მიუხედავად იმისა, რომ დეპოლარიზაციის საკითხზე მომხსენებელი კობახიძე იყო, ჯერჯერობით ძალიან წყნარად მიდის საუბარი - გენიალური და განსაკუთრებული იდეები არ ისმის, მაგრამ რომ ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ, კარგია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელიც ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობს.
ელისაშვილის თქმით, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პარალელურად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტი, ის რეკომენდაციებია, რომელიც მანამდე გაწერილი 12 რეკომენდაციიდან ხელისუფლებამ არ შეასრულა. როგორც ის აღნიშნავს, ახლა საჭიროა, განისაზღვროს, რა როლი აქვს პარლამენტს, რომ დეკემბრამდე ვალდებულებები შესრულდეს და ქვეყანა მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეს.
"12 რეკომენდაცია გვქონდა და აქედან 3 შესრულდა, 9 - არა. შესაბამისად, ევროკავშირმა გვითხრა, რომ 2024 წლის დეკემბერში მოხდება განხილვა, გაიხსნება თუ არა მოლაპარაკებები წევრობასთან დაკავშირებით და დეკემბრამდე საქართველოს ხელისუფლებამ ის დარჩენილი 9 პუნქტი უნდა შეასრულოს. ამაზეა საუბარი, რა უნდა გააკეთოს მათ შორის, პარლამენტმა; რა როლი აქვს მას, მათ შორის, ოპოზიციასაც. მიუხედავად იმისა, რომ დეპოლარიზაციის საკითხზე მომხსენებელი იყო კობახიძე, ძალიან წყნარად მიდის საუბარი და მსჯელობა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. რომ გითხრათ, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით გენიალური და განსაკუთრებული იდეები ისმის - არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რომ ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ, კარგია. მეც არ მგონია გენიალური იდეები, რადგან მიმაჩნია, რომ დეპოლარიზაციის შემცირებაზე ლაპარაკი არ არის სერიოზული, რადგან არ მჯერა, რომ საარჩევნო წელს დეპოლარიზაცია რამენაირად შემცირდება. თუმცა, არის სხვა საკითხებიც. ცოტა ხანში დაიწყება საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა და მთელი დღე ვიმსჯელებთ ამ 9 პუნქტზე,"- განაცხადა ელისაშვილმა.