უახლოეს მომავალში მსჯელობასაც კი არ ვგეგმავთ რაიმე ტიპის პოლიტიკური ერთობის შესახებ,- ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ლელო“ ინდივიდუალური გაძლიერების ეტაპზე იმყოფება.
„უახლოეს მომავალში არ განვიხილავთ, მსჯელობასაც კი არ ვგეგმავთ, რაიმე ტიპის პოლიტიკური ერთობის შესახებ. ვფიქრობ, ახლა ერთობებზე საუბარი ადრეა. მოქალაქეების ინტერესებს ვეყრდნობი. თუ რაიმე ტიპის დაკვეთა არსებობს ან იარსებებს „ლელოსთან“ დაკავშირებით, არჩევნებთან უფრო ახლო პერიოდში გვეცოდინება. ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, რომ ამ ეტაპზე და უახლოეს მომავალში, რაც შეიძლება ნიშნავდეს 1-2-3 თვეს, მსჯელობაც კი არ იგეგმება ამ საკითხზე“, - აღნიშნა კუპრაძემ.
მისივე თქმით, ყველასთვის ნათელია, თუ რა განსხვავებაა „ნაციონალურ მოძრაობის“ დღევანდელ ფორმაციასა და ნიკა მელიას შორის.
ამასთან, როგორც მან განმარტა, ნიკა მელიასთან თანამშრომლობა კომფორტულია, ის კარგს აქებდა, მაგრამ ბოდიშსაც იხდიდა წარსულის გამო.
„ვერ ხედავთ ღირებულებით განსხვავებას „ნაციონალურ მოძრაობის“ ამ ფორმაციასა და ნიკა მელიას შორის? ამასთან პირდაპირ კავშირშია თანამშრომლობის ჭრილი. არ მინდა თანამშრომლობა არაფორმალური მმართველობის სტილის პოლიტიკური პარტიასთან, რომელიც წარსულ, მძიმე დანაშაულებს ვერ იაზრებს და ბოდიშსაც არ იხდის, ვანო მერაბიშვილიც დააბრუნა პარტიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ნიკა მელია კარგს აქებდა, მაგრამ ბოდიშსაც იხდიდა წარსულის გამო, ის კომფორტული სათანამშრომლოა. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ხედავს განსხვავებას“, - აღნიშნა კუპრაძემ.
ამასთან, განმარტა, რომ ამ ეტაპზე „ლელოს“ რესურსი სრულიად საკმარისია, რომ პარლამენტში იყოს წარმოდგენილი.