდი დაკარგა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იქნება თუ არა დარტყმა აფხაზეთზე - უკრაინამ ოჩამჩირეში მდგარი რუსული გემები თავის კანონიერ სამიზნედ გამოაცხადა.
“უკრაინის საზღვაო ძალების სარდალი ალექსეი ნეიჟპაპა “უკრაინსკაია პრავდასთან” აცხადებს, რომ კიევს შეუძლია და აქვს სრული უფლება, დაარტყას რუსულ გემებს ახალ საზღვაო ბაზაზე, მათ შორის თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამბობს, რომ რუსები ოჩამჩირეში სამხედრო პორტს თავისი შავი ზღვის ფლოტის გემების გადასანაწილებლად აშენებენ, რადგან ხომალდების ერთ ადგილზე თავმოყრა უსაფრთხო არაა. ალექსეი ნეიჟპაპას თქმით, ნოვოროსიისკის პორტი კლიმატური პირობების გამო ხელსაყრელი არაა, სევასტოპოლს კი აქვს ძალიან დახურული ყურე. “ოჩამჩირე გეოგრაფიულად ძალიან შესაფერისია გემების სადგომად. დაცულია ყველა ქარისგან, დასავლეთის ქარის გარდა, რაც ძალიან სიმბოლურია. ნოვოროსიისკში კი ძალიან უსიამოვნო ქარებია და ამიტომ პორტი დგომა სახიფათოა”, - განმარტა ნეიჟპაპამ. გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ოჩამჩირის პორტში ჯერჯერობით მოხდება მხოლოდ მცირე და საშუალო რუსული ხომალდების ბაზირება. უკრაინას კი სრული უფლება აქვს, რომ მოწინააღმდეგის ლოკაციებს დაარტყას. მისი ინფორმაციით, დღეს კიევს ასეთი შორი მანძილის იარაღი არ აქვს, თუმცა დასავლეთთან მოლაპარაკებები მიდის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“2024 წელს რუსები ამის გაკეთებას როგორ მოასწრებენ, ეს სხვა თემაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს ბაზა არ იქნება, ეს იქნება ბაზირების რაიონი, სადაც ამ ეტაპზე მცირე და საშუალო ზომის ხომალდების შემოყვანა შეეძლებათ. იქ ბაზის გაკეთებას ხუთი წელი მაინც მოუნდება. უკრაინას სრული უფლება აქვს განახორციელოს დარტყმა მოწინააღმდეგის იმ საშუალებებზე, რომელიც მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებაში. აქ მე ვერ ვხედავ ვერავითარ საქართველოს ომში ჩათრევის მიზეზს, რადგან ეს ტერიტორია ოკუპირებულია და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინა რაც უფრო მეტს დაარტყამს და რუსეთს რაც უფრო გაანადგურებს, მე რომ მკითხოთ, უკეთესია, გინდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია იყოს, გინდა “სამხრეთ ოსეთის”. მთავარია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მოხდეს აღნიშნული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“ამ ეტაპზე არ მგონია ასეთი სიშორის იარაღი უკრაინას ჰქონდეს, თუმცა არ გამოირიცხება ის, რომ ხვალ ექნება. თუ არ ვცდები, ყირიმიდან ოჩამჩირემდე 800 კილომეტრია. ადვილი შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას ჰქონდეს რაკეტები, რომლითაც შეუძლიათ აღნიშნულ ტერიტორიას მისწვდნენ. ამ რაკეტებს, რა თქმა უნდა, დასავლეთი მისცემს, ჯერ თავად ვერ აწარმოებენ. დღეს მაგრამ რაკეტების მოქმედების სიშორის გაზრდაზე მიდის მოლაპარაკება. ამის გარდა, ასევე გამორიცხული არაა, რომ თუნდაც აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიული მოქმედებები მოხდეს სპეცოპერაციის ფარგლებში”, - დაასკვნის გენერალი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ უკრაინას დღესაც აქვს საშუალება ოჩამჩირის პორტს მისწვდეს”, - დასძენს გამოცემა.
“უკრაინისგან საშიშროება იმისა, რომ ოჩამჩირის ბაზას დაარტყას, საკმაოდ მაღალია. ნოკოლაევისა და ოჩაკოვის სამხედრო ბაზებიდან დიდი მანძილი არაა. ეს იარაღია საზღვაო და საჰაერო დრონები, ასევე დივერსიული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება დივერსიული აქტი ჩაატარონ. საშუალებები ბლომადაა, ასევე საჰაერო საშუალებებიცაა - ბომბდამშენები “სუ-24”, რომლებსაც შეუძლიათ გადაიტანონ “ატაკამსი”, რომელიც ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსია ჰაერი-მიწა. ეს იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დაფარვის ზონაში და ამის საშუალებით შეუძლია დაარტყან 250-300 კმ-ის მანძილზე. აქ არავითარი საერთაშორისო სამართალი არ არსებობს. ეს ოკუპირებული ტერიტორიაა და იქ რუსი ოკუპანტები არიან. თან ისინი ოჩამჩირის ბაზას უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის გამოიყენებენ, აქაც არავითარი სამართლებრივი ბარიერი არ არსებობს. ვფიქრობ, რომ რუსები ყველაფერს იზამენ, რათა 2024 წლისთვის ბაზა მოასწრონ, მათ ეს ეჩქარებათ, თან ისედაც არც აპირებდნენ, რომ დიდი გემები შესულიყვნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
როგორ მუშაობს ანტიქართული პროპაგანდა აფხაზეთში - “ნომერი პირველი მტერი ისევ თბილისია, სიტყვა “საქართველო” შეიცვალა “თბილისით”
“რა იციან ოკუპირებულ აფხაზეთში არაოკუპირებული საქართველოს შესახებ, რა ანტიქართულ ნარატივებზე იზრდებიან თაობები და ამ პროპაგანდიდან რა “იყიდება” ყველაზე კარგად? - ომიდან 31 წელი გავიდა და თბილისიდან აფხაზ ძმებთან შერიგებისა და ბოდიშის მესიჯები ისმის, სოხუმში ანტიქართული პროპაგანდა კი ისევ ძლიერია. “ქართულ ჭაობში დახრჩობას რუსულ ოკეანეში დახრჩობა გვირჩევნია”, - ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზი სეპარატისტების ანტიქართულ განწყობას გამოხატავდა. იყო ბევრი სხვა ფრაზაც, მითი თუ ისტორიის ანტიქართული ინტერპრეტაციაც: განცხადებები, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს; ქართველებს აფხაზების განადგურება სურთ, ჩვილი ბავშვებით დაწყებული მოხუცების ჩათვლით; რომ არ გვეომა, აფხაზი ერი გაქრებოდა; ქართველები ფაშისტები არიან; ქართველებმა ისტორია აფხაზების საწინააღმდეგოდ გააყალბეს... რა შეიცვალა ომიდან 31 წლის შემდეგ? აფხაზების ცნობიერებაში დიდად არც არაფერი”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით როგორ მუშაობს ანტიქართული პროპაგანდა აფხაზეთში.
“თუმცა თუკი ადრე მტრად მხოლოდ “საქართველო”, ანუ თბილისი მიიჩნეოდა, ახლა ზოგჯერ რუსეთსაც მოიხსენიებენ - გაჩნდა ერთი ახალი ფრაზაც: “ძაღლები გავყარეთ და ღორები მოვიყვანეთ”. აფხაზური ნარატივი ასეთია: ქართველებმა წაგვართვეს სახელმწიფოებრიობა, იძულებით შეუერთეს საქართველოს და ჩვენი ეროვნული ლიდერი ნესტორ ლაკობა ბერიამ მოკლა; ჩვენი, აფხაზების, ქართველიზაცია მიდიოდა და რომ არ გვეომა და თავისუფლება არ მოგვეპოვებინა, უფრო ცოტა აფხაზი დარჩებოდა, ასიმილირდებოდა, გაქართველდებოდა და ერი გაქრებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი ალექსანდრე კვახაძე”, რომლის განმარტებით, `პროპაგანდის გარეშეც ყველა აფხაზი, ძველი საველე მეთაურიც და ახალგაზრდა "ენჯეოშნიკიც" თანხმდება, რომ უნდა შეინარჩუნონ ე.წ. დამოუკიდებლობა და ქართველები არ უნდა დაბრუნდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აფხაზებისთვის ყველაზე დიდი მტერი ორი ქართველია - ლავრენტი ბერია და გია ყარყარაშვილი. ძირითადი ნარატივია, რომ ქართველებმა, პირადად ლავრენტი ბერიამ, გააუქმა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოებრიობა. როდესაც გასაბჭოება მოხდა, აფხაზეთი გათანაბრებული იყო საქართველოსთან და საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა. მაშინ მეთაური იყო აფხაზი კომუნისტი ნესტორ ლაკობა, რომელიც წლების შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. აფხაზები ამტკიცებენ, რომ თბილისში ჩასული ლაკობა ბერიამ მოწამლა იმის გამო, რომ ის საბჭოთა კავშირში აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსით დატოვებას მოითხოვდა. დიდი პრეტენზია აქვთ ბერიას პოლიტიკაზეც, როცა მცირემიწიანი გლეხები სამეგრელოდან გულრიფშისა და ოჩამჩირის ბარის რეგიონებში, ასევე სოხუმის რაიონის გაუკაცრიელებელ სოფლებში ჩაასახლეს. ამბობენ, ქართველიზაცია მიდიოდა და რომ არ გვეომა, აფხაზი ერი გაქრებოდა. როგორც მეგრელები გააქართველეს, ასევე სურდათ ჩვენი გაქართველებაცო. სხვა პრეტენზებიც აქვთ, მაგალითად, ამბობენ, ქართველები ჩვენს ენას დასცინიან, სტვენაა და არა ენაო; საბჭოთა დროს დირექტორებად ქართველები ინიშნებოდნენ და მეორე პირები იყვნენ აფხაზებიო და ა.შ.” , - განაგრძობს ალექსანდრე კვახაძე.
“დღეს პროპაგანდა ყველაზე მეტად ომისდროინდელ ამბებს ატრიალებს. მაგალითად, გულწრფელად სჯერათ, რომ ომი თვითონ მოიგეს, რომ ქართველები ლაჩრები არიან. “Бежали робкие грузины”, - ლერმონტოვის ამ ფრაზას ხშირად იმეორებენ და ამბობენ, რომ ქართველებმა ომი არ იციან, ჩვენ კი ვაჟკაცი კავკასიელები ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მათი ლაჩრული ბუნებიდან გამომდინარე ჩვენ ომი მოვუგეთო... ხშირად იხსენებენ ლათის ტრაგედიას. ომის დროს ქართველებმა სოფელ ლათასთან ჩამოაგდეს ვერტმფრენი, სადაც სისასტიკით ცნობილი საველე მეთაური ასლან ზანთარია უნდა მჯდარიყო, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობა აღმოჩნდა. 82 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 35 ბავშვი და 30 ქალი. აფხაზების სისასტიკეებზე კი ამბობენ, ომი იყო და მოხდებოდა, თუმცა ბევრი რამ გაზვიადებულიაო. ანტიქართული ნარატივის გასაძლიერებლად გია ყარყარაშვილის გამონათქვამი მოჰყავთ, თუ 1000 ქართველი მოკვდება, მოკვდება ყველა, 90 000-ივე აფხაზიო. ამიტომ ამბობენ, ქართველებს ჩვენი ამოწყვეტა სურდათ და აფხაზ საველე მეთაურსაც გადაეკეტა ტვინი და სისასტიკე ჩაიდინაო. როგორც ჩვენთვის შაჰ-აბასია, აფხაზებისთვის ყარყარაშვილია”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ახალი აგრესიული ლოზუნგები არა აქვთ. იციან, რომ დღეს თბილისი აფხაზეთის სამხედრო გზით გათავისუფლებას არ განიხილავს, ამიტომ განგაშის განწყობა არ არის. თუმცა რომელიმე პოლიტიკოსის გასაშავებლად იყენებენ ყველაფერს, რაც ქართულთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ ვიღაც ნამყოფია არაოკუპირებულ საქართველოში, ენგურგაღმელებად, “ზა ენგურცებად” მოიხსენიებენ და როცა ვიღაც არაპოპულარულ რამეს იტყვის, მის გასაშავებლად ამბობენ, რომ ეს ენგურს გაღმა რიტორიკაა. მაგალითად, 2020 წელს დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა ლაშა საყანიამ ირმა ინაშვილი მიიღო და ამ ვიზიტმა საყანიას კარიერა შეიწირა, მიუხედავად იმისა, რომ ინაშვილი პრორუსია. არაოკუპირებულ საქართველოში ჩამოსვლაც კომპრომატია. სამკურნალოდ ჩამოდიან და მალავენ, ან ამბობენ, საქართველო აფხაზებთან ვალშია და გვეკუთვნის, რომ გვიმკურნალონო. ახალგაზრდებში ახალი ნარატივებიც გაჩნდა. ამბობენ, საერთაშორისო არენაზე გვბლოკავენ ქართველები, ეს არის თქვენი მშვიდობიანი ინიციატივა, როცა ჰუმანიტარულ საკითხებში ყველგან გვბლოკავთო?! რაც მთავარია, ყველა აფხაზისთვის მიუღებელია ქართველების დაბრუნება და დემოგრაფიული ვითარების ქართველების სასარგებლოდ შეცვლა”, - ამბობს ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
“მათი დამოკიდებულება ასეთია: ჯერ გვაღიარეთ, ხელი მოაწერეთ თავდაუსხმელობის შეთანხმებას, როგორც თანაბარ სახელმწიფო ძალასთან, დევნილებიც დაივიწყეთ და მხოლოდ ამის მერე ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენზეო. რაც შეეხება ანტირუსულ ნარატივებს, არც რუსეთი ეხატებათ გულზე. ამბობენ, “ძაღლები გავყარეთ და ღორები” მოვიყვანეთო. რუსეთ-კავკასიის ომის დროს სწორედ რუსებმა გაასახლეს მათი გენოფონდის დიდი ნაწილი. უბრალოდ, ახლა იძულებული არიან, რომ მოსკოვთან ურთიერთობა ჰქონდეთ”, - დასძენს ალექსანდრე კვახაძე. სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ იყო ლოზუნგური პროპაგანდისტული ფრაზები და იყო ისტორიის ამ პროპაგანდისთვის გამოყენებაც. ყველაზე მეტად დღეს უკანასკნელი ამართლებს”, - წერს სტატიის ავტორი
“აფხაზეთში ანტიქართული განწყობა სულ აქვთ. მათ ისტორიის სახელმძღვანელოებსა და ისტორიულ ნაშრომებში ომის დროს რუსეთის როლი მინიმალიზებულია, ხაზგასმულია აფხაზური “გმირობების” ამბები, ხოლო ქართველებზე ნათქვამია, რომ ფაშისტები არიან. იყო ლოზუნგური ფრაზები, თუნდაც ის, რომ რუსულ ოკეანეში დახრჩობა ურჩევნიათ ქართულ ჭაობს. ასევე გია ყარყარაშვილის გამოსვლა, რომ ნებისმიერი ქართველის სიკვდილის შემთხვევაში ბევრად მეტი აფხაზი იქნება ლიკვიდირებული. აქტიურად ტირაჟირებდნენ ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის თუ მეცნიერების ანტიაფხაზურ გამონათქვამებს. მაგალითად, მათზე აფსუების ძახილს, რომ ქრისტიანი აფხაზები ქართველები იყვნენ, ესენი კი აფსუები არიან. მერე შეცვალეს პროპაგანდა და ლოზუნგებიდან სამეცნიეროზე გადავიდნენ, რომ აფხაზების იყო მთელი დასავლეთ საქართველო, რომ ბაგრატიონების დინასტია აფხაზეთიდან მოდიოდა და საბუთად ქართველი ისტორიკოსების, მელიქიშვილისა და ჯავახიშვილის ნაშრომები მოჰყავდათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რაც ყარყარაშვილმა თქვა. აფხაზეთის სამეფოს პერიოდზე აკეთებენ განსაკუთრებულ აქცენტს. მათთვის ლეონ მეფესთან ერთად საამაყოა ბაგრატ მესამეც, რომელიც ქართველთა და აფხაზთა მეფე იყო. ამ დროს ბაგრატ მესამის ფრესკა რუსებმა გადაღებეს ბედიის მონასტერში და ხმას ვერ იღებენ. ამტკიცებენ, ძირძველი ტომი ვართ, არა ვართ მოსული აფსუები. ჩვენ უფრო დიდი ტერიტორია გვქონდა, ვიდრე დღეს გვაქვს და ქართველები რომ ამბობენ, სამურზაყანო საქართველოა, სამეგრელოს ნაწილიაო, ტყუილია, სამეგრელო კი არა, ქუთაისიც ჩვენი იყო, მთელი დასავლეთი საქართველო იყო აფხაზური, სადაც ქართველი ტომებიც ცხოვრობდნენო. აფხაზურ სამეცნიერო წრეებში ძალიან პოპულარულია მითი, რომ მეგრელები და სვანები ქართველები არ არიან. ამიტომაცაა, რომ ცდილობენ გალში მეგრული პრესის, ტელევიზიის შექმნას და ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლებას. ამით სურთ აჩვენონ, რომ დომინანტი იყო აფხაზური ფუძე და მის გარშემო გაერთიანდა სხვადასხვა ქართველთა თუ არაქართველთა ტომი”, - განაგრძობს არეშიძე.
“აფხაზები ამბობენ, რომ ომში 3000 აფხაზი დაიღუპა და პატარა ერისთვის ეს უზარმაზარი რიცხვია. ჩვენს დაღუპულ 23 000 კაცზე კი ამბობენ, თქვენთვის, დიდი ერისთვის, ეს გადამწყვეტი არ არისო. ჩვენ ვამბობთ, რომ აფხაზეთიდან გამოყარეს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის შერეული ოჯახები. ამაზე პასუხია, რომ ეს ომის შედეგია და ქართველების ბრალი იყო, ომი ქართველებმა დაიწყეს. ასეთი გაუთავებელი შეპასუხებებია. არადა, ჩვენ გვახსოვს არძინბას ცნობილი სიტყვები: “გაიძულებთ, რომ გვესროლოთ”. გულრიფშთან დაგვახვედრეს გვარდიელები, რომლებმაც გვესროლეს. ჩვენი მილიციის რაზმი შევიდა, რომ გალში ტყვედ ჩავარდნილი რომან გვენცაძე და სანდრო კავსაძე გაეთავისუფლებინათ. ჩასაფრებულმა აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გახსნა, და შეტევაც დაიწყო. არძინბას ზუსტად ეს უნდოდა. მანამდე უნივერსიტეტზე თავდასხმა და მთელი ამბები იყო. მოკლედ, რაც უნდოდათ, იმის პროპაგანდას ახდენდნენ და ამ ფორმით სთავაზობდნენ საზოგადოებას ადრეც და ახლაც”, - ამტკიცებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი.
“ასეთ დროს ქართული მხარე პროპაგანდის თვალსაზრისით პასიურია. ეს თემა მოხსნა, რადგან სურს რაღაცნაირად შეიქმნას ურთიერთობის გარკვეული ფორმატი, ხოლო თუ გაუთავებლად ილაპარაკებ, რომ აფხაზებმა ბევრი სისასტიკე ჩაიდინეს, კამანის ეკლესიაში ხალხი, მათ შორის მღვდელი როგორ დახვრიტეს და ა.შ., ეს კეთილგანწყობის ფორმატს არ წაადგება. ამიტომ აფხაზებს დარჩათ ბურთი და მოედანი და შეუძლიათ ფაქტები, რომლებიც მართლა მოხდა, მითებით შემოსონ. თბილისის ეს მიდგომა იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი, თუ რბილი ძალის ფრონტალურ შეტევას ავამოქმედებდით სოცქსელებში, საინფორმაციო სივრცეში. სხვადასხვა ტიპის კავშირების მეშვეობით მივაწვდიდით რეალურ ინფორმაციას და აფხაზ ახალგაზრდებთან ვიმუშავებდით. ამას ძალიან დიდი ფინანსები და ძალები სჭირდება. მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი და საზოგადოების წარმომადგენელია, რომლებსაც აქტიური დებატები აქვთ აფხაზებთან სოცქსელებში. ბოლო დროს სიტუაცია ოდნავ გამოკეთდა, სოცქსელში გაჩნდა რუსულ ენაზე საინტერესო სიუჟეტი, მაგალითად, პოპულარულ ენაზე თარგმნილია სინამდვილეში ვინ იყო მეფე ლეონი, ბაგრატ მესამე, როგორ მოხდა ჯიქების გააფხაზება, ადიღეური ტომების ჩამოსვლა და ა.შ... მოყვანილია როგორც ქართველი, ისე რუსი მეცნიერების ნაშრომები”, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.
“ჩაგვრის ელემენტებად იმას ასახელებენ, რომ ბერიას დროს მცირემიწიან ქართველებს ასახლებდნენ აფხაზეთში აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან. ასევე პრეტენზია აქვთ, რომ 40-იან წლებში ანბანი ხშირად შეეცვალათ. ეს მართლაც იყო პრობლემა. იყო თაობა, რომელმაც 4 ანბანი გაიარა, ჯერ ქართულ ანბანზე ასწავლიდნენ, შემდეგ რუსულზე, შემდეგ ლათინურზე და შემდეგ ისევ რუსულზე. დღეს ანტიქართული პროპაგანდის ერთადერთი უკბილო ნარატივია, არიქა, თბილისი ომს დაიწყებსო, მაგრამ ამის თავადაც არ სჯერათ. თუმცა ნომერი პირველი მტერი ისევ თბილისია. სიტყვა “საქართველო” შეიცვალა “თბილისით”. გაჩნდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რატომ არ ვაძლევთ გალელ ქართველებს მოქალაქეობასო. კი, თბილისი მტერია, მაგრამ რუსეთიც მტერი ყოფილაო. მოკლედ, დიდი ჭიდაობა აქვთ, მით უფრო ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის და ახლა აპარტოტელების გამო. დღეს აფხაზეთში, მათ შორის ახალგაზრდებშიც, ბევრი ხვდება, რომ თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდეს, მაგრამ ისეთი ხაფანგური სიტუაციაა, იქიდან ვერ გამოდიან”, - დაასკვნის არეშიძე.