ლევან ბეჟაშვილი - შეშფოთებული ვართ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიისგან საერთაშორისო პარტნიორებზე მუდმივი თავდასხმებით - მოვუწოდებ ევროპის საბჭოს, გადაჭრას ჟურნალისტების წინაშე მდგარი გამოწვევები

მოვუწოდებ ევროპის საბჭოს, ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში არსებულ ვითარებას და გადაჭრას ჟურნალისტების წინაშე მდგარი გამოწვევები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, მედიასაშუალებებზე ფინანსურმა ზეწოლამ გამოიწვია მედიის კონცენტრაცია, რაც ზღუდავს აზრებისა და იდეების მრავალფეროვნებას.

„თავისუფალი მედია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ეს დისკუსია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უფრო ფართო პრინციპებისთვის, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს საერთო ერთგულებას დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ.

საქართველოში ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მათი ფიზიკური უსაფრთხოება. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს ნება დაისაჯოს ძალადობის ორგანიზატორები, პირველ რიგში, 2021 წლის 5 ივლისის მასიური თავდასხმების ორგანიზატორები ჟურნალისტებზე, რომლებმაც ფიზიკური ზიანი მიაყენეს 53 ჟურნალისტს და სამწუხაროდ, „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც თბილისის ცენტრში სასტიკად ცემის შედეგად, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

შეშფოთებული ვართ საქართველოში ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებითა და მუდმივი თავდასხმებით, რაც არა მხოლოდ ძირს უთხრის დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს, არამედ აზიანებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. პრობლემაა სოციალური მედიაც - Facebook-მა დახურა ასობით ყალბი ანგარიში და გვერდი, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს მთავრობასთან და მმართველ პარტიასთან და გამოიყენებოდა ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ და ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას.

უფრო მეტიც, ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციური მედიის მენეჯერებისა და მფლობელების წინააღმდეგ. ბევრი ჟურნალისტი საუბრობს ცენზურის, მთავრობის ჩარევისა და სამართლებრივი ქმედებების შესახებ, რომლებიც შექმნილია საგამოძიებო ჟურნალისტიკის გასაჩუმებლად. გარდა ამისა, მედია საშუალებებზე ფინანსურმა ზეწოლამ გამოიწვია მედიის კონცენტრაცია, რაც ზღუდავს აზრებისა და იდეების მრავალფეროვნებას.

დასასრულს, მოვუწოდებ ევროპის საბჭოს, ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში არსებულ ვითარებას და გადაჭრას ჟურნალისტების წინაშე მდგარი გამოწვევები. ჩვენ უნდა შევქმნათ და აღვასრულოთ ისეთი კანონები, რომლებიც დაიცავს მედიის თავისუფლებას და მტკიცედ შეეწინააღმდეგება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ჟურნალისტების მიმართ მიმართულ ყოველგვარ დაშინებას ან შევიწროებას.” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს