მედია - „ილ-76“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამართული გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა

ბელგოროდის ოლქში „ილ-76“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

„ყველა ინფორმაცია, რაც დღეს გვაქვს, აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ, განზრახ დანაშაულთან“, - განაცხადა გაერო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ შეხვედრაზე.

მისი მტკიცებით, უკრაინა მზადაა, დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გულისთვის, საკუთარი მოქალაქეები მსხვერპლად შესწიროს.

თავის მხრივ, გაერო-ში უკრაინის წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტინა გაიოვიშინმა განაცხადა, რომ უკრაინა არ იყო ინფორმირებული ტყვეების გადასაყვანად გამოყენებული ტრანსპორტის ტიპის შესახებ. „მხოლოდ ეს შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის მიზანმიმართულ ქმედებებზე, საფრთხე შეუქმნას ტყვეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას“, - აღნიშნა კრისტინა გაიოვიშინმა.

„თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, ეს იქნება რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ეს იქნება იარაღის ტრანსპორტირების დასაფარად რუსეთის მიერ ჰაერში ცოცხალი ფარის გამოყენების პირველი შემთხვევა“, - აღნიშნა უკრაინის წარმომადგენელმა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თვითმფრინავი არასოდეს ჩამოვარდებოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გარეშე.

„რუსეთს არაერთხელ უცდია, ამ უაზრო და არაპროვოცირებული ომის ტრაგედიებზე პასუხისმგებლობა სხვებისთვის დაეკისრებინა და წარმოეჩინა, თითქოს ის იყო მსხვერპლი და არა აგრესორი“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, რობერტ ვუდმა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც რუსეთის მოთხოვნით გაიმართა, „ილ-76“-ის ჩამოვარდნის მიზეზებზე გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი