მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციებსა და გადაჯგუფებებს კეთილსინდისიერ და პრინციპულ პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო

ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციებს და გადაჯგუფებებს კეთილსინდისიერ და პრინციპულ პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო - ეს ყველაფერი ნაკარნახებია მხოლოდ მერკანტილური მიზნებით, რომ საკუთარი ვიწროპარტიული გადმოსახედიდან შესაძლებლობა ნახონ და საარჩევნო ბარიერი გადალახონ, - აღნიშნული შეფასება დღეს პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის აზრით, გასაკვირია, როცა სტრატეგიას იმდაგვარად სახავენ, რომ თითქოს ვიღაც თანამშრომლობას აპირებს ნიკა მელიასთან, მაგრამ არ აპირებს თანამშრომლობას პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან".

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, დადასტურდა, რომ ვიდრე მელია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი იყო, "ლელო" და "ნაცმოძრაობა" ურთიერთთავსებადი პარტიები იყვნენ.

“გეგონება, მელია რომელიმე სხვა პარტიიდან ან დაჯგუფებიდან იყოს მოსული. როგორიც არ უნდა იყოს შიდა განხეთქილების ნანგრევების კონფიგურაცია, რა საკვირველია, საუბარია "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობაზე.

შეუძლებელია, ვინმემ ახსნას, რა არის იდეოლოგიური თანხვედრა პარტია "ლელო"-სა და ნიკა მელიას შორის. ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან გამოკვეთილი არ ყოფილა. ცალკეულ ლიდერებს პერსონალური თავსებადობა როგორი აქვთ, ეს არის განმსაზღვრელი ამ გაერთიანება-არგაერთიანების. ყველა კარგად ხვდება, რომ ვითომ "ნაცმოძრაობასთან" ართანამშრომლობა ნაკარნახევია იმით, რომ "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობა იმდენად უარყოფითი იარლიყია, რომ ამის გამხელა არავის უნდა. წარმოიდგინეთ, "ნაცმოძრაობიდან" გამოძევებულ ხალხთან თანამშრომლობა რამდენად დამაზიანებელი აღმოჩნდება იგივე "ლელო"-სთვის. ეს ის შეცდომებია, რაც შემოდგომაზე ოპოზიციის წარუმატებლობის მიზეზი იქნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, პარტია „ლელოს" საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი და წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული მაჩვენებლის გაუმჯობესების პერსპექტივაც არა აქვს.

„თუ არ ჩავთვლით იმ შესაძლებლობებს, რაც ოპოზიციურ ფლანგზე „ნაცმოძრაობის" დიდი ფიასკოს შემდეგ გაჩნდა. შეიძლება, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნაწილი აღმოჩნდეს, ვისაც ეს ჯგუფი იზიდავდეს. როგორც ჩანს, მელიასთან დაწყებული კონსულტაციაც ამ მიზანს ემსახურება. "ლელოს" განახლების განა რა რესურსი აქვს, თავის თავი გასჭირვებია. არ მგონია, მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ, რომ განახლება შესძლონ“, - დასძინა სარჯველაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა