ზურაბ ჯაფარიძე - წლევანდელ არჩევნებზე გამარჯვების შანსი უფრო მაღალია, ვიდრე 2020 წელს იყო, ოღონდ სხვანაირი მობილიზება სჭირდება, რაშიც ოპოზიცია არ არის ფორმაში - მნიშვნელოვანია ძალების კონსოლიდაცია, ჩვენ არაერთ პოლიტიკურ ჯგუფთან გვაქვს კონსულტაციები

წლევანდელ არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შანსი უფრო მაღლია, ვიდრე 2020 წელს იყო, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, გამარჯვებისთვის მობილიზაციის ნაწილში ოპოზიცია ჯერჯერობით ფორმაში არ არის, თუმცა არსებულ სიტუაციას პესიმისტურად და ტრაგიკულად არ უყურებს.

„მე არ ვუყურებ პესიმისტურად და ტრაგიკულად სიტუაციას. მე მგონია, რომ გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალია. ეს შანსები უფრო მაღალიცაა, ვიდრე 2020 წელს იყო. 2020 წელსაც, რომ არ გაეყალბებინათ არჩევნები, ოპოზიცია მოიგებდა, მაგრამ მგონია, რომ ახლა გაცილებით უკეთესი შედეგის დადება შეუძლია ოპოზიციას. მათ შორის ისეთი შედეგის, როდესაც გაყალბებაც აღარ უშველის „ოცნებას“, ოღონდ ამას სხვანაირი მობილიზება სჭირდება და სხვანაირი ტიპის მუშაობა. ამ ნაწილში ოპოზიცია ჯერჯერობით არ არის იმ ფორმაში, რა ფორმაშიც უნდა იყოს და არ არის დაკავებული იმით, რითაც უნდა იყოს დაკავებული“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციის მნიშნველობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან კონსულტაციებს გადის.

„მნიშვნელოვანია და საჭიროა ძალების კონსოლიდაცია. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ 5%-იან ბარიერს. ამის გარდა ოპოზიციურ ფლანგზე დეფიციტია რესურსების, კოორდინაციაა საჭირო თუნდაც ხმების დაცვის თვალსაზრისით, ასევე საერთო მნიშვნელობის საკითხების გატანა რომ მოხდეს პარლამენტში. ბევრი საკითხია და მათ შორის დიახ, წინასაარჩევნოდ ძალების გარკვეული კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია, მათ შორის ეს დაკავშირებულია საარჩევნო ბარიერთანაც. თუ გამარჯვებაზეა საუბარი, არ შეიძლება, პროდასავლური, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს „ქართულმა ოცნებამ“ და ამას ჭირდება აქეთა ფლანგზე ისეთი კონფიგურაცია, რომ ხმები არ დაიკარგოს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფთან მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა ჯერ რაიმე ტიპის ერთობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ეს არც დაგვიმალავს არასდროს. ინიციატორები ვიყავით ძალების კონსოლიდაციის თითქმის ორი წლის წინ. ახლა ამ წუთშიც გვაქვს კონსულტაციები. გადაწყვეტილება რაიმე ტიპის ერთობაზე ჯერ მიღებული არ არის. ეს ისეთი პროცესია, რომელიც ფრთხილადაა გასავლელი, ამიტომ მე ვერიდები ხოლმე წინასწარ რაღაც განცხადებების კეთებას, მაგრამ რაღაც ტიპის კონსულტაციები გვაქვს არაერთ პოლიტიკურ ჯგუფთან“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, ზურა ჯაფარიძის შეფასებით, დღეს პოლიტიკად სატელევიზიო ეთერებში სიარული და მიმდინარე მოვლენების კომენტირება ითვლება, ხოლო შინაარსობრივ თემებზე არავინ საუბრობს, რადგან პოლიტიკური ბაზარი მათ ამას არ სთხოვს.

„მე მგონია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე შინაარსზე საუბრის პრობლემაა. ამის მიზეზი მათ შორის ისიცაა, რომ ხელისუფლებამ თავის დროზე, წლების წინ, შეწყვიტა დებატი და ამ დებატების გაქრობამ, მათ შორის მედია სივრციდანაც, გამოიწვია ის, რომ პოლიტიკოსობა რა არის დღეს? - იარო საღამოობით ეთერებში, ხანდახან დღის ეთერში და მიმდინარე მოვლენებზე აკეთო კომენტარები. ეს არის მარტივი ცხოვრება ქართველი პოლიტიკოსისთვის. ეს ითვლება, რომ არის პოლიტიკა და შინაარსზე არ ულაპარაკიათ წლებია. რომ დააყენოთ ქართული პოლიტიკური სპექტრი, 20-დან 19 შინაარსზე ვერ დაგელაპარაკება ვერცერთ მიმართულებაზე, ეს არის რეალობა. ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ რაღაცებში გაერკვნენ, მოემზადონ, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური ბაზარი მათ ამას არ სთხოვს და იოლად გადიან ფონს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო