საყოველთაო აღწერის ფარგლებში, მოსახლეობის რაოდენობის გარდა, შინამეურნეობის, მათ შორის ვაზის ჯიშების, მიწის ნაკვეთების ტიპების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ფრინველის სულადობის აღრიცხვაც მოხდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე განმარტავს, ვინ და რა აღიწერება 2024 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის ფარგლებში.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, აღწერას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად [12 და მეტი თვის განმავლობაში] მცხოვრები ყველა პირი, ამასთან, გამოიყოფა დროებითი მცხოვრები და დროებით არმყოფი მოქალაქეების კატეგორიებიც.

„ზოგადად, აღწერას საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ყველა პირი ექვემდებარება, თუმცა მოსახლეობის კატეგორიებიც არის, მათ შორის დროებითი მცხოვრები და დროებით არმყოფი. ისინიც გათვალისწინებულები იქნებიან. თუმცა იმისთვის, რომ მოსახლეობის შესახებ გავიგოთ, ამისთვის საჭიროა მუდმივად მცხოვრების სტატუსი. მუდმივად მცხოვრებად ითვლება პირი, რომელიც მოცემულ დასახლებულ პუნქტში 12 და მეტი თვის განმავლობაში ცხოვრობს“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე თქმით, აღწერა 3 კითხვარის მიხედვით ჩატარდება, რომელთაგან ერთი შინამეურნეობის, ოჯახურ კავშირებისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ ინფორმაციას ასახავს; მეორე თითოეული მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს მოიცავს; მესამე კი დეტალურად აღწერს სოფლის მეურნეობას.

„აღწერა გვაძლევს დეტალურ ინფორმაციას არა ქვეყნის, არამედ ცალკეული რეგიონის, რაიონის, დასახლებული პუნქტის და სოფლის დონეზე მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ. მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგია 3 კითხვარისგან შედგება. პირველი - ეს გახლავთ კითხვარი, რომელიც შინამეურნეობის, ოჯახის წევრთა რაოდენობას და მათ ოჯახურ ურთიერთკავშირს ასახავს. აქვე არის ინფორმაცია მოსახლეობის საბინაო პირობების შესახებ, მაგალითად, რა ტიპის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს, რომელ წელს აშენდა, რა მასალითაა აშენებული. არის თუ არა მოწყობილი სხვადასხვა კეთილმოწყობის პირობებით - ელექტროენერგიით, სასმელი წყლით, კანალიზაციის სისტემით და ა.შ. გარდა ამისა, პერსონალური კითხვარი ივსება თითოეულ მოქალაქეზე. მასში არის ინფორმაცია მისამართის, დაბადების წლის, ასაკის, მოქალაქეობის, ეროვნების, აღმსარებლობის, განათლების დონის, ეკონომიკური აქტივობის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. მესამე კითხვარით კი გამოიკითხებიან ის პირები, ვინც გარკვეული მოცულობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს და სოფლის მეურნეობის სამუშაოებს ახორციელებს. ეს არის სოფლის მეურნეობის აღწერის კითხვარი, სადაც წარმოდგენილია ნაკვეთის ტიპი, ნაკვეთის მოცულობა, რა დანიშნულებით იყენებს აღნიშნული პიროვნება ამ ნაკვეთს, როგორია მის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის და ფრინველის სულადობა, რა ტიპის მრავალწლიან ნარგავებს ფლობს; რამდენი და რა დასახელების ვაზის ჯიშები აქვს გაშენებული ნაკვეთზე და ა.შ. ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ სრულყოფილი, სრულფასოვანი ინფორმაცია მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის შესახებ მაქსიმალურად მცირე ზომის დასახლებული ერთეულების მიხედვით“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

რაც შეეხება იმას, რა რესურსები დაიხარჯება საყოველთაო აღწერის პროცესში, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ უშუალოდ აღწერის სამუშაოებში დაახლოებით 12 ათასი ინტერვიუერი დასაქმდება, საყოველთაო აღწერის რამდენიმეწლიანი პროცესის ბიუჯეტი კი 28-29 მილიონ ლარია.

„მოსამზადებელ სამუშაოებში 2-3 ათასი ადამიანი იყო ჩართული, თუმცა აღწერის ძირითად სამუშაოში, დაახლოებით 12 ათასი ინტერვიუერის დასაქმება იგეგმება. წინა აღწერაშიც დაახლოებით ანალოგიური რაოდენობა იყო ადამიანების ჩართულობის თვალსაზრისით. რაც შეეხება ბიუჯეტს, წინა აღწერა, რამდენადაც მახსოვს, დაახლოებით 15 მლნ ლარის ფარგლებში იყო. მიმდინარე წლის აღწერა მთლიანად, რამდენიმეწლიანი მოსამზადებელი პერიოდის და მონაცემების გამოქვეყნების ჩათვლით, 28-29 მილიონ ლარს მოიცავს. ძირითადად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა დონორთა კონტრიბუციაც აღსანიშნავია. მაგალითად 2014 წელს, დაახლოებით 80% იყო ბიუჯეტის კონტრიბუცია და 20% მოდიოდა დონორებზე, როგორიცაა მაგალითად შვედეთის განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და გაეროს მოსახლეობის ფონდი“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს