თაკო ჩარკვიანს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამოუკიდებელი პროცესი შექმნას, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ბულკებზე“ გაზრდილი საბა ბუაძის, "მუსტანგზე" ამხედრებული ხაზარაძისა და ივანიშვილის გახარიას იმედად ვინც არის დარჩენილი, ან პოლიტიკურად ბეცია, ან “ნეტარი”.
როგორც ბობოხიძე, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, თაკო ჩარკვიანი „ბინძური ჭორების მოგონებაზე“ უკან არ იხევს.
„30%-იანი პარტიის ლევან ხაბეიშვილის აღფრთოვანებული პარტნიორია და დაელაპარაკოს ბატონ ლევანს. სრულიად საკმარისი მხარდაჭერა აქვს თაკო ჩარკვიანს ლევან ხაბეიშვილთან და გუბაზ სანიკიძესთან იმისთვის, რომ კარვები დაყარონ. ასე მატროსოვივით „მკერდის გადაღეღვა“ არ „მოსულა“. თუ თაკო ჩარკვიანი ლევან ხაბეიშვილით აღფრთოვანებულია, ელაპარაკოს ხაბეიშვილს. საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ ცალკე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამოუკიდებელი პროცესი შექმნას, მიუხედავ იმისა თუ რას იზამს "ბულკებზე" გაზრდილი საბა ბუაძე. ოღონდ, თაკო ჩარკვიანი ჩემთვის არის ქალი, რომელიც ბინძური ჭორების მოგონებაზე უკან არ იხევს“, - განაცხადა ბობოხიძემ.
მისივე მოსაზრებით, მართლა რომ უნდოდეს ქუჩაში გამოსვლა, თავის 500 000 მხარდამჭერს გამოიყვანდა.
„სანამ სხვას რამეს შესთავაზებს, სრულიად საკმარის ძალა აქვს იმისთვის, რომ დამოუკიდებლად იმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. 500 ათასი მხარდამჭერი ჰყავთ და ვის უყურებენ? ვის ელოდებიან? ჩვეულებრივი პოპულისტი მატყუარაა. მართლა რომ უნდოდეს ქუჩაში გამოსვლა, ჰყავს მომხრეები და გამოიყვანდა“, - განაცხადა ბობოხიძემ.
კითხვაზე, თუ ქუჩაში გასვლა არ უნდა, რისთვის გამოაქვეყნა განცხადება, ბობოხიძე პასუხობს, რომ „იმისთვის, რომ სხვისკენ გაიშვიროს თითი“.
„იმიტომ, რომ საბა ბუაძეს და მამუკა ხაზარაძეს დააბრალოს, რომ ქუჩაში არ არის ლეიბები. მამუკა ხაზარაძეს თავისი ხარვეზები და ცოდვები აქვს. ჩემი გაგებით, ხაზარაძის პოზიციები ევროპულ-მემარჯვენე პოზიციებთან ახლოსაც არ მოდის“, - განაცხადა ბობოხიძემ.