კახა გოგოლაშვილი - ივანიშვილი ოფიციალურად კი დაბრუნდა პოლიტიკაში, მაგრამ, ჯერჯერობით არ ჩანს, რა იქნება მისი დღის წესრიგი და სტრატეგია, მათ შორის ივანიშვილს გადაწყვეტილი არ აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში რა გზას დაადგეს

ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ასევე უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების გამოყოფის პრობლემებზე და ამ საკითხზე გამოსავლის სავარაუდო ვერსიებზე, „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, თვეზე მეტი გავიდა, რაც ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ამ მოვლენის პომპეზურად აღნიშვნის შემდეგაც თვეზე ოდნავ მეტი გავიდა. ახალი წლების აღნიშვნის პერიოდიც, როგორც იქნა დასრულდა.

ამ თემაზე ახალ წლამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნებოდა. ახალი წლის შემდეგ კი ითქვა, რომ პარლამენტში სამუშაო ჯგუფები „საჭიროების შემთხვევაში“ შეიქმნებოდა.

თქვენი დაკვირვებით, რა კეთდება ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად? რა უნდა კეთდებოდეს საიმისოდ, რომ წლის ბოლოს ქვეყანას შესრულებული ჰქონდეს ევროპული რეკომენდაციები?

- პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, რომელიც მთავრობისა და მმართველი გუნდის მხრიდან მოდის არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან უნდა შეეცადონ სამუშაო ურთიერთობებში ყოფნას. სხვანაირად, არაფერი გამოვა.

მეორე - სამუშაო ჯგუფები აუცილებლად უნდა შეიქმნას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ სამუშაო ჯგუფებში არა მარტო შევლენ, აქტიურადაც იმუშავებენ. ეს განაცხადა პრაქტიკულად ყველამ „ნაცმოძრაობის“ ჩათვლით. ხელისუფლებამ ეს უნდა გამოიყენოს და შეძლოს ოპოზიციასთან ამ თემებზე თანამშრომლობა.

სწორია, რომ მთავრობას დაევალა ევროკავშირთან დაახლოების გეგმის იმპლემენტაცია. ასეთი გეგმა მთავრობამ შეიმუშავა, ახლა საქმე მის განხორციელებაზეა. უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ექსკლუზიურად. მთავრობამ ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩართოს ექსპერტები, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, ოპოზიცია.

სწორია, რომ მთავრობას დაევალა ევროკავშირთან დაახლოების გეგმის იმპლემენტაცია. ასეთი გეგმა მთავრობამ შეიმუშავა, ახლა საქმე მის განხორციელებაზეა. უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ექსკლუზიურად. მთავრობამ ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩართოს ექსპერტები, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, ოპოზიცია

ჩვენ ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში შექმნილია მონიტორინგის ჯგუფები. მათ აქვთ პროექტები, რომლითაც ისინი დაიწყებენ ამ პროცესის მონიტორინგს. ამ პროცესისთვის საჭიროა დიალოგი ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

ეს დიალოგი უნდა იყოს იმისკენ მიმართული, რომ მაქსიმალურად გახდეს შესაძლებელი არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალის გამოყენება. ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორი მტრებად კი არ უნდა მიიჩნიოს, არამედ პარტნიორებად და მათ ქვეყნის მტრები და მოღალატეები არ უნდა ეძახოს.

ხელისუფლება უნდა შეეცადოს მათი შენიშვნების გათვალისწინებას და რეფორმები ისე უნდა გაატაროს, რომ ყველამ ჩათვალოს, რომ ეს რეფორმები ფორმალურად არ ტარდება და არც იმისთვის, რომ ვიღაცა ვიღაცას უმტკიცებს.

- გაქვთ იმედია, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში პარლამენტში მალე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები და ამ მიმართულებით დაიწყება მუშაობა?

- ძნელი სათქმელია, ჯერჯერობით არ უჩანს ისეთი პირი, რომ პარლამენტი აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის პოლიტიკურ ძალებთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლას.

ჯერჯერობით არ უჩანს ისეთი პირი, რომ პარლამენტი აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის პოლიტიკურ ძალებთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლას

სამწუხაროდ, ეს პერიოდი, როდესაც ჩვენ ვდგავართ იმ აუცილებლობის წინაშე, რომ დავიწყოთ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება და შესაბამისად, გვქონდეს იმის იმედი, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების რეჟიმში გადავა, საპარლამენტო არჩევნების პერიოდს დაემთხვა. არჩევნებისთვის მზადება კი მიდის ნეგატიურ რეჟიმში.

შეხედულებების კონკურენცია მაღალია, მაგრამ ახლა მიდის მუშაობა ერთმანეთის იმიჯის განადგურებაზე. ვითარებაში, როცა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობენ, ვიღაცამ უნდა შესთავაზოს პოლიტიკურ ძალებს იდეებისა და შეხედულებების კონკურენციაში შესვლა. ეს კი პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. ამას კი ჯერ ვერ ვხედავთ.

ვითარებაში, როცა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობენ, ვიღაცამ უნდა შესთავაზოს პოლიტიკურ ძალებს იდეებისა და შეხედულებების კონკურენციაში შესვლა. ეს კი პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. ამას კი ჯერ ვერ ვხედავთ

- ახლა ჩვენ ვიმყოფებით ვითარებაში, როცა ბატონი ივანიშვილი ოფიციალურად დაბრუნდა ქართულ პოლიტიკურ ველზე.

ბევრი თვლის, რომ მისი ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება გადაწყვეტილებების მიმღებ პოლიტიკურ ცენტრებთან იყო შეთანხმებული.

მეტიც, ბევრის მტკიცებით, იგი დაბრუნდა, რომ იყოს პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ასევე იყოს პასუხისმგებელი საშინაო პოლიტიკაში სტაბილურობაზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.

სავარაუდოდ, რა კორექტივებს შეიტანს ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საქმეში?

- თუ ივანიშვილი მოინდომებს, მას, რა თქმა უნდა, შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესრულებაში. მაგრამ, ჯერჯერობით, მე ასე მგონია, ივანიშვილსაც ვერ გადაუწყვეტია მმართველმა გუნდმა რა გზა აირჩიოს. გააგრძელოს ევროკავშირთან ორბანისეული თამაში, თუ გადავიდეს ევროკავშირთან სრული თანამშრომლობის რეჟიმში.

მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ანუ, ჯერჯერობით, ივანიშვილს გადაწყვეტილი არ აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში რა გზას დაადგეს. „ქართულ ოცნებაში“ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მას ამ თემაზე სხვანაირ რჩევებს აძლევენ. არაა გამორიცხული, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით იგი თავად არაა ჩამოყალიბებული.

ჯერჯერობით, ივანიშვილს გადაწყვეტილი არ აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში რა გზას დაადგეს

არის სხვა არგუმენტებიც. ჩინეთთან ურთიერთობების წამოწყება, რუსეთთან თანამშრომლობის რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბებულია, მაგრამ, ახლა არ იციან როგორ მოახდინონ ამის ისე ტრანსფორმაცია, რომ არ ჩაითვალოს რომ საქართველო პრორუსული ქვეყანა გახდა. ეს საკითხები არ არის მოგვარებული.

ივანიშვილი ოფიციალურად კი დაბრუნდა პოლიტიკაში, მაგრამ, ჯერჯერობით არ ჩანს, იგი რა დღის წესრიგითა და სტრატეგიით დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში

ამიტომაცაა, რომ თავად „ქართულ ოცნებაში“ ახლა ვხედავთ გარკვეულ დაბნეულობას. ჯერჯერობით ასე ჩანს.

- როდესაც ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებაზე, მაშინ გარკვეული მინიშნებები გააკეთა ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე, ასევე მმართველ პარტიაში გარკვეულ სხვადასხვა დაჯგუფებებზე და ასე შემდეგ.

ამის გამო, ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მმართველ პარტიაში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები. თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ სახელისუფლებო მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები მოხდება?

- ამ მომენტისთვის არ მაქვს განცდა, რომ მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები მოხდება. თუმცა, ყველა ხედავს ამის აუცილებლობას. ჩემი აზრით, ივანიშვილს ჯერ არა აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ სახელისუფლებო გუნდში საკადრო ცვლილებები განახორციელოს. ივანიშვილი ხედავს საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას, მაგრამ არ იცის, რა შედეგს მიიღებს თუ საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში განახორციელა.

ივანიშვილი ხედავს საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას, მაგრამ არ იცის, რა შედეგს მიიღებს თუ საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში განახორციელა

ახლანდელი ივანიშვილი განსხვავდება თუნდაც 2012 წლის ივანიშვილისგან, ან პოლიტიკაში მეორედ მობრუნების დროინდელი ივანიშვილისგან. გადაწყვეტილებებს იგი ყველა ეტაპზე იღებდა, მაგრამ, ახლა როცა ის მესამედ დაბრუნდა, ის ისეთი ძლიერი ფიგურა აღარაა.

თუმცა, ჯერჯერობით, მგონია, რომ მას ბერკეტები „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ, მას აღარ აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. იმ გუნდმა, რომელიც მან „ქართულ ოცნებაში“ დატოვა, თავის გარშემო მოახერხა ძალიან ბევრი ადამიანის შემოკრება. ახლა ცალსახად ისე აღარაა, რომ ივანიშვილს ერთპიროვნულად შეუძლია მთავრობასა და მმართველ პარტიაში ვინმეს გადაყენება.

იმ გუნდმა, რომელიც მან „ქართულ ოცნებაში“ დატოვა, თავის გარშემო მოახერხა ძალიან ბევრი ადამიანის შემოკრება. ახლა ცალსახად ისე აღარაა, რომ ივანიშვილს ერთპიროვნულად შეუძლია მთავრობასა და მმართველ პარტიაში ვინმეს გადაყენება

შესაძლოა, ღარიბაშვილს მმართველ პარტიაში სრული მხარდაჭერა არ ჰქონდეს, მას მთავრობაში ჰყავს თავისი მინისტრები, მაგრამ, არა მგონია, მას საპარლამენტო უმრავლესობაში ჰყავდეს მხარდამჭერთა ისეთი გუნდი, როგორიც ირაკლი კობახიძეს აქვს. ამიტომ, რომელიმე მათგანის გადაყენება ასე მარტივი არ იქნება.

„ქართული ოცნების“ ძირითადი გუნდი კომფორტულად გრძნობს თავს კობახიძის, მდინარაძისა და კალაძის პატრონაჟის ქვეშ.

- მოდით ისევ ევროპულ თემებს დავუბრუნდეთ. ევროკავშირის მინისტერიალი დასრულდა. ჟოზეფ ბორელმა ამ თემაზე განაცხადა - მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის დრო, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა, მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად“.

მაგრამ, აქ აშკარაა, რომ უნგრეთის პრემიერ ორბანის პრობლემაა. ფაქტია, რომ როტაციის პრინციპით უნგრეთს ახლა უწევს 6 თვით უხელმძღვანელოს ევროკავშირს.

ვხედავთ, რომ ორბანის პოზიციის გამო ყოვნდება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ვიცით, რომ ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ორბანი უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ სურათს, რაც ახლა ევროკავშირში გვაქვს?

- ევროპარლამენტში მოხდა საკითხის ინიციირება, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრი ქმედებების მიღებას. საუბარია ევროკავშირში უნგრეთისათვის ხმის უფლების ჩამორთმევაზე. ამისთვის არსებობს სპეციალური პროცედურა. ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმების მე-7 მუხლში გაწერილია ეს პროცედურა. თუ ევროპარლამენტის წევრების ნახევარზე მეტმა მოითხოვა ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევის პროცედურის დაწყება, მაშინ შეიძლება მოხდეს მისი ინიციირება.

თუ ევროპარლამენტის წევრების ნახევარზე მეტმა მოითხოვა ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევის პროცედურის დაწყება, მაშინ შეიძლება მოხდეს მისი ინიციირება

ეს შეუძლია გააკეთოს ევროკომისიასაც. ევროკომისია გადაწყვეტილებებს ერთხმად იღებს, ამიტომ, ამის გაკეთება ცოტა ძნელი იქნება. მოგეხსენებათ, ევროკომისიაში უნგრეთს ჰყავს თავისი წარმომადგენელი. ამიტომ, ძნელად წარმოსადგენია, რომ ის ხმას მისცემს იმას, რომ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირში ხმის უფლება ჩამოერთვას.

ევროკავშირის ქვეყნების 1/3-ს შეუძლია მოახდინოს უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევის ინიციირება. მაგრამ, შემდეგ გადაწყვეტილების მიღებაზე კიდევ სხვა პროცედურაა. თუ ევროკავშირის ქვეყნების 4/5-მა დაუჭირა მხარი ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევას, მაშინ ეს შეიძლება განხორციელდეს. ოღონდ ევროპარლამენტმა ამ საკითხზე 2/3-ით უყაროს კენჭი.

ევროკავშირის ქვეყნების 1/3-ს შეუძლია მოახდინოს უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევის ინიციირება. მაგრამ, შემდეგ გადაწყვეტილების მიღებაზე კიდევ სხვა პროცედურაა. თუ ევროკავშირის ქვეყნების 4/5-მა დაუჭირა მხარი ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევას, მაშინ ეს შეიძლება განხორციელდეს. ოღონდ ევროპარლამენტმა ამ საკითხზე 2/3-ით უყაროს კენჭი

ძალიან რთული პროცედურაა, მაგრამ, შესაძლებელია რომ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევაზე. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ევროპის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრა.

- რა უფლებები აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით იქნება

- ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნობა არ ნიშნავს იმას, რომ ის ევროკავშირს სრულად ხელმძღვანელობს.

თავმჯდომარე ქვეყანა აორგანიზებს შეხვედრებს, დღის წესრიგი მასთან თანხმდება, მაგრამ, თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს ისეთი კომპეტენციები, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს ამა თუ იმ საკითხზე ევროკავშირის პოზიციები. თუმცა, ამავე საკითხებზე მას გავლენის მოხდენა შეუძლია.

- ურსულა ფონ დერ ლაინმა თქმა, რომ უკრაინა ყველა შემთხვევაში მიიღებს ევროკავშირის ქვეყნებისგან დახმარებას. ეს როგორ შეიძლება მოხდეს?

- ევროკავშირის ქვეყნები ცალ-ცალკე მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინასთან თანამშრომლობის ფარგლებში დაეხმარონ უკრაინას. ამგვარი გადაწყვეტილების ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანასთან შეთანხმება არაა საჭირო.

ალბათობა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაეხმარებიან საკმაოდ მაღალია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ორბანს არა ერთხელ გამოუჩენია მოქნილობა, როცა ის ხედავს რეალურ საფრთხეს. ორბანისთვის დიდ საფრთხე იქნება, თუ უნგრეთს ხმის უფლება ჩამოერთვა. ასეთ შემთხვევაში ის უნგრეთშიც დაკარგავს მხარდაჭერას და ამას შეიძლება შეეწიროს მისი პოლიტიკური კარიერა.

ალბათ, ორბანი გააგრძელებს ევროკავშირზე ზეწოლას უნგრეთისათვის შეჩერებული თანხების მისაღებად. თუმცა, არ გამოვრიცხავ ორბანს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდეს აღებული პუტინთან და შესაძლოა, ამ ვალდებულებების გამო გააგრძელოს ევროკავშირთან რუსეთის სასარგებლოდ ვაჭრობა

რადგანაც, ორბანი „პოლიტიკური ცხოველია“ და ხშირად იჩენს ხოლმე მოქნილობას, არაა გამორიცხული მან უკან დაიხიოს. იგი ახლა შეეცდება კიდევ რაღაც სარგებელი ნახოს. ამ საკითხზე ვაჭრობით მან უკვე მიიღო სარგებელი, აღდგენილია უნგრეთისათვის დაყადაღებული თანხები. 10 მილიარდი ევრო უნგრეთმა ევროკავშირისგან უკვე მიიღო. თუ სწორად მახსოვს უნგრეთს სულ შეუჩერეს 22 მილიარდის მიღება.

ალბათ, ორბანი გააგრძელებს ევროკავშირზე ზეწოლას უნგრეთისათვის შეჩერებული თანხების მისაღებად. თუმცა, არ გამოვრიცხავ ორბანს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდეს აღებული პუტინთან და შესაძლოა, ამ ვალდებულებების გამო გააგრძელოს ევროკავშირთან რუსეთის სასარგებლოდ ვაჭრობა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო