ორი კომპანია რომ ახორციელებს რეაბილიტაციას, როცა ორივე შენი შერჩეულია, ორივე საქმეს ცუდად გააკეთებს და ორივესთან გიწევს ხელშეკრულების გაწყვეტა, პრობლემა კომპანიაშია თუ შენში?, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, მერია „უპასუხისმგებლობით და ტოტალური ტყუილებით“ ეკიდებოდა წერეთელზე მიმდინარე სამუშაოებს.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურას თვალი რომ გადავავლოთ, სექტორი მთლიანად არის შეცვლილი, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები, რომლებიც აქამდე ოპერირებდნენ, მთლიანად შეიცვალა და დღეს ტენდერებში მონაწილეობენ კომპანიები, რომლებიც აქამდე არ არსებობდნენ. კითხვაც მდგომარეობს იმაში, რომ ეს კომპანიები მათი გამოცდილებით გაქრნენ, ლიკვიდაცია გამოაცხადეს, თუ რა მოხდა? - ჩემი ვარაუდია, რომ ამ კომპანიების ცვლილებები მოხდა სახელისუფლებო ელიტის ცვლილებასთან ერთად“ , - განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადებში არდასრულება დაკავშირებულია სისტემურ პრობლემასთან.
„ორი კომპანია, რომ ახორციელებს რეაბილიტაციას, ორივე შენი შერჩეული რომ არის, ორივე საქმეს ცუდად რომ გააკეთებს და ორივესთან რომ გიწევს ხელშეკრულების გაწყვეტა, პრობლემა კომპანიაშია თუ შენში, რომელმაც არასწორად დაგეგმე ტენდერი, არასაკმარისი საგარანტიო თანხები ჩაუდე ხელშეკრულებაში?
ცხადია, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ, როდესაც ორი კომპანია გააფუჭებს საქმეს და ორივე კომპანიაში ერთი და იმავე სახის დარღვევებია, რასაკვირველია, შემსყიდველის პრობლემაა“,- განაცხადა ბუაძემ.
როგორც ბუაძე განმარავს, ეს არ არის პირველი პროექტი, რომელზეც პრობლემები შეიქმნა.
მისი თქმით, პრობლემები არის მერიის მიერ გახსნილ ყველა პროექტზე.
„კითხვა მიჩნდება: 10 დღის გამო აწიეს ამხელა ამბავი? 10 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს 18 მილიონი ლარის ათვისება და ეს სერიოზულად უნდა აღვიქვათ ჩვენ? თურმე, ძირითადი სამუშაო 10 დღეში ყოფილა შესასრულებელი და ამისთვის იხდიან 18 მილიონ ლარს? კომპანიას, რომელსაც რაღაც სამუშაოები უკვე შესრულებული აქვს, აპირებენ ეს თანხა წაართვან, „შეაწერონ“?
ეს არ არის პირველი პროექტი, რომელზეც პრობლემები შეიქმნა. პრობლემები არის მერიის მიერ გახსნილ ყველა პროექტზე. სამანქანო მოძრაობა, რომ გაიხსნება იტყვიან, რომ წერეთლის გამზირი გაიხსნა და შეგიძლიათ იმოძრაოთო, როდესაც დაუმთავრებელი იქნება. ასე იყო მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის დროს, როდესაც სანახევროდ იყო გზა დაგებული. ჩვენ ფულს რაში ვიხდით? ვიხდით იმაში, რომ დათქმულ ვადებში, აღიარებული სტანდარტით მოხდეს რეაბილიტაცია“,- განაცხადა ბუაძემ.