სახელმწიფოს შეთავაზებები რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ თითქოს მომხიბლავია, მაგრამ ძალიან ბევრ კითხვას ბადებს , - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების გამგემ, ნინო ოთარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კლინიკის შენობის დემონტაჟის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, არსებობს უნდობლობაც, რადგან მოლაპარაკებების დროს მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები, რამდენჯერმე დაირღვა.
„ის შეთავაზებები, რომლებიც არის, გარედან თითქოს მომხიბლავია, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. გვეუბნებიან, რომ თუ სამსახური არ გაქვს რესპუბლიკური კლინიკის გარეთ, ამ შემთხვევაში მიიღებთ 12 - თვიან, ხელფასის ოდენობის კომპენსაციას, მაგრამ თუ გაქვთ მეორე სამსახური, მაშინ 4-თვიან კომპენსაციას. ექიმების 80%-ს 2 სამსახური აქვს და ეს ორივე სამსახური დაკავშირებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. არიან პროფესორები, რომლებიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახორციელებენ სასწავლო პროცესს, სტუდენტების პრაქტიკულ საქმიანობას.
როდესაც კლინიკა დაიხურება და მე, როგორც პრაქტიკოსი მედიკოსი ვწყვეტ საქმიანობას, ამავდროულად, მექანიკურად უქმდება მეორე სამსახური, ვინაიდან, მე არ მაქვს ბაზა, რომელთანაც ჩემს ინსტიტუტს მემორანდუმი აქვს დადებული სტუდენტების სწავლის შესახებ, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია. ორივე სამსახურს ვტოვებ და არანაირი ალტერნატიული მეორე სამსახური აღარ მრჩება.
ასევე, ბუნდოვანია ასეთი შეთავაზება, რომ „დაგასაქმეთ ტოლფასი სამსახურით“, სად, როდის, რა პირობებით, რომელ კლინიკაში? ამას ასე ბრმად უნდა დავთანხმდეთ?“,- განაცხადა ნინო ოთარაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ჩაინიშნება შეხვედრა, სადაც კითხვებზე პასუხს გასცემენ. „იმედი გვაქვს, რომ ერთი შეხვედრა იქნება, სადაც ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემენ“,- აღნიშნავს ის.
მისივე შეფასებით, პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ რესპუბლიკური კლინიკის დემონტაჟის შემთხვევაში, კლინიკის ყველა თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება.
„პრობლემა არის იმაში, რომ რესპუბლიკური კლინიკის დანგრევის შემთხვევაში, კლინიკის ყველა თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება. კლინიკა წყვეტს მუშაობას. არა მარტო სამედიცინო საქმიანობა წყდება, არამედ აკადემიური სასწავლო პროცესიც, ვინაიდან, ეს კლინიკა არის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაც და რაც ყველაზე მთავარია, ბუნდოვანი რამდენხნიანი პერსპექტივით. ლოგიკურ კითხვაზე არ გვაქვს პასუხი - როდესაც ეზო ასეთი დიდია, რატომ გახდა საჭირო ამხელა შენობის დანგრევის და ზუსტად მის ადგილას ახალი კლინიკის აშენების? ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. არსებული შენობის გამოყენება შეიძლება თუ მისი მზიდი კონსტრუქციები არის მყარი, რატომ ვანგრევთ ამ შენობას? მისი გამოყენება ძალიან ბევრი ფუნქციით და დატვირთვით შეიძლება.
იყო მეორე ალტერნატივა, თუ გვინდა მაინცდამაინც დანგრევა, მაშინ მოგვეცით ალტერნატიული ფართი. ამის პრეცედენტებიც იყო. მაგალითად, წმინდა მიქაელის კლინიკა, ტრავმატოლოგიური კლინიკა, აგრეთვე ინფექციური საავადმყოფო, რომლებიც სხვა შენობებში გადაჰყავთ. მსგავსი დაპირება ამაზე არ იყო, განხილვაც კი არ ყოფილა“,- განაცხადა ნინო ოთარაშვილმა.