გიგი წერეთელი -  POLITICO-ს მიერ აღწერილი მძიმე რეალობიდან ერთადერთი გამოსავალი შემდეგ არჩევნებზე სახელისუფლებო ცვლილებებია

POLITICO-ს მიერ აღწერილი მძიმე რეალობიდან ერთადერთი გამოსავალი შემდეგ არჩევნებზე სახელისუფლებო ცვლილებებია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც POLITICO-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, სტატიაში არსებულ ძალიან ნეგატიურ და სამწუხარო შეფასებებს საფუძვლად საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები უდევს, რომელიც დღესაც გრძელდება.

„ესენია: ე.წ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა, რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული ქმედება გახლდათ, ასევე ძალიან სერიოზული ანტიდასავლური კამპანია, უკრაინის მიმართ არსებული დამოკიდებულება და სხვა ბევრი რამ.

მათ შორის, ყველაზე პუტინისტური ხაზია ქვეყანაში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრება. ამ ყველაფრიდან ერთადერთი საშველი და გამოსავალი შემდეგ არჩევნებზე სახელისუფლებო ცვლილებებია,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ცნობისთვის, POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება“ წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, უკრაინასთან ვლადიმერ პუტინის ომი ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს ყოფს - ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას.

POLITICO აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 ინდექსის თანახმად, საქართველომ ასევე განიცადა მნიშვნელოვანი შემცირება დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და პოლიტიკური კონვერგენციის სფეროში - რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას.

POLITICO ასევე წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, მოლდოვა და უკრაინა სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც ბრიუსელი გაწევრიანების გზის გასაგრძელებლად მათგან მოელის, მაშინ, როცა საქართველო ამ გზას ნელ-ნელა შორდება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს