ბიძინა ივანიშვილი აცდენილია ქვეყნის მიზნებიდან - მას მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ამოძრავებს, ჩვენ გვინდა, რომ ეს შევცვალოთ და ქვეყანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმართებოდეს, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ლელო" უახლოეს პერიოდში საკუთარ გეგმებზე მოსახლეობის ინფორმირებას გააგრძელებს.
"მას [ბიძინა ივანიშვილს] ამოძრავებს ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი უსაფრთხოება, პირადი კეთილდღეობა და ჩვენ გვინდა, ეს შევცვალოთ, რომ ქვეყანა იმართებოდეს არა ვინმეს პირადი კეთილდღეობის და ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ინტერებიდან გამომდინარე. რაც შეეხება "ლელოს" - ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. უახლოეს პერიოდში ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას იმ გეგმებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ როგორც კი "ქართული ოცნება" შეიცვლება და სათავეში პროევროპული დემოკრატიული კოალიციური მმართველობა მოვა," - განაცხადა ჯაფარიძემ.
მან ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შესაძლო თანამშრომლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ "ამ ეტაპზე, არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს".
გარდა ამისა, მან "ქართული ოცნების" დელეგაციის ჩინეთში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთმა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ მხარდაჭერა მკაფიოდ გამოხატოს.
"ჩინეთთან ურთიერთობაში ეკონომიკური ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა მკაფიოდ გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ, რაც არის ძალიან პრინციპული და ძალიან კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა ჯაფარიძემ.