ჩვენ რომელიმე ქვეყანას კი არ ვეჯიბრებით, ჩვენ ვიღებთ ობიექტურ ინდიკატორებს - როგორ შეიძლება ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში შედარებები ვაკეთოთ, აღარ ვსაუბრობ მოლდოვაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სხვა არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს ერთგვარი ანკესი მიეცეთ იმაზე სალაპარაკოდ, თუ როგორ დაიხია ქვეყანამ უკან კონკრეტული მიმართულებებით, რაც არის ნონსენსი. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, საქართველოს პროგრესი ყველა მიმართულებით აქვს.
„ჩვენთან ობიექტურად გაზომვადია შესაბამის ინდიკატორებზე დაყრდნობით, დემოკრატიის ხარისხიც, გამჭვირვალობის შემადგენელი კომპონენტი, მედიის თავისუფლების ხარისხი, კორუფციისაგან თავისუფლების ხარისხი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინდიკატორები და ბევრი რამ, ამიტომ ჩვენ რომელიმე ქვეყანას კი არ ვედრებით, ჩვენ ვიღებთ ობიექტურ ინდიკატორებს, რომლებიც უნდა აიღონ ობიექტურმა სტრუქტურებმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მათ უნდა შეაფასონ. ასეთი არაერთი შეფასება მომხდარა. საქართველოზე გაკეთებული ასეთი კვლევაა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, არის მოწინავე ქვეყანა რეგიონში, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის არაერთ ქვეყანას კონკრეტულ მიმართულებებში. ყველაფერი არის ობიექტურად გაზომვადი. ჩვენ არც ვეჯიბრებით, მით უმეტეს, ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში როგორ შეიძლება შედარებები ვაკეთოთ, აღარ ვსაუბრობ მოლდოვაზე. შესაბამისად, ვინც ეს დაგეგმა ემსახურება ერთ კონკრეტულ გეგმას, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს ჰქონდეთ რაღაც ხელჩასაჭიდი, რომ მათი პარტიული ტელევიზიების წინ დადგნენ და ეცადონ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო კამპანიის წარმოებას. სხვა არაფერს ემსახურება ეს თუ არა იმას, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს მიეცეთ ერთგვარი ანკესი კონკრეტულ თემებზე სალაპარაკოდ, რომ ამ ანკესს წამოეგოს მერე მათივე ტელევიზიების წარმომადგენლობა და მათ შეძლონ საკითხების გაშუქება, თურმე როგორ დაიხია უკან ქვეყანამ კონკრეტული მიმართულებებით, რაც არის ნონსენსი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, მესამეზე კი, საქართველოა. დოკუმენტშია აღნიშნულია, რომ პირველი ორი ადგილი ადასტურებს მოლდოვა-უკრაინის მიღწევებს ევროკავშირის რეფორმების კუთხით მიზნების მისაღწევად.